გადაწყვეტილება №24392/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 24.12.2024
№ დოკუმენტი 24392/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24392/2/2024

24 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 3.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24392/2/2024).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №083-46 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №------- ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 294 006 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 187 564

დღგ - 94 711

მოგების გადასახადი - 92 853

ჯარიმა - 93 782

საურავი - 12 660

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2022 წლის №29031 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზეც შემოწმდა 6.05.2022 წლის №11511 ბრძანებით ჩატარებული ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 26.12.2022 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 28.12.2022 წლის №33241 ბრძანება და ამავე თარიღის №083-46 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.07.2023 წლის №------- ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

შემოსავლების სამსახურის 6.12.2024 წლის №114132-21-04 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №------- ბრძანება გადამხდელს გაეგზავნა წერილობითი ფორმით ამავე დღეს და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საფოსტო გზავნილზე დაბრუნების მიზეზი მითითებულია შემდეგი, „გაკითხვით ვერ მოიძებნა“. გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 13.07.2023 წლის №------- ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე 31.08.2023 წელს.

მომჩივანს სადავო აქტების გამოქვეყნება არ მიაჩნია მართებულად და განმარტავს, რომ არ მიეცა საშუალება დასწრებოდა საგადასახადო დავას და მისთვის არ იყო ცნობილი შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №------- ბრძანების საჯაროდ გავრცელების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაუკავშირდა. მიაჩნია, რომ ბრძანების საჯაროდ გავრცელება არის უკანონო, ვინაიდან, პირველ რიგში უნდა იქნეს დაკმაყოფილებული დოკუმენტის 2-ჯერ გაგზავნის ვალდებულება, ფიზიკური პირის შემთხვევაში დოკუმენტი უნდა იქნეს გაგზავნილი საცხოვრებელ ადგილზე ან მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს. აპელირებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, 21 , მე-6 და მე-10 ნაწილებზე. იმისთვის რომ მოხდეს დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედი რედაქცია აღარ ითვალისწინებს იურიდიული პირისთვის დოკუმენტის საფოსტო დაწესებულების მეშვეობით ორჯერ გაგზავნას. აღნიშნული ნორმა საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლებას ანიჭებს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ბრძანებას გაეცნო 2.12.2024 წელს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე, მისი გასაჩივრების ვადა არ არის ამოწურული. ითხოვს, მიეცეს საშუალება არსებითად იდავოს დარიცხვის კანონიერებაზე, რომ მოხდეს დარიცხული თანხების შემცირება.

ამგვარად, ვინაიდან პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გასაჩივრებული დოკუმენტის მომჩივნისთვის გამოქვეყნების გზით ჩაბარების (20.09.2023 წელი) და არა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის მომენტიდან (2.12.2024 წელი).

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №------- ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 10.10.2023 წელი. საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 3.12.2024 წელს (ფოსტაში წარდგენის თარიღი), გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

ამგვარად, ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №------- ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის საფუძველზეც შემოწმდა ს.მ.ფ.-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.07.2023 წლის №16938 ბრძანებით საჩივარი, რომელიც გადამხდელს გაეგზავნა წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16938 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე)