ბრძანება N 29841
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 29841
01/10/2020
შპს ---------------- ს
(მის.: --------------)
2020 წლის 21 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია შპს -------- ს 2020 წლის 21 სექტემბრის №53535/1/2020 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 02 სექტემბრის №261-22 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ შემოწმების აქტით 5000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე 1000 ლარის თანხის დარიცხვა ხდება მეორეჯერ, ვინაიდან ლიცენზიებით გათვალისწინებულ ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე 10 000 კუბურ მეტრზე ერთხელ დადეკლარირებული და გადახდილი აქვს დროულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს 2017 წელზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ივნისის №15230 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს -------- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზე 2020 წლის 20 აგვიტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველი მაისის საანგარიშო პერიოდი. გამოიცა 2020 წლის 01 სექტემბრის №25895 ბრძანება და 2020 წლის 02 სექტემბრის №261-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 382 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 250 ლარი, ჯარიმა 1 125 ლარი და საურავი 1 007 ლარი.
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქვიშა-ხრეშის მოპოვება და რეალიზაცია.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს ლიცენზია №-------- ფარგლებში 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს კანონის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, მე-6 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადი უნდა გადაეხადა ბუნებრივი რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, 5000/5000 კუბური მეტრის ოდენობიდან. გადამხდელს აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულება შესრულებული სრულად არ არის, კერძოდ 2017 წლის ოქტომბრის თვეში წარდგენილია ნულოვანი დეკლარაცია, ნაცვლად გეგმით გათვლისწინებული მინიმალური 5000 კუბური მეტრის ოდენობისა. ლიცენზია №-------- გადამხდელს გაყიდული აქვს 2018 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში. (აღნიშნული ლიცენზიის რეალიზაცია გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილია დამატებული ღირებულების გადასახადით).
გადასახადის გადამხდელს 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში უნდა გადაეხადა გადასახადი 5000 კუბური მეტრიდან შესაბამისი განაკვეთით, ხოლო 2018 წლის მაისის პერიოდში 6250 კუბური მეტრიდან (რეალიზაციამდე პროპორციულ საანგარიშო პერიოდის მიხედვით).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოსკანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია:
ა) პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება:
ა) სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, ქვიშ-ხრეში - 0,2 ლარი.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს გადასახადი უნდა გადაეხადა ბუნებრივი რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, 5000/5000 კუბური მეტრის ოდენობიდან. გადამხდელს აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულება შესრულებული სრულად არ არის, კერძოდ 2017 წლის ოქტომბრის თვეში წარდგენილია ნულოვანი დეკლარაცია, ნაცვლად გეგმით გათვლისწინებული მინიმალური 5000 კუბური მეტრის ოდენობისა. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს ----- უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 02 სექტემბრის №261-22 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- 2020 წლის 21 სექტემბრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს ----- გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 02 სექტემბრის №261-22 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს 2017 წელზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელს 2017 წლის საანგარიშო პერიოდში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსაკრებელი უნდა გადაეხადა ბუნებრივი რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად. გადამხდელის მიერ ლიცენზიის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულება შესრულებული სრულად არ არის, ლიცენზია გადამხდელს გაყიდული აქვს 2018 წლის მაისის თვეში.
შემოწმების შედეგად გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და სსკ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება