ბრძანება N 8365

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.03.2020
№ დოკუმენტი 8365
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8365

19/03/2020

ი/მ ----- ს

წარმომადგენლის ------- ს

(მის: ქ. ------- )

2020 წლის 28 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----- ს წარმომადგენლის ----- ს №17010/01 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება და ითხოვს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2019 წლის 25 დეკემბრის №036-493 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმებას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი N14).

ფაქტების აღწერა:

ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ ი/მ ----- ს 2019 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება - გადასახადის სახით 972.87 ლარი, საურავი 1230.4 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ი/მ -----ს მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2019 წლის 25 დეკემბრის №036-493 ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს საფოსტო გზავნილის მეშვეობით ჩაბარდა 2020 წლის 20 იანვარს.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2020 წლის 24 იანვრის №2019/036-493/1 აქტი, რომლის მიხედვითაც აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონება.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელის წარმომადგენელი საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მარწმუნებელს 2020 წლის 20 იანვარს ჩაბარდა ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №036-493 ბრძანება, რომელსაც არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ არის უსაფუძვლო და გაუგებარი, ვინაიდან მისი მარწმუნებლისათვის არანაირი ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა და ასევე, არ ყოფილა შეტყობინება ვალდებულების შესახებ. მის მარწმუნებელს არ გააჩნია არანაირი ვალდებულება შემოსავლების სამსახურის მიმართ და ასევე მისი მარწმუნებელი 2009 წლიდან არ ეწევა არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მისთვის გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია მისი მარწმუნებლის ქონების დაყადაღება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასევე, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება 241-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ - ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დეკლარირებული თანხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ითვლება აღიარებულ დავალინებად, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული 2019 წლის 25 დეკემბრის №036-493 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების საფუძვლები.

ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელის არ ეთანხმება ანალიტიკური დეპარტამენტის ბრძანებას და ქონებაზე ყადაღის გავრცელებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ გადამხდელს ერიცხებოდა დავალიანება- ძირითდი გადასახადის სახით 972.87 ლარი, საურავი 1230.4 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 241-ე მუხლის საფუძველზე, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლის მიხედვითაც აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დეკლარირებული თანხები, რომლებიც სსკ-ს მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ითვლება აღიარებულ დავალინებად, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ სსკ-ს 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიმართ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმების საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(5); 238(1); 241(1)