გადაწყვეტილება №19249/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.08.2023
№ დოკუმენტი 19249/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19249/2/2023

07.08. 2023

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------ი“ 28.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19249/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელი და მისი ოჯახის წევრები) გადაცემული ფართების საბაზრო ფასით მიწოდებად ჩათვლა;

2. ბინების რეალიზაციის დაბეგვრა საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღში;

3. საწარმოს დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე წილის სანაცვლოდ ქონების მიწოდება;

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №007-332 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 481 013 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 226 313

დღგ - 124 974

მოგების გადასახადი - 97 545

საშემოსავლო გადასახადი - 3 794

ჯარიმა - 142 955

საურავი - 111 745

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ბინების მშენებლობა, შესამოწმებელ პერიოდში აშენებული აქვს ერთი საცხოვრებელი კორპუსი ქ. თბილისში, --------------------- (ს/კ -------------------).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 1.12.2022 წლის №30222 ბრძანება და 2.12.2022 წლის 007- 332 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ტერასის საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ქონების (ტერასის) საბაზრო ღირებულება. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელი და მისი ოჯახის წევრები) გადაცემული ფართების საბაზრო ფასით მიწოდებად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიამ ორი საცხოვრებელი ბინის და ერთი კომერციული ფართის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელზე და მისი ოჯახის წევრებზე) საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. გადამხდელის განმარტებით, საცხოვრებელი ფართის ძირითადი ნაწილი კერძოდ 417 კვ.მ ბინებიდან 277 კვ.მ არის ტერასა. შემოწმების მიერ აღნიშნულ ბინებზე მხოლოდ საცხოვრებელ ფართზე გავრცელდა საბაზრო ფასი (ამავე კორპუსში სხვა ბინების საშუალო ფასი) და ტერასის ფასი დარჩა უცვლელი. ხოლო რაც შეეხება კომერციულ ფართს, აღნიშნულზე გავრცელდა ამავე კორპუსში კორმერციული ფართების საშუალო ფასი. შემოწმებისას მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლისა და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაბეგრილ იქნა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით. საწარმოს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2 და მე-11 ნაწილებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით, 96-ე მუხლით ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ტერასის საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ქონების (ტერასის) საბაზრო ღირებულება. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საბაზრო ფასის გაანგარიშებას და აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესში ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფართებსა და საჯარო რეესტრში გადაცემულ ფართებს შორის არის სხვაობა, რამაც გამოიწვია რეალიზებული 1 კვ.მ. ფართის საბოლოო ღირებულების გაზრდა პირვანდელ ღირებულებასთან შედარებით და ფიზიკურ პირებს 6 წლის განმავლობაში შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. აღნიშნული სხვაობა არის კომპანიის კრედიტორული დავალიანება, რაც შემმოწმებლის მიერ არ არის განხილული. ~

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება (გადამხდელს ზედმეტად აქვს გადახდილი დღგ ბიუჯეტში) შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა, რის გამოც გაიზარდა ფართების საბაზრო ღირებულება, რამაც გამოიწვია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ფართებზე გაანგარიშებული საბაზრო ფასის გაზრდა. ბუღალტრული მონაცემებით სხვაობა შეადგენს 98 184,8 ლარს. კომპანიის მიერ ზედმეტად არის გადახდილი 20 405 ლარის დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება კომპანიას არ გააჩნია.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-11 ნაწილებზე, შესაბამის პრიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და 161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ 26.10.2021 წელს კომერციული ფართი რეალიზებულია სოფიო მაყიშვილზე 106 450 ლარად (ვალუტის კურსის მიხედვით) 33 900 დოლარი, ანუ 1 კვ.მ. კომერციული ფართის ღირებულება 399 აშშ დოლარი, რაც საგადასახადო ორგანომ არ მიიჩნია საბაზრო ფასად, მარეხი მღვდელაძეს მიუყენა 2019 წელს გაცილებით დიდ ფასად გაყიდული ფართის (575 აშშ დოლარი) საფასური, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონს საბაზრო ფასის გაანგარიშების შესახებ.

დაუსაბუთებელია ტერასის საბაზრო ფასი, აღნიშნული ფართის რეალიზაციის შესახებ 2020 წლის 17 იანვრის კომპანიის დამფუძნებლებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან ტერასები წარმოადგენენ ბინების განუყოფელ ნაწილს, მათი ცალკე გაყიდვა შეუძლებელია. თანაც ყიდვის მომენტში ისინი შავი კარკასის მდგომარეობაში იყო და წარმოადგენდნენ მე-5 სართულის სახურავს. ამის გამო დამფუძნებლის გადაწყვეტილებით გადაწდა, რომ სახურავი გაყიდულიყო 100 აშშ დოლარად. ამდენად, ტერასის (სახურავის) ღირებულება იქნას გაანგარიშებული 100 აშშ დოლარად.

რაც შეეხება მოგების გადასახადს მიაჩნია, რომ საბაზრო ფასის გამოყენებით გაზრდილ გადასახადზე დარიცხულ მოგების გადასახადზე ჯარიმის დაკისრება კანონშეუსაბამოა, ვინაიდან ჯარიმა დარიცხულია ერთსა და იმავე დარღვევაზე 2-ჯერ, რაც აკრძალულია.

მომჩივანი ითხოვს სამართლიანი საბაზრო ფასის გამოყენებას, არ ეთანხმება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, ვინაიდან სათუოა ექსპერტმა (ვერ მიაკვლია ასეთ ექსპერტს) დაადგინოს გასული პერიოდის ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ქონების (ტერასის) საბაზრო ღირებულება დღეისათვის ტერასების სახე შეცვლის გამო.

მიაჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების საბაზრო ფასი 1 მ 2 -ზე უნდა განისაზღვროს საცხოვრებელი ბინისთვის 390 აშშ, კომერციული ფართისთვის 399 აშშ და ტერასისთვის 100 აშშ ამერიკული დოლარის ოდენობით. ასევე, აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ გაანგარიშების ცხრილებში დაშვებულია გარკვეული სახის შეცდომები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

შესაბამის პერიოდში (2021 წლის პირველ იანვრამდე) მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგებზე, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციისა) განხორციელების შედეგად მიღებული/მისაღები საკომპენსაციო თანხა მის მიერ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასზე ნაკლებია. ამასთანავე, საქონლის ან/და მომსახურების მიმღებს აქვს დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

2022 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ ორი საცხოვრებელი ბინის და ერთი კომერციული ფართის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელზე და მისი ოჯახის წევრებზე) საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. გადამხდელის განმარტებით, საცხოვრებელი ფართის ძირითადი ნაწილი კერძოდ 417 კვ.მ ბინებიდან 277 კვ.მ არის ტერასა. შემოწმების მიერ აღნიშნულ ბინებზე მხოლოდ საცხოვრებელ ფართზე გავრცელდა საბაზრო ფასი (ამავე კორპუსში სხვა ბინების საშუალო ფასი) და ტერასის ფასი დარჩა უცვლელი. ხოლო რაც შეეხება კომერციულ ფართს, აღნიშნულზე გავრცელდა ამავე კორპუსში კომერციული ფართების საშუალო ფასი. შემოწმებისას მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლისა და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში ეწერა მეტი ფართი, ვიდრე რეალურად გადასცა და შესაბამისად, დაფიქსირდა საჯარო რეესტრის ამონაწერში. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ამ ნაწილში დამატებითი თანხების დარიცხვა. მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნულის შესახებ წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. ბინების რეალიზაციის დაბეგვრა საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღში

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა ხდებოდა ავანსის სახით. შემოწმების მიერ გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ბინის საჯარო რეესტრში მესაკუთრისთვის გადაფორმება უკვე განხორციელდა, ხოლო თანხა ჯერ არ იყო მიღებული. გადამხდელის მიერ აღნიშნული ბინები არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ბინების დარჩენილი ღირებულება დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, რეესტრში გადაფორმების თარიღში. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებსა და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისობაშია წარდგენილ დეკლარაციებთან და ამ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას. მტკიცებულებები წარდგენილია და არ მომხდარა მისი შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებით დადგინდა, რომ ზოგიერთი ბინის საჯარო რეესტრში მესაკუთრისთვის გადაფორმება უკვე განხორციელდა, ხოლო თანხა ჯერ არ იყო მიღებული. კომპანიის მიერ აღნიშნული ბინები არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. შესაბამისად, შემოწმებისას ბინების დარჩენილი ღირებულება დაბეგრილ იქნა საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, რეესტრში გადაფორმების თარიღში.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ბინების რეალიზაციის საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღში დაბეგვრის შესახებ მართებულია.

 

3. საწარმოს დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე წილის სანაცვლოდ ქონების მიწოდება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ სრულად არ არის დაბეგრილი დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე რეალიზებული ბინების ღირებულება. გადამხდელის განმარტებით, დამფუძნებელმა წილი დაუთმო სხვა დამფუძნებლებს და სანაცვლოდ ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდა აღარ მოხდა. შემოწმებისას აღნიშნული ბინები დაიბეგრა მიწოდების თარიღში დღგ-ით და მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის 21 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით, 96-ე მუხლით ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ამ ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს, თუმცა არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ამ ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ სრულად არ არის დაბეგრილი დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე რეალიზებული ბინების ღირებულება. გადამხდელის განმარტებით, დამფუძნებელმა წილი დაუთმო სხვა დამფუძნებლებს და სანაცვლოდ ბინის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდა აღარ მოხდა. შემოწმებისას აღნიშნული ბინები დაიბეგრა მიწოდების თარიღში დღგ-ით და მოგების გადასახადით.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს პოზიცია, საწარმოს დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე წილის სანაცვლოდ ქონების მიწოდების ოპერაციის შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №007-332 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა მათ შორის: ჯარიმა - 142 955 ლარი და საურავი - 111 745 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ამ ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს, თუმცა არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას ამ ნაწილში საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში:

ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელი და მისი ოჯახის წევრები) გადაცემული ფართების საბაზრო ფასით მიწოდებად ჩათვლა;

2. ბინების რეალიზაციის დაბეგვრა საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღში;

3. საწარმოს დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე წილის სანაცვლოდ ქონების მიწოდება;

4. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიამ ორი საცხოვრებელი ბინის და ერთი კომერციული ფართის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელზე და მისი ოჯახის წევრებზე) საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.შემოწმებისას მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლისა და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.საწარმოს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2.მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ბინების რეალიზაციის საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღში დაბეგვრის შესახებ მართებულია.

2.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა ხდებოდა ავანსის სახით. შემოწმების მიერ გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ბინის საჯარო რეესტრში მესაკუთრისთვის გადაფორმება უკვე განხორციელდა, ხოლო თანხა ჯერ არ იყო მიღებული. გადამხდელის მიერ აღნიშნული ბინები არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ბინების დარჩენილი ღირებულება დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, რეესტრში გადაფორმების თარიღში. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3.შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ სრულად არ არის დაბეგრილი დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე რეალიზებული ბინების ღირებულება. შემოწმებისას აღნიშნული ბინები დაიბეგრა მიწოდების თარიღში დღგ-ით და მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.

4.საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

გადაწყვეტილება

1.მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2.მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ბინების რეალიზაციის საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღში დაბეგვრის შესახებ მართებულია.

3.სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს პოზიცია, საწარმოს დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე წილის სანაცვლოდ ქონების მიწოდების ოპერაციის შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

4.მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:18 (2.11„ა“); 19 (1); 73(9 „ბ“); 96; 97(1 „ა“ ); 981(4„ა“ „ა.ა“); 158(1); 159(1 „ა“ „ბ); 163(1,2,6 „ბ“); 164(1); 269(7); 275;

(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1„ა“ 2„ბ“ 21 „ა“ . „ ა.ბ.დ“ 8)