გადაწყვეტილება №27094/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27094/2/2026
03 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- ------ (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 14.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 03.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27094/2/2026).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის N EL304205 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 20 მარტის N 6143 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 364,63 ლარი.
ფაქტების აღწერა:
2020 წლის 18 მარტს მომჩივნის სახელზე განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----" გავლით შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი ----- ) ზოგადი დეკლარირება, რა დროსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადად განესაზღვრა 2020 წლის 17 მაისი. დადგინდა, რომ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და არც მის შემდგომ პერიოდში არ განხორციელებულა ზემოხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა.
გამოვლენილ ფაქტზე, 2023 წლის 11 ოქტომბრის N ELC21738 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის N 19806 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების საფასური („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N 96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებული საფასური), ამავე ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში ან განეხორციელებინა რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების და შესაბამისი საფასურ(ებ)ის/გადასახდელ(ებ)ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2023 წლის 11 ოქტომბრის N ELC21738 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 2025 წლის 17 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა N ----- განცხადება და მიუთითა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, VIN კოდით -----, მინდობილობის საფუძველზე გადასცა სხვა ფიზიკურ პირს, რომლის ოჯახის წევრმაც მოახდინა მისი ჯართში ჩაბარება. აღნიშნულის საპასუხოდ, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 27 ოქტომბრის N ----- წერილით განმცხადებელს განემარტა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიეცა წინადადება მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ამჯერად უკვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი, 2025 წლის 18 დეკემბრის N ----- განცხადებით დადასტურდა, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის N 19806 ბრძანებით მისთვის მიცემული პირობა მომჩივნის მხრიდან ვერ შესრულდებოდა.
საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვის გამო, მომჩივანს, 2025 წლის 25 დეკემბრის N EL304205 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა უკანონოდ განკარგულ ავტომობილზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის, 5 364,63 ლარის ოდენობით (ჯარიმის თანხის გამოანგარიშებისას გამოყენებულია შპს „-----“ (სს „-----“-ს გენერალური დისტრიბუტორი საქართველოში) ინფორმაცია). ამასთან, მომჩივანს 2025 წლის 25 დეკემბერს N EL69050/4422 საგადასახადო მოთხოვნით, დაერიცხა იმპორტის გადასახადი 209,43 ლარი, აქციზი 5 155,2 ლარი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმპორტის გადასახდელის გადაუხდელობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – საურავი.
2025 წლის 25 დეკემბრის N EL304205 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის N 6143 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი ----- ) მიმართ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის დაკავშირება კერძო პირებს შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობასთან, ვერ გახდება სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
უკანონო ოქმის თანახმად, თითქოს მან ჩაიდინა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - თითქოს უკანონოდ განკარგა სატრანსპორტო საშუალება VIN კოდი -----.
2026 წლის 20 მარტის N 6143 ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ბათილად საცნობი აქტი. კანონის გამოყენების პროცესი ნიშნავს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სწორად დადგენას, ამ გარემოებების სწორ სამართლებრივ შეფასებას გადაწყვეტილების მიღებას და მისი სათანადო წესით გაფორმებას.
ამ მოცემულ საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ მან 2021 წლის 6 ივლისს განახორციელა მართლზომიერი ქმედება. სანოტარო წესით გააფორმა მინდობილობა და ამ მინდობილობის საფუძველზე ზ/ხსენებული სატრანსპორტო საშუალება განკარგა - მფლობელობაში გადასცა მინდობილ მესაკუთრეს - მოქალაქე -----, რომელიც სამოქალაქო კოდექსის და ხელშეკრულების საფუძველზე გახდა ვალდებული პირი -გადასახადის გადამხდელი.
მას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა და კანონით გათვალისწინებული გადასახადების გადახდა ვერ შეძლო, იმიტომ რომ მისმა აწ გარდაცვლილმა ძმამ, -----, ავტომანქანა ჩააბარა ჯართში.
ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელმა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ თითქოს მან ჩაიდინა სამართალდარღვევა.
კანონის საფუძველზე დადებული სანოტარო წესით დადასტურებული გარიგების (მინდობილობის) საფუძველზე განკარგა ავტოსატრანსპორტო საშუალება - გადასცა ის მფლობელობაში მინდობილ მესაკუთრეს, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის და ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა ვალდებულება - წარედგინა სატრანსპორტო საშუალება საბაჟო სამსახურში, წარედგინა დეკლარაცია და გადაეხადა კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი ამ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით (თუ არასწორს ამბობს, ითხოვს კონკრეტული სამართლის ნორმების მითითებას).
მის მიერ ნივთის განკარგვა (მინდობილი მესაკუთრისათვის) მფლობელობაში გადაცემა არ არის არამართლზომიერი განკარგვა (უკანონო განკარგვა).
მინდობილი მესაკუთრის ----- ----- საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის, ძმის, აწ გარდაცვლილი ----- მიერ განსაბაჟებელი ავტომანქანის ჯართში ჩაბარებაზე მას არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ აკისრებს პასუხისმგებლობას.
ბატონო საბჭოს წევრებო, მესაკუთრედ ყოფნა ნიშნავს ნივთის ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლებას.
მომჩივანმა, როგორც მესაკუთრემ ისარგებლა მისი კონსტიტუციური უფლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით, განახორციელა მართლზომიერი ქმედება. მინდობილ მესაკუთრეს მფლობელობაში გადასცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც გახდა ვალდებული პირი საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე.
გარდა იმისა, რომ მისი სამართალდამრღვევად მიჩნევა, სანოტარო წესით დადასტურებული გარიგების საფუძველზე ნივთის მინდობილი მესაკუთრისათვის გადაცემის „ფაქტის უკანონო“ განკარგვად მიჩნევა დანაშაულია, სირცხვილია, რომ საბაჟო დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურში არ მოიძებნა სათანადო იურიდიული მომზადების მქონე მიუკერძოებელი პირი, რომელიც სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემდა ზ/ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
დიახ, სირცხვილია, რომ „უმაღლესი განათლების“ მქონე პირები ვერ ახერხებენ სამართლის ნორმის შინაარსისა და არსში გარკვევას, ვერ ახერხებენ სამართალდარღვევის სუბიექტის, პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას. შესაბამისად, არსებობს ამ აქტის ბათილად ცნობის ზ/ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საქმის მასალები გადაეცეს სათანადო მომზადების მქონე მიუკერძოებელ მოხელეს, რომელსაც აქვს უნარი და სურვილი, კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება. სწორედ დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ გარემოებებს. დაადგინოს სამართალდამრღვევის ვინაობა, შეაფასოს სხვა ყველა ზემოაღნიშნული გარემოება. გააკეთოს ის, რაც კანონით ევალება. გამოსცეს ახალი აქტი.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
2. საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (VIN კოდი ----- ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ მოაქცია საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში, რაზეც დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის N 19806 ბრძანებით:
1. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების საფასური („საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N 96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთების“ მე-13 გრაფით გათვალისწინებული საფასური), ამავე ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალება მოექცია თავისუფალ მიმოქცევაში ან განეხორციელებინა რეექსპორტით მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, ხოლო საბაჟო დეპარტამენტისთვის წარედგინა ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან რეექსპორტის განხორციელების და შესაბამისი საფასურ(ებ)ის/გადასახდელ(ებ)ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2023 წლის 11 ოქტომბრის N ELC21738 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის მიერ 2025 წლის 17 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი N ----- განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მინდობილობის საფუძველზე გადასცა სხვა ფიზიკურ პირს, რომლის ოჯახის წევრმაც მოახდინა მისი ჯართში ჩაბარება.
მომჩივანი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ სანოტარო წესით დადასტურებული გარიგების (მინდობილობის) საფუძველზე განკარგა ავტოსატრანსპორტო საშუალება - გადასცა ის მფლობელობაში მინდობილ მესაკუთრეს, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის და ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა ვალდებულება - წარედგინა სატრანსპორტო საშუალება საბაჟო სამსახურში, წარედგინა დეკლარაცია და გადაეხადა კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი ამ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით.
მომჩივნის ზემოაღნიშნული პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, მის წარდგენამდე და შესაბამისი საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე, იმყოფება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქონლის მიმართ ნებისმიერი მოქმედება (მათ შორის განკარგვა, გასხვისება, გადაცემა) დასაშვებია მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ოპერაციების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომობილი არ იქნა წარდგენილი საბაჟო ორგანოსთვის დადგენილ ვადაში. ამასთან, მომჩივანმა იგი გაასხვისა, მინდობილობით გადასცა სხვა პირს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე. ეს ქმედება დამოუკიდებლადაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას.
მომჩივნის არგუმენტი, რომ მან ავტომობილი „კანონიერად“ გაასხვისა მინდობილობის საფუძველზე, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, მინდობილობა არ ანიჭებს უფლებას პირს, დაარღვიოს კანონის იმპერატიული ნორმები. საბაჟო ზედამხედველობის რეჟიმი არის საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც უპირატესია კერძოსამართლებრივ გარიგებებთან შედარებით. შესაბამისად, მინდობილობა ვერ მისცემს ლეგიტიმაციას საბაჟო წესების დარღვევას.
ამგვარად მომჩივნის ქმედებაში იკვეთება ორი დამოუკიდებელი სამართალდარღვევა: სატრანსპორტო საშუალების დადგენილ ვადაში საბაჟო ორგანოსთვის წარუდგენლობა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. ორივე სამართალდარღვევა დასრულებულია და პასუხისმგებლობა დგება თითოეულზე ცალ-ცალკე. პასუხისმგებლობა კი ეკისრება სწორედ იმ პირს, რომელმაც საქონელი შემოიტანა. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის შემდგომი გადაცემა (მინდობილობით ან სხვაგვარად) ვერ დაედება საფუძვლად უკვე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის მომჩივნის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
საბჭო განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების და დადგენილი პასუხისმგებელი პირის შეცვლა, კერძო პირებს შორის გაფორმებული მინდობილობით დაუშვებელია და ვერ იქნება გამოყენებული პასუხისმგებლობის მესამე პირზე გადაკისრების მიზნებისთვის. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების (VIN კოდი ----- ) უკანონო განკარგვას, საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანმა საბაჟო ვალდებულებები არ შეასრულა და ავტომობილი უკანონოდ განკარგა, რის გამოც დაეკისრა ჯარიმა, გადასახადები და საურავი. მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭომ მიიჩნია, საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 165;.