ბრძანება N 11201
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11201
20 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 17 თებერვლის, 2 მარტის და 17 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტის, 17 აპრილის და 6 მაისის სხდომებზე (ოქმები: №26; №32, №36) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №100850/1/2026, №101086/1/2026 და №680666 (რეგ.:----) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბარტერული ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ დარიცხვას. აცხადებს, რომ 2021 წლის 5 ივლისს გაფორმებული „აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისა და ბინის საკუთრებაში გადაცემის წინარე ხელშეკრულების" თანახმად დაბეგვრის განხორციელება და დასაბეგრი თანხის ოდენობის განსაზღვრა არასწორია. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა შეადგენს კომპანიის მიერ გადასაცემი ქონების (4 ფართი, 2 ავტოსადგომი) პირობით ღირებულებას და არა მიწის საფაზრო ფასს, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის შეფასების ნაწილში გამოყენებული უნდა იყოს საბაზრო ფასი, რომელიც თავის მხრივ უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი კომპეტენტური (სერტიფიცირებული/აკრედიტირებული) ექსპერტის/შემფასებლის მიერ შედგენილი შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რაც არ არის გამოყენებული და დასაკორექტირებელია. სწორი საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით, აღნიშნული საბაზრო ფასი ასევე შესაძლებელია განსაზღვრულიყო შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ. მიუთითებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე 2011 წლის 02 ივნისის N2742 ბრძანებასა და მის დანართებზე და აცხადებს, რომ მათ შორის ზემოაღნიშნული სწორი შეფასების განხორციელების უზრუნველყოფა პირდაპირ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების სამმართველოს დებულებით განსაზღვრულ უშუალო ფუნქცია/მოვალეობას.
გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დასაბეგრი ოპერაციის თანხა (საბაზრო ფასი) უნდა განსაზღვრულიყო მიწის ნაკვეთის განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემის დროს 2020 წლის 20 ოქტომბრის თარიღით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარეთა შორის გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების თარიღის მიხედვით. ასევე, შემოწმების პრაქტიკის მიხედვით, შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო მხარეებს შორის პირველადი შეთანხმების თარიღი 2019 წლის 14 სექტემბერი, როდესაც მოხდა რეალურად მხარეებს შორის გარიგება, რომელიც დასტურდება სსიპ ქალაქ ----- მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის განაცხადით. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ 2019 წლის 2 დეკემბერს მიღებულია თანხმობა და შესაბამისი გადაწყვეტილება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშნებელობაზე.
გადამხდელი, ასევე, არ ეთანხმება შემოწმების აქტში მითითებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილს და აცხადებს, რომ არ არის ციტირებული და გადმოცემული სრულად, რადგან არსებითად მნიშვნელოვანი იყო ამ მუხლის სრული შინაარსი და კონტექსტი, კერძოდ ჩანაწერი: „ამ ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესებს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.” ამასთან, ეს წესები პირველად დამტკიცებულ იქნა მხოლოდ 2023 წლის 14 აგვისტოს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე პირველად გამოქვეყნდა 2023 წლის 15 აგვისტოს. ხოლო თანხები დარიცხულია 2021 წლის 5 ივლისის თარიღით, მაშინ როდესაც კანონმდებლობაში ჩანაწერი გაჩნდა 26 თვის შემდგომ, 2023 წლის 15 აგვისტოს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონება არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს (წარმოადგენს ღია ტიპის ვერანდას, ბოლო სართულზე, სახურავის გარეშე). საზაფხული ფართის მომავალ მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია კონკრეტული ფართის (სკ -----) ზუსტი პარამეტრები, კონდიცია და ის მახასიათებლები (მათ შორის, კომპანიის მხრიდან აღებულია პირდაპირი ვალდებულება საცხოვრებებლი კორპუსის ექსპლუატაციაში შეყვანის შესახებ, რაც დღემდე მიმდინარე ვალდებულებაა), რომლებიც უნდა იქნეს შესრულებული, ამოყვანილია ტიხრები, მოპირკეთებული იატაკის, ჭერისა და კედლების ზონები, კომუნიკაციები მიყვანილია წერტილებამდე, მათ შორის, მოწყობილი უნდა იყოს საკომუნიკაციო წერტილები, გაყვანილი და სრულად მოპირკეთებული წყლის, გაზისა თუ ელექტროენერგიის სადენები და სხვა. ასევე, აღნიშნავს, რომ მომავალი მესაკუთრის მიერ დღემდე არ არის ანაზღაურებული ფართის ღირებულება და აღნიშნული განხორციელდება მას შემდეგ რაც კომპანია მოახდენს საკუთარი ვალებულებების ბოლომდე შესრულებას და იმ პირობებამდე და კონდიციამდე მიყვანს, რაც შესაძლებელს გახდის ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით, აღნიშნული საზაფხულო ფართი დღემდე წარმოადგენს „მშენებარე“ სტატუსს, ასევე არ არის მიღებული ექსპლუატაციაში. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ დასაბეგრი ოპერაციია უნდა გაუქმდეს, რადგან არ დამდგარა კანონმდებლობით დადგენილი და პირებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგომის მომენტი.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაუქმებას, რადგან მათთვის უცნობია კონკრეტულად რომელ საგადასახადო პერიოდის ანგარიშ-ფაქტურებზეა საუბარი და მსჯელობა. ასევე, მიუთითებს, რომ უფიქსირდებათ სასაქონლო ზედნადებები (ტრანსპორტირებით) 3 925 ლარის ოდენობით, რომლებზეც უკვე შედგა მოლაპარაკება მომწოდებელ მხარესთან და გამოიწერება კუთვნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ამასთან, ჩათვლის მიღების გარემოება შეამცირებს აქტით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირებას.
4. შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით გადამხდელი მიუთითებს, რომ მათ მიერ განხორციელებული საბანკო მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ იდენტური თანხები მათი მხრიდან შემმოწმებელიბისათვის არასათანადო და არასრული ინფორმაციის მიუწოდებლობიდან წარმოშობილი გაურკვევლობის გამო გატარებულია ორჯერ, რამაც განაპირობა საგადასახადო ვალდებულებების გაზრდა. ამასთან, გამოკლებული არ არის უკან დაბრუნებული თანხები, ბრუნვაში მონაწილეობს პირადი გადარიცხვები და იწვევს დუბლირებას სახელფასო განაცემებში, შესაბამისად, ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
5. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22472 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28445 ბრძანება და ამავე თარიღის №006-573 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 175 272 ლარი, მათ შორის, გადასახადი 88 685 ლარი, ჯარიმა 44 951 ლარი, საურავი 41 636 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „----" (ს/ნ ----) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა ქ.----. 2021 წლის 5 ივლისს გაფორმებული "აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისა და ბინის საკუთრებაში გადაცემის წინარე ხელშეკრულების" თანახმად, შპს „-----" იღებდა ვალდებულებას 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით მიწის მესაკუთრისთვის მიწის სანაცვლოდ გადაეცა 4 საცხოვრებელი ფართი და 2 ავტოსადგომი. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 427 000 ლარს. 2023 წლის 26 ივნისის "მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრისთვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ" შეთანხმებით, შპს „-----" შეასრულა წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიწის წინა მესაკუთრეს ფ/პ ----- (პ/ნ -----) გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება, თუმცა აღნიშნულ ოპერაციაზე გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია შესაბამისი დეკლარირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და საქართველოს საგადასახადო კოდექსისგან გამომდინარე, 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაცია (მიწის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა) შემოწმების მიერ დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებული, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუენტაცია, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში, შპს „----- მიერ დეკლარირება განხორციელებულია არასრულყოფილად (დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილება) ან/და არ არის დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული 2023 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გადამხდელს რეალიზებული აქვს საზაფხულო ფართი, რომლის ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოწმების მიერ, საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----" მიერ წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში განსაზღვრულ ჩასათვლელ თანხებთან მიმართებაში. სხვაობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საწარმოს მიერ 2022 წლის თებერვლისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდებში მიღებულია ჩათვლა იმ საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გამოწერილი საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურებით, რომლის მიხედვითაც ჩათვლა უკვე ჰქონდა განხორციელებული წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის გადახდისას მიღებული შესაბამისი ავანსის საგადასახადო ელ. ანგარიშფაქტურებით. შედეგად, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების თანახმად, დაკორექტირდა (შემცირდა) ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა.
4. შემოწმების მიერ შპს „-----" საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა მცირე სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ სახელფასო განაცემებთან მიმართებაში. შემოწმების მიერ, აღნიშნული სხვაობით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20, 79-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის ოდენობა საბაზრო ფასით განსაზღვროს. ამ ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესებს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ეს ნაწილი არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 483 მუხლის თანახმად, თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, ბარტერული ოპერაციის შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრ თანხას წარმოადგენს ანაზღაურება, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ ფაქტობრივად არის მიღებული/მისაღები საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, რაც წარმოშობს ვალდებულებას, რომ დღგ-ის მიზნისთვის, მხარეების მიერ ბარტერის საგნის (მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების) ღირებულება განსაზღვროს ფულადი სახით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აშენებული აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა. 2021 წლის 5 ივლისს გაფორმებულ იქნა „აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისა და ბინის საკუთრებაში გადაცემის წინარე ხელშეკრულება", რომლის მიხედვითაც, შპს „-----" იღებდა ვალდებულებას 2023 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით მიწის მესაკუთრისთვის მიწის სანაცვლოდ გადაეცა 4 საცხოვრებელი ფართი და 2 ავტოსადგომი. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენდა 427 000 ლარს. 2023 წლის 26 ივნისის „მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრისთვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ" შეთანხმებით შპს „----" შეასრულა წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიწის წინა მესაკუთრეს- ფ/პ ------ გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება.
აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მიწის წინა მესაკუთრისთვის ფართების გადაცემა განხორციელდა 2021 წლის 5 ივლისს გაფორმებული „აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისა და ბინის საკუთრებაში გადაცემის წინარე ხელშეკრულების” საფუძველზე. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 5 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირთან განხორციელებული ბარტერული (გაცვლის) ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ფართებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდების (ფაქტობრივი მიწოდების საანგარიშო პერიოდის) მიჩნევა განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე მიწის სანაცვლოდ მიწოდებული ფართების ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა 2021 წლის 5 ივლისს გაფორმებული "აღნაგობის ხელშეკრულების გაუქმების, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემისა და ბინის საკუთრებაში გადაცემის წინარე ხელშეკრულებაში" მითითებული ღირებულების მიხედვით მართლზომიერია.
ასევე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რიგ შემთხვევებში, შპს „-------" მიერ დეკლარირება განხორციელებულია არასრულყოფილად (დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილება) ან/და არ არის დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, შემოწმების მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, რის საფუძველზეც, ირკვევა, რომ 2023 წლის 24 მარტს გაფორმებულ და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა ---- ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფართის მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ ------. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, რაიმე ინფორმაცია გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე არ ყოფილა მითითებული.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელ თანხებს შორის, რომლის მიზეზს წარმოადგენს ავანსისა და საბოლოო მიწოდების ანგარიშფაქტურების ორმაგად ჩათვლა, რის შედეგადაც შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მათთვის უცნობია კონკრეტულად რომელ საგადასახადო პერიოდის ანგარიშ-ფაქტურებზეა საუბარი და მსჯელობა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა (მ.შ გადაგზავნილ იქნა გაანგარიშების ცხრილები) საწარმოს ბუღალტერთან. ასევე, დარიცხვასთან დაკავშირებული გაანგარიშება გაგზავნილ იქნა დავების მიმდინარეობის პროცესშიც. რაც შეეხება, სასაქონლო ზედნადებებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, დგინდება, რომ დავის წარმოების პროცესში არ ფიქსირდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების ფაქტი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შპს „-----" საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა მცირე სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ სახელფასო განაცემებთან მიმართებაში. შემოწმების მიერ, აღნიშნული სხვაობით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია მხოლოდ ის თანხები, რომლებიც საბანკო ამონაწერში იდენტიფიცირდებოდა, როგორც ხელფასი (დანიშნულებაში მითითებული იყო ხელფასი). ხოლო, უკან დაბრუნებულ თანხებთან დაკავშირებით, იმ პირებისგან, რომლებისთვისაც გადარიცხულია ხელფასი, თანხების უკან ჩარიცხვის ფაქტი არ ფიქსირდება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----“ (ს/ნ ----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბარტერული ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ დარიცხვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაუქმებას.
4.შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით გადამხდელი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
5.გადასახადის გადამხდელი, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა. ხელშეკრულების თანახმად, მან აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მესაკუთრისთვის გადაეცა 4 ბინა და 2 ავტოსადგომი. კომპანიამ შეასრულა ვალდებულება და ფიზიკურ პირს გადასცა აღნიშნული უძრავი ქონება, თუმცა ეს ოპერაცია არ დაადეკლარირა. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, შემოწმებამ მიწის სანაცვლოდ ქონების გადაცემა მიიჩნია დასაბეგრ ოპერაციად და კომპანიას 2023 წლის ივნისის პერიოდისთვის დააკისრა დღგ-ს გადახდა და შესაბამისი ჯარიმა.
2.შემოწმებით აღმოჩნდა, რომ 2023 წლის მარტში გაფორმებული ხელშეკრულებით 100 000 ლარად რეალიზებული საზაფხულო ფართი საერთოდ არ იყო დეკლარირებული. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, შემოწმებამ შეცვალა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და კომპანიას დაარიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
3.ასევე, გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ დღგ-ის ჩათვლებში. კომპანიამ 2022 წლის თებერვალსა და აგვისტოში ხელმეორედ ჩაითვალა იმ საქონლისა და მომსახურების დღგ, რომელიც მანამდე უკვე ჰქონდა ჩათვლილი ავანსის გადახდისას მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, შემოწმებამ შეამცირა კომპანიის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
4.საბანკო ამონაწერების შემოწმებისას გამოვლინდა მცირე სხვაობები დეკლარირებულ სახელფასო გაცემებთან შედარებით. ამ სხვაობის გამო, შემოწმებამ გაზარდა შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდა არცერთ ნაწილში.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:18(10);73(8,9);164(1);275;159;160;163;175;176;101;154;