გადაწყვეტილება №20557/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 20557/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20557/2/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ფ/პ "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ "------"-ის 12.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20557/2/2023).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №006-104 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ივნისის №12760 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 842,69 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 6 609

ჯარიმა - 1 932

საურავი - 1 301,69

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივანს ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 17 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანი გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს. "------"-ის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით სესხის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 25 020 აშშ დოლარი, მათ შორის: 2020 წელს 8 800 აშშ დოლარი და 2021 წელს 16 220 აშშ დოლარი.

აღნიშნული ოპერაციებიდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალების, აგრეთვე, გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) და ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გაცემული სესხებიდან სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 2020 წელს 1 700 აშშ დოლარი, რამაც შესაბამის პერიოდებში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 5 594.7 ლარი, 2021 წელს 3 024 დოლარი და 4 050 ლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ჯამში შეადგენს 13 725 ლარს, ხოლო 2022 წელს -1 000 დოლარი, (2 799.7 ლარი). 2022 წლის შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა პირს ევალება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, რომელიც საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს 2023 წლის 1 აპრილამდე.

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. აგრეთვე, 2022 წელს პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი 2 799.7 ლარი, გათვალისწინებული უნდა იქნას 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში და ექვემდებარება დეკლარირებას 2023 წლის 1 აპრილამდე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №5547 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12760 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გათვალისწინებით, კონკრეტული საანგარიშო პერიოდის წლიური შედეგების მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის, მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე ეპიზოდში სარგებლის მიღების მიზნით გაცემული აქვს სესხად გარკვეული ფულადი სახსრები, თუმცა მისი შეცნობით აღნიშნული საქმიანობა არ ატარებდა მრავალჯერად, ორგანიზებულ ხასიათს და მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშვება.

როგორც ზემოთ აღნიშნა შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი (სარგებელი) ფორმირებულია ფულადი სახსრების სესხად გაცემის შედეგად მიღებული საპროცენტო შემოსავლისგან, რიგ შემთხვევაში გაფორმებულია უშუალოდ სესხის ხელშეკრულებები, ხოლო რიგ შემთხვევაში ბინის უკან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებები და ერთ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის უკან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

ეპიზოდი 1.(სესხის ხელშეკრულებები)

აღნიშნულ ეპიზოდში, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან სრულად უგულებელყოფილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომში სსკ) მოთხოვნები, რამეთუ აღნიშნული საპროცენტო შემოსავალი დაიბეგრა 20% იანი განაკვეთით, მაშინ როცა სსკ-ს 134-ე მუხლის მიხედვით, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით ხოლო ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 154-ე, 131-ე და 134-ე მუხლებზე, აცხადებს რომ ფიზიკური პირისთვის გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან 5% იანი განაკვეთით და დამატებით იქვე განმარტავს რომ აღნიშნული შემოსავალი არ ჩაირთვება პროცენტის მიმღების ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება, ანუ აღნიშნული მუხლის მიხედვით პროცენტის მიმღებს რაიმე საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება, თუმცა ორაზროვანია 154-ე მუხლის ჩანაწერი, რამეთუ ზოგადი ნაწილის მიხედვით თუ პროცენტის გადამხდელი ასევე ფიზიკური პირია (გარდა ინდ. მეწარმისა), ზოგადი ჩანაწერის მიხედვით აგენტის ფუნქცია არ ეკისრება, თუმცა „თ“ პუნქტის მიხედვით ზოგადად პირია (დაკონკრეტების გარეშე) ვალდებული წყაროსთან დააკავოს გადახდილი პროცენტი. ნებისმიერ შემთხვევაში საპროცენტო შემოსავალი გადახდის წყაროსთან იბეგრება თუ არა, ეს გარემოება ვერ შეცვლის გადასახადის განაკვეთს და გაუგებარია შემმოწმებლების მხრიდან საპროცენტო შემოსავლები რატომ დაიბეგრა 20%-ით ნაცვლად 5%-ისა.

 

ეპიზოდი 2. (ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებები უკან გამოსყიდვის პირობით)

როგორც ზემოთ აღინიშნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი ფორმირდება მხოლოდ ფულადი სახსრების სესხად გაცემის შედეგად მიღებული საპროცენტო სარგებლისგან.

მომჩივანი მიუთითებს სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და 81-ე მუხლის მე-3 ნაწილიზე და განმარტავს, რომ უდაო გარემოებაა რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებები უკან გამოსყიდვის პირობით, მხარეებს შორის ფორმით კი წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას მაგრამ შინაარსით გაფორმებულია ფულადი სახსრების სესხად გაცემისთვის უზრუნველყოფის საშუალებად, ობიექტურად შემმოწმებლებს უნდა გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება, თუმცა აღნიშნულის უგულველყოფის პირობებშიც კი, თუ აღნიშნული ხელშეკრულებები მართლაც შინაარსითაც რომ წარმოადგენდნენ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება

 

ეპიზოდი 3 (საავანსო გადასახდელები)

მომჩივანი მიუთითებს სსკ-ს 155-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის საავანსო გადასახდელი ერიცხება მეწარმე ფიზიკურ პირს, მაშინ როდესაც არ წარმოადგენს ამ უკანასკნელს, შესაბამისად დარიცხვის ამ ნაწილშიც სამართლებრივი საფუძველი მისთვის გაურკვეველია. ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97–ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვები შესამცირებელია როგორც უსაფუძვლო და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი თანხების კორექტირება შემცირების გზით

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.

2.საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სასოფლო-სამეურნეო ან სატყეოსამეურნეო საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის განსახორციელებლად მუდმივად დასაქმებულია 5 პირი მაინც, რომელიც არ არის წარმოების მფლობელის ოჯახის წევრი. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია მეწარმის სამართლებრივი ფორმის დაფუძნება.

საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი; დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი

გადასახადის გადამხდელი უძრავი ნივთის ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს.

სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია 5.09.2023 წლის №"-------" წერილი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მიერ მოწოდებული, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მასალებით დგინდება, რომ ფ/პ "------"-ს (პ/ნ "------") გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს. "------"-ის მიერ 2020 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით სესხის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 25 020 აშშ დოლარი, მათ შორის: 2020 წელს 8 800 აშშ დოლარი, 2021 წელს 16 220 აშშ დოლარი. აღნიშნული ოპერაციებიდან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მიერ მოწოდებული მასალების, აგრეთვე გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები) და მოწოდებული ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, გაცემული სესხებიდან სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 2020 წელს 1700 აშშ დოლარი, რამაც შესაბამის პერიოდებში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 5 594.7 ლარი, 2021 წელს 3 024 დოლარი და 4 050 ლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ჯამში შეადგენს 13 725 ლარს, ხოლო 2022 წელს - 1000 დოლარი, (2 799.7 ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით მომჩივნის მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან, პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებულია შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს საქმიანობებს, რომელიც არ ითვლება სამეწარმეო საქმიანობად. დანარჩენი საქმიანობის ნაწილში ფიზიკურ პირი წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, შესაბამისად უნდა დაერიცხოს მიმდინარე გადასახდელები.

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე ეპიზოდში სარგებლის მიღების მიზნით მომჩივანს სესხად აქვს გაცემული გარკვეული ფულადი სახსრები, თუმცა მისი შეცნობით აღნიშნული საქმიანობა არ ატარებდა მრავალჯერად, ორგანიზებულ ხასიათს და მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება არ წარმოეშვება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის სახით გასცემდა თანხებს სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და სარგებლის სახით იღებდა საპროცენტო შემოსავალს.

მომჩივანის მიერ გაცემული სესხებიდან სარგებლის სახით მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 2020 წელს 1 700 აშშ დოლარი, რამაც შესაბამის პერიოდებში საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 5 594.7 ლარი, 2021 წელს 3 024 დოლარი და 4 050 ლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ჯამში შეადგენს 13 725 ლარს, ხოლო 2022 წელს -1 000 დოლარი, (2 799.7 ლარი). 2022 წლის შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა პირს ევალება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, რომელიც საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს 2023 წლის 1 აპრილამდე.

მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა .2022 წელს პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი 2 799.7 ლარი, გათვალისწინებული უნდა იქნას 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში და ექვემდებარება დეკლარირებას 2023 წლის 1 აპრილამდე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),81,102,131,134,136,154,155.