გადაწყვეტილება №22581/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22581/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22581/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------------ა“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ას“ 17.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22581/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №001-328 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4102 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 385 631 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 245 522

დღგ - 118 492

საშემოსავლო გადასახადი - 127 030

ჯარიმა - 96 536

საურავი - 43 573

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება, საფირმო სახელწოდებაა კოქტეილბარი „--------ი". საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში, ------- №--ში, იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13906 და 21 დეკემბრის №32322 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33069 ბრძანება და №001-328 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 26 თებერვლის №4102 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებითა და ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაციით, საწარმოში მზადდება სხვადასხვა სახის კოქტეილები და კერძები. შემოწმებისთვის წარდგენილ კერძებთან დაკავშირებული მენიუ და კალკულაცია წარდგენილი არ არის. კოქტეილბარში განთავსებულია 17 მაგიდა და მუშაობს ყოველ დღე 15 საათიდან 3 საათამდე. კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოსავლების აღრიცხვას ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალებში დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ ფიქსირდება, ნედლეულის და მასალების შესყიდვები ხდება დისტრიბუტორების მეშვეობით. წარდგენილი განმარტების თანახმად, საწარმოს ფიზიკური პირებისგან არაელექტრონული დოკუმენტებით განხორციელებული შეძენები არ აქვს, კოქტეილბარს არ აქვს საწყობი, ვინაიდან არ საჭიროებს დიდი რაოდენობით საქონლის შეძენას. აღნიშნულის გამო რესტორანში მარაგების ნაშთი ყოველთვის უმნიშვნელოა. კომპანიას არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის შენახვა ხდება საწარმოს დირექტორთან.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 1 ივნისს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა (ოქმი №----). საკონტროლო შესყიდვისას შეთავაზებული იქნა 200 ლარის სარესტორნე მომსახურება. ანგარიშსწორებისთვის საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებული იქნა საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკში გახსნილის ანგარიშის, რომელიც ეკუთვნის დირექტორს (დამფუძნებელს). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე (www.google.com; www.tripadvisor.com; სხვ.) განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ აუდირებული ობიექტის მონაცემებით.

კოქტეილბარის შემოსავლები გაანგარიშდა შეძენილი სპირტიანი სასმელებიდან გაანგარიშებული კოქტელების რაოდენობაზე მინიმალური ფასის გავრცელებით (25 ლარი), ასევე ლუდზე, ღვინოსა და სხვა არაალკოჰოლურ (ჩაი, ყავა და წყალი) სასმელებზე (რაც არ მონაწილეობს კოქტეილის დამზადებაში) გავრცელებული იქნა აუდირებული ფასნამატი. სასმელების რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრა მომხმარებელთა რაოდენობა და კერძებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო გასავალში გათვალისწინებული იქნა ყველა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი.

შემოწმების შედეგად, საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა 1 036 340 ლარით, ხოლო ხარჯი - 508 121 ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2021 წლის 4 ივლისს. საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, დღგ-ით დაიბეგრა 2021 წლის 4 ივლისიდან განხორციელებული ოპერაციები. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯებით). შედეგად, მომჩივანს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა 508 121 ლარის ოდენობით, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები, მათ შორის, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აცნობიერებს, რომ საგადასახადო ორგანოს გააჩნია უფლება გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაძლებლობები და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, თუ კმაყოფილდება ამ ნაწილის პირობები.

შემოწმების აქტის მიხედვით, აუდირებული ფასით გამოთვლილი შემოსავლების -1,036,340 ლარი და დოკუმენტალურად დადასტურებული ხარჯების - 508,121 ლარის შეპირისპირისებით გამოუვლინდა განკარგვადი თანხები 508,121 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (05.2023) ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაერიცხა (508,121/0,8*20%) საშემოსავლო გადასახადი 127,030 ლარი.

კომპანიას აღნიშნული 508,121 ლარის განკარგვადი თანხა ფაქტობრივად ვერ ექნებოდა, რადგანაც გასათვალისწინებელია სალარო აპარატით და საბანკო ტერმინალით/ჩარიხვებით მიღებული შემოსავლები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდზე მთლიანობაში არის 533,417.89 ლარი (იხილეთ დანართი №3). ასევე, გასათვალისწინებელია პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები და საწარმოს 2021 წელს ვერ ექნებოდა იგივე შემოსავლები, რაც 2022 წელს და 2023 წელს. კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრში დარეგისტრირებულია 2.10.2020 წელს, თუმცა ფაქტობრივ მუშაობას შეუდგა 2021 წლის მაისიდან და ამ პერიოდამდე საწარმო ფაქტობრივად არც მუშაობდა. 2021 წლის მაისიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, კომპანია მუშაობდა მკაცრი შეზღუდვების პირობებში, როგორიც იყო ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, კომენდანტის საათი და სხვ., რის გამოც 2022 წლამდე (მანამ, სანამ შეზღუდვები სრულად არ მოიხსნა) საწარმოს ფიზიკურად არ ჰქონდა საშუალება ემუშავა იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც 2023 წელს, როდესაც შემმოწმებლებმა გაიანგარიშეს შემოსავალი. ამ ფაქტობრივი მოცემულობისა და იმის გათვალისწინებით, რომ 2020-2022 წლებში ტურისტებისა და მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირე იყო 2023 წელთან შედარებით, არასამართლიანია საგადასახადო ორგანოს მიერ 2023 წელს დაფიქსირებული მონაცემების წინა წლებისთვის მისადაგება.

შემოწმების აქტში აუდიტორი უთითებს, რომ გადამხდელის ობიექტზე არის 17 მაგიდა და მათ შორის ამ მონაცემზე დაყრდნობით აქვს დაანგარიშებული შემოსავალი. ამ საკითხში, შემმოწმებელს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ 2020-2022 წლებში საწარმოს მხოლოდ ერთი სივრცე ჰქონდა, სადაც ფუნქციონირებდა მხოლოდ 5 მაგიდა (აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტით, რომ ქირის გადასახადი, კომუნალური გადასახადი, დასუფთავების გადასახადი გაიზარდა) და შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის უმეტეს ნაწილზე 17 მაგიდიდან დაანგარიშებული მონაცემის გავრცელება, მნიშვნელოვნად და არასამართლიანად ამძიმებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთს.

არ ეთანხმება შესადარებელი ობიექტებისა და ინტერნეტ სივრცეში არსებული ინფორმაციის მისადაგებას საწარმოზე. კერძოდ, -----ზე არსებულ სხვა ბარებთან შედარებით მომჩივნის ობიექტი განსხვავდება სპეციფიკით. გარდა ამისა, ბაზარზე არის ახალი და შესაბამისად არ ჰყავს იმ ოდენობით მომხმარებელი, რაც მეზობელ ობიექტებს. ასევე, მიმდებარე ქუჩებზე (---ის ქუჩაზე) არსებული ობიექტები გაცილებით პოპულარული და დატვირთულია, ახლოს არის ცენტრალურ (-----ის ქუჩა) გზასთან, შესაბამისად, ისინი არ გამოდგება, როგორც შესადარებელი ობიექტი.

მომჩივანი ითხოვს განკარგვადი თანხების გამოთვლის მიზნებისთვის გამოყენებულ იქნას არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებული საოპერაციო შემოსავლები და ხარჯები და საოპერაციო ხარჯებს დაერიცხოს 35% გონივრული ფასნამატი (იხილეთ დანართი №3). შედეგად, ნაცვლად 508,121 ლარი განკარგვადი თანხისა, განკარგვადი თანხა იქნება 186,696 ლარი, საშემოსავლო გადასახადი იქნება 46,674 ლარი (186,696/0.8*20%) და ჯარიმა 23,337 ლარი.

ვინაიდან ფაქტობრივად მიუღებელ შემოსავლებზე პირის გადასახადების და სანქციის დაკისრება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არ არის სამართლიანი მიდგომა, აღნიშნული გადაანგარიშების გამოყენებით საწარმო შეძლებს გადაიხადოს მასზე დაკისრებული გადასახადები და სანქციები და შეძლებს გააგრძელოს საოპერაციო საქმიანობა და ფიზიკური პირების დაქირავება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების და ინტერნეტ სივრცეში არსებული ინფორმაციით, საწარმოში მზადდება სხვადასხვა სახის კოქტეილები და კერძები. შემოწმებისთვის კერძებთან დაკავშირებული მენიუ და კალკულაცია წარდგენილი არ არის. კოქტეილ ბარში განთავსებულია 17 მაგიდა და მუშაობს ყოველ დღე 15 საათიდან 3 საათამდე. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოსავლების აღრიცხვას ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში და საბანკო ტერმინალებში დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. შესამოწმებლ პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ ფიქსირდება, ნედლეულის და მასალების შესყიდვები ხდებოდა დისტრიბუტორების მეშვეობით. წარდგენილი განმარტების თანახმად, საწარმოს ფიზიკური პირებისგან არაელექტრონული დოკუმენტებით განხორციელებული შეძენები არ აქვს, კოქტეილ ბარს არ აქვს საწყობი, ვინაიდან არ საჭიროებს დიდი რაოდენობით საქონლის შეძენას, აღნიშნულის გამო რესტორანში მარაგების ნაშთი ყოველთვის უმნიშვნელოა. კომპანიას სალარო არ გააჩნია, ნაღდი ფულის შენახვა ხდება საწარმოს დირექტორთან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 1 ივნისს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა, შეთავაზებული იქნა 200 ლარის სარესტორნე მომსახურება, ანგარიშსწორებისთვის საწარმოს წარმომადგენლის მიერ მიწოდებული იქნა საქართველოს ბანკში გახსნილის ანგარიშის საბანკო რეკვიზიტი, რომელიც ეკუთვნის -------ილს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოების შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში და სხვადასხვა ელექტრონულ გვერდებზე განთავსებულ (google.ge, www.tripadvisor.com და სხვა) ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ აუდირებული ობიექტის მონაცემებით, კოქტეილ ბარის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა შეძენილი სპირტიანი სასმელებიდან გაანგარიშებული კოქტეილების რაოდენობაზე მინიმალური ფასის გავრცელებით (25 ლარი), ასევე ლუდზე, ღვინოსა და სხვა არაალკოჰოლურ (ჩაი, ყავა და წყალი) სასმელებზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. სასმელების რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრა მომხმარებელთა რაოდენობა და კერძებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო გასავალში გათვალისწინებული იქნა ყველა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი. შემოწმების შედეგად საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა 1 036 340 ლარით, ხოლო ხარჯი - 508 121 ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1) გამოვლინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს 2021 წლის 4 ივლისს. საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, დღგ-ით დაიბეგრა 2021 წლის 4 ივლისიდან განხორციელებული ოპერაციები. შესაბამისად, გაიზარდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ში და მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

2) შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით შედგენილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯებით). შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხები 508 121 ლარის ოდენობით, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება ფაქტების აღწერა

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც ეკუთვნის შპს „------ას“ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულად ჩათვლის პერიოდიდან (ივლისი, 2021 წელი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვის (მაისი, 2023 წელი) ჩათვლით პერიოდს, შემმოწმებლის მიერ არის გათვალისწინებული და დღგ ჩათვლილი.

მიმდინარედ საწარმომ დადგენილი წესით მოითხოვა ამ პერიოდზე (07.2021 – 05.2023) დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის ჯამური დღგ-ის თანხა არის 23,348.16 ლარი. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას დღგ-ის გაანგარიშებაში და მოხდეს მისი ჩათვლა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. იხილეთ დანართ №1, რომელიც წარმოადგენს ჩათვლილი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხობრივი მონაცემების რეესტრს და დანართი №2, რომელიც წარმოადგენს ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრს. შედეგად, დღგ ნაცვლად 118,492 ლარისა იქნება 95,144 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია 2024 წლის მარტის თვეში 2021, 2022 და 2023 წლების დასაბეგრ ოპერაციებზე. შესაბამისად, შემოწმების მიმდინარეობისას შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4102 ბრძანება;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და დღგ-ის ჩათვლის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13906 და №32322 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33069 ბრძანება და №001-328 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შემცირებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით (სახელფასო განაცემები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დოკუმენტურად გაწეული ხარჯებით). შედეგად, მომჩივანს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა 508 121 ლარის ოდენობით, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დართულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია 2024 წლის მარტის თვეში 2021, 2022 და 2023 წლების დასაბეგრ ოპერაციებზე. შესაბამისად, შემოწმების მიმდინარეობისას შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №4102 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ხოლო,დღგ-ის ჩათვლის უფლების ნაწილში გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 174(1.2.3); 175(1 „ა“ და „ბ“.2); 176(1 „ა“); 180(1);