ბრძანება N 12453
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12453
05 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 23 იანვრისა და 8 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი აპრილის, 30 აპრილის და 28 მაისის სხდომებზე (ოქმები №28, №34 და №44) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 23 იანვრის №100299/1/2026 და 8 მაისის №102271/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის №024-143 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიეთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასის გაანგარიშებას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ მიწოდებაზე საბაზრო ფასის გავრცელება სამართლებრივად სწორია. თუმცა არასწორად იქნა დადგენილი საბაზრო ფასი. მიუთითებს, რომ გაუგებარია ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასის განსაზღვრისას რატომ არ იქნა გამოყენებული კომპანიის მიერ იმავე პერიოდში განხორციელებული მიწოდებები. ასევე, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მისი განმარტებით შეფასებულია აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება. მომჩივანი გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს საბაზრო ფასის დადგენისა და დასაბუთების პროცესში. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საბაზრო ფასის სწორად განსაზღვრის შემთხვევაშიც, საბაზრო ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობა საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნაწილში დღგ-ის თანხის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერი და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას. განმარტავს, რომ საგადასახდო კანონმდებლობაში არ არის ჩანაწერი, რომელიც საგადასახადო ორგანოს მისცემდა სამშენებლო კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე მიწოდებული ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების უფლებას. აცხადებს, რომ მათ აქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი და ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მიწოდებული საქონლის (ბინის) ღირებულებები სწორად არის ასახული დოკუმენტაციაში და შესაბამისად სწორადაა დაბეგრილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 ნოემბრის №25882 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 დეკემბრის №28874 ბრძანება და ამავე თარიღის №024-143 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 223 940 ლარი, მათ შორის გადასახადი 696 868 ლარი, ჯარიმა 353 065 ლარი და საურავი 174 007 ლარი.
საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, ------- მრავალსართულიანი საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობა. საწარმო დაფუძნებულია 2017 წლის ივნისის თვიდან, კომპანიას ------- აშენებული აქვს 4 მრავალბინიანი კორპუსი, რომელთაგან ყველა დასრულებულია და მიღებულია ექსპლუატაციაში. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ: კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%-ზე მეტი რეალიზებული აქვს ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობს დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ს ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის განმარტებების შესაბამისად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და მე-18 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით, გარკვეული რაოდენობის ბინებზე და კომერციულ ფართებზე (მათ შორის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ კომერციულ ფართზე) გავრცელებულ იქნა საბაზრო ფასი, რომელიც დადგენილ იქნა გადამხდელის მიერ საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. ამასთან, შემოწმებით დასაშვებად იქნა მიჩნეული საბაზრო ფასიდან 30%-იანი გადახრა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებთ, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები პერიოდების შესაბამისად. გადამხდელს განესაზღვრა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● გადასახადის გადამხდელს ------- აშენებული აქვს 4 მრავალბინიანი კორპუსი, რომელთაგან დღეის მდგომარეობით ყველა დასრულებულია და მიღებულია ექსპლუატაციაში. აღნიშნული ბინების და კომერციული ფართების სარეალიზაციო ფასის დადგენისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 18-ე, 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად. შემოწმებით ასევე ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა შემოსავალი მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რის შედეგადაც გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში სრულყოფილად არ აქვს ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რაც დამატებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით. შედეგად კომპანიას განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
რ.ბ) მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამხვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელთა მიხედივთ, საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცის, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებების, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და სხვა ინფორმაციის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, გარკვეული რაოდენობის უძრავ ქონებაზე, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით, გავრცელებულ იქნა საბაზრო ფასი, რომელიც დადგენილ იქნა გადამხდელის მიერ საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებგვერდებზე წარმოდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.
იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცის, გარიგების ამსახველი ხელშეკრულებების, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციებისა და სხვა ინფორმაციის ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, შემოწმების დადგინდა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორიციელებულ ოპერაციაზე საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებგვერდებზე წარმოდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საბაზრო ფასისა და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ პირთან მიმართებაში საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, კერძოდ:
● გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საბაზრო ფასის სწორად განსაზღვრის პირობებში, საბაზრო ფასსა და გარიგებს ფასს შორის სხვაობა უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით.
● ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მისი განმარტებით ბანკის მიერ შეფასებულია აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციაზე შემოწმების მიერ კვალიფიკაციის, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისთვის მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის შემოსავალში გათვალისწინება (ფულის ნაშთის მიზნებისთვის) და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებული/მისაღები შემოსავლის სხვაობის თანხის კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადგინდა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირი არ წარმოადგენს საწარმოს დაქირავებულ პირს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ ------- საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებული/მისაღები შემოსავლის სხვაობის თანხის კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადგინდა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირი არ წარმოადგენს საწარმოს დაქირავებულ პირს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამიხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ურთიეთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასის გაანგარიშება და განსაზღვრული ვალდებულებები.
2. არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნაწილში დღგ-ის თანხის გაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების პროცესში მიღებული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად არის შემცირებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. შემოწმებით, გარკვეული რაოდენობის ბინებზე და კომერციულ ფართებზე გავრცელებულ იქნა საბაზრო ფასი, რომელიც დადგენილ იქნა გადამხდელის მიერ საჯარო წყაროებში განთავსებული ინფორმაციის, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან იმავე საანგარიშო პერიოდებსა და ტერიტორიაზე დაფიქსირებული ფასების, ელექტრონულ ვებ-გვერდებზე წარმოდგენილი ფასების ცვალებადობის დინამიკის და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. გადამხდელს განესაზღვრა დღგ და ჯარიმა.
შემოწმებით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა შემოსავალი მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რის შედეგადაც გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დადგინდა, რომ კომპანიას სრულყოფილად არ აქვს ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები, რაც დამატებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, კომპანიას განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებული/მისაღები შემოსავლის სხვაობის თანხის კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადგინდა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირი არ წარმოადგენს საწარმოს დაქირავებულ პირს, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად. ამასთან, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164