ბრძანება N 24943
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24943
13 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 28 ოქტომბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 28 ოქტომბრის №98560/1/2025 და №169865/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის №006-367 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიიჩნევს, რომ ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრად ვერ ჩითვლება მანამ, სანამ რეალური ფინანსური სარგებელი არ იქნება მიღებული. აცხადებს, რომ 2021 წელს ---ის მუნიციპალიტეტსა და შპს „---ს“ შორის გაფორმდა 389 657 ლარის ხელშეკრულება, სოფელ ---ში სკვერის მოწყობაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2022 წლის 1 სექტემბერს, შპს „----სა“ და შპს „---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 143 665 ლარის ღირებულებით, იმავე ობიექტზე სამუშაოების შესასრულებლად. შპს „---მა“ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, რაც დადასტურებულია ხელშეკრულებებით, შედარების აქტებით, საწვავის ჩამოწერის დოკუმენტებითა და სხვა ბუღალტრული ჩანაწერებით (პროგრამა „ორისი“).
შესრულებული სამუშაოების ღირებულება კომპანიამ ბუღალტრულად ასახა, თუმცა დღგ-ის დეკლარაციაში არ ასახა, ვინაიდან შპს „---სა“ და ---ის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობს დავა შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე, რის გამოც თანხა კომპანიას დღემდე არ მიუღია.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ გადასახადისგან თავის არიდება არ მომხდარა განზრახ, არამედ ფაქტობრივი შემოსავლის მიუღებლობის გამო და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ჯარიმა-საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №12087 და 15 სექტემბრის №20264 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 სექტემბრის №21158 ბრძანება და ამავე თარიღის №006–367 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 48 098 ლარი, მათ შორის გადასახადი 28 165 ლარი, ჯარიმა 14 083 ლარი და საურავი 5 850 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: შპს ,,---” დაფუძნდა 2021 წლის 9 მარტს და იმევე დღეს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. გადამხდელის საქმიანობაა ხიდებისა და გზების სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება. (ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების ქვეკონტრაქტორია).
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა (ორისი), საბანკო ანგარიშების ამონაწერი, შედარების აქტები, საწვავის ჩამოწერის აქტები და ახსნა-განმარტებები. 2021 წელს, ოქტომბრის თვეში ---ის მუნიციპალიტეტსა და შპს „---ს“ შორის დაიდო 389 657 ლარის ხელშეკრულება, ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ---ში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წლის პირველ სექტემბერს შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება 143 665 ლარის ღირებულების სოფელ ---ში შესასრულებელ სამუშაოებზე.
შპს „---ის“ ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ფიქსირდება საქონლის ჩამოწერები, ხელფასებისა და მომსახურების თანხების გადახდები, ჯამში 122 834 ლარი, თუმცა აღნიშნული შესრულებული სამუშაოები შპს „---ს“ არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი. კომპანიის ახსნაგანმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულადაა შესრულებული, თუმცა თანხა არ აქვს მიღებული, რადგანაც შპს ,,---სა“ და ---ის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობს დავა შესრულებულ სამუშაოს მოცულობასა და ფინანსურ ანგარისწორებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბერგი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2021 წლის ოქტომბერში, ---ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,---ს" შორის დაიდო 389 657 ლარის ხელშეკრულება,---ს მუნიციპალიტეტის სოფელ---ში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2022 წლის პირველ სექტემბერს შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 143 665 ლარის ღირებულების სოფელ ---ში შესასრულებელ სამუშაოებზე.
შპს „---ის“ ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ფიქსირდებოდა საქონლის ჩამოწერები, ხელფასების და მომსახურების თანხების გადახდები, ჯამში 122 834 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული შესრულებული სამუშაოები შპს „---ს“ არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით.
საწარმოს ახსნა-განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად იყო შესრულებული, თუმცა თანხა არ ჰქონდა მიღებული, ვინაიდან შპს ,,---სა“ და ---ის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობს დავა შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე.
ამასთან, მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, ვინაიდან სადავო არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „---თვის“ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ფაქტი, შემოწმებით, საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიიჩნევს, რომ ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრად ვერ ჩითვლება მანამ, სანამ რეალური ფინანსური სარგებელი არ იქნება მიღებული.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ გადასახადისგან თავის არიდება არ მომხდარა განზრახ, არამედ ფაქტობრივი შემოსავლის მიუღებლობის გამო და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ჯარიმა-საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: საწარმო დაფუძნდა 2021 წლის 9 მარტს და იმევე დღეს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. გადამხდელის საქმიანობაა ხიდებისა და გზების სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება. (ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების ქვეკონტრაქტორია).
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა (ორისი), საბანკო ანგარიშების ამონაწერი, შედარების აქტები, საწვავის ჩამოწერის აქტები და ახსნა-განმარტებები. საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში შესრულებულ პროექტთან დაკავშირებით ფიქსირდება საქონლის ჩამოწერები, ხელფასებისა და მომსახურების თანხების გადახდები, ჯამში 122 834 ლარი, თუმცა აღნიშნული შესრულებული სამუშაოები მომჩივანს არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი. კომპანიის ახსნაგანმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულადაა შესრულებული, თუმცა თანხა არ აქვს მიღებული, რადგანაც მიმდინარეობს დავა შესრულებულ სამუშაოს მოცულობასა და ფინანსურ ანგარისწორებაზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამისად, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბერგი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, ვინაიდან სადავო არ არის გადასახადის გადამხდელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ფაქტი, შემოწმებით, საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 269 (7).