გადაწყვეტილება №20446/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20446/2/2023
16 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 1.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20446/2/2023).
დავის საგანი:
1. დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშება;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №024-78 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12646 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 169 525 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 101 237
დღგ - 43 287
საშემოსავლო გადასახადი - 58 159
ქონების გადასახადი - (-209)
ჯარიმა - 50 723
საურავი - 17 565
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტენდერში მონაწილეობის გზით ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №024-78 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12646 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს ქვეკონტრაქტორად დაქირავებული ჰყავს ურთიერთდამოკიდებული კომპანია - შპს ----- (ს/ნ ----), რომელიც ნაწილობრივ უსრულებს სამუშაოებს, მაგრამ სხვა შესასრულებელი ტენდერების შემთხვევაში არ ჰყავს ქვეკონტრაქტორი და ამასთან, არ გასცემს ხელფასებს. 27.07.2022 წელს შედგენილია ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია და ნაშთი შეადგენს 0-ს.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: ერთმანეთს შეუდარდა შემოწმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. არაპირდაპირი მეთოდით სალაროში ნაღდის ფულის ნაშთის გაანგარიშებისას, შემოსავალში გათვალისწინებულია ტენდერებიდან მიღებული თანხები, ხოლო ხარჯის ნაწილში - შეძენილი მომსახურება და მასალები, საკომისიო, ბიუჯეტში გადახდილი თანხები.
შედეგად, მიღებული თავისუფალი ფულადი ნაშთი (290 795 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და დადგენილ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს სალაროს ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი თავისუფალი ფულადი ნაშთის, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პერიოდში თანამშრომლობდა აუდიტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში წარუდგინა ყველა ის დოკუმენტი, რაც გააჩნდა იმ დროისთვის, თუმცა, ვინაიდან არ აქვს (არ ჰქონდა) ოფისი და ასევე, არ წარმოადგენს საქმიანობის ნაწილში აქტიურ ბიზნესს, ვერ მოხერხდა სრულყოფილად ყველა დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის, არ ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვა პროგრამულად.
აღიარებს, რომ დღგ ნამდვილად არასწორად აქვს დეკლარირებული და შესაბამისად ბიუჯეტში ნაკლებია გადახდილი, ვიდრე იქნებოდა მონაცემების სწორად წარდგენის შემთხვევაში, თუმცა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას არ ეთანხმება, ითხოვს გადაიხედოს აღნიშნული გადასახადის დარიცხვა.
საგადასახადო შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდითაა დათვლილი სალაროში არსებული გაუხარჯავი თანხები, რისი ხარჯვის დოკუმენტებიც ვერ წარადგინა დროულად, რეალურად კი გაცემულია თანხები რიგ მცირე მეწარმეებზე შესრულებული სარემონტო-სამუშაოების ასანაზღაურებლად. კომპანიამ მოგვიანებით მოაწესრიგა ხელშეკრულებები და შესაბამისი დოკუმენტაცია. ითხოვს, საშემოსავლო გადასახადის 58 159 ლარისგან გათავისუფლებას და მასთან დაკავშირებული ჯარიმის 29 080 ლარის გაუქმებას. ეთანხმება, აუდიტორს იმ ნაწილში რომ არ გასცემდა ხელფასს თანამშრომლებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტენდერით აღებულ შესასრულებელ სამუშაოს ანაზღაურების გარეშე ასრულებდა ფიზიკური პირი, დოკუმენტაციისადმი დაუდევრობამ და ვადების არ დაცვამ, გამოიწია სწორედ მისთვის მიუღებელი ჯარიმა და ითხოვს, გადახედილ იქნას აღნიშნული საკითხი. საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ხელშეკრულებებს მცირე მეწარმეებთან, ნაღდი ანგარიშსწორების დოკუმენტაციას, რათა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის და ამ გადასახადის მიხედვით დარიცხულ ჯარიმის შესაბამისი კორექტირება.
-------ს რაიონის გამგეობასთან აქვს სასამართლო დავა საქალაქო სასამართლოში ხელშეკრულების №----- (80 457 ლარი) და №----- (91 813,96 ლარი), რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული და გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების თანხების გასაჩივრების დროს.
ითხოვს, საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ხარჯვის დოკუმენტებს და მასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის №96666-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია ძირითადად ასრულებს ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანია არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას. ამასთან, ქვეკონტრაქტორად დაქირავებული ჰყავს ურთიერთდამოკიდებული კომპანია შპს "-----" (ს/ნ ----), რომელიც ნაწილობრივ უსრულებს სამუშაოებს, მაგრამ სხვა შესასრულებელი ტენდერების შემთხვევაში არ ჰყავს ქვეკონტრაქტორი და ამასთან, არ გასცემს ხელფასებს. 27.07.2022 წელს შედგენილია ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლითაც გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია და ნაშთი შეადგენს 0-ს. ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ იყო სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით. კერძოდ, ერთმანეთს შედარდა შემოწმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი საბანკო ამონაწერები, გადასახადების ადმინისტრირების ბაზებში არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, არაპირდაპირ იქნა გაანგარიშებული სალაროში ნაღდის ფულის ნაშთი. შემოსავალში გათვალისწინებული იქნა ტენდერებიდან მიღებული თანხები, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა შეძენილი, მომსახურება და მასალები, საკომისიო, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. ელექტრონული ფოსტის საშუალებით რამდენჯერმე მოეთხოვა წარმოედგინა შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც მისი მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი, ამასთან გადასახადის გადამხდელმა არ განმარტა კონკრეტულად ვინ უსრულებდა სამშენებლო სამუშაოებს: დაქირავებული ფიზიკური პირები თუ მცირე მეწარმეები. შესაბამისად, შემოწმების პროცესში, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული დოკუმენტაცია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული 30.12.2020 წლის ხელშეკრულებითა და 31.12.2020 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ -----ს მუნიციპალიტეტის მერიის ------ს რაიონის გამგეობამ ცალმხრივად შეწყვიტა მომჩივნათან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------ (80 457,2 ლარი) და №------ (91 813,96 ლარი) ხელშეკრულება. აღნიშნულს არ ეთანხმება კომპანია და 22.02.2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია საჩივარი, რომელსაც თან ერთვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და კომპანიას არ აქვს ჩარიცხული თანხა. ვინაიდან, აღნიშნული დავის ეტაპზეა და არ არსებობს შესრულებული სამუშაოების მიღების დამდასტურებელი დოკუმეტაცია შემოწმებით, აღნიშნულს დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობა არ მიუღია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 50 723 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №024-78 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 17 565,3 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმის გაუქმებას, ასევე ითხოვს, დღგის ნაწილში დარიცხული ჯარიმის და საურავის გაუქმებას. პანდემიით გამოწვეული შექმნილი კრიზისის შემდეგ აღარ ახორციელებს ტენდერებში ან/და ტენდერების მიღმა ფუნქციონირებას და რეალურად აქვს ნულოვანი ბრუნვის მქონე კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი ითხოვს, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმის გაუქმებას და დღგის ნაწილში დარიცხული ჯარიმის და საურავის გაუქმებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გაანგარიშება;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანს ქვეკონტრაქტორად დაქირავებული ჰყავს ურთიერთდამოკიდებული კომპანია, რომელიც ნაწილობრივ უსრულებს სამუშაოებს, მაგრამ სხვა შესასრულებელი ტენდერების შემთხვევაში არ ჰყავს ქვეკონტრაქტორი და ამასთან, არ გასცემს ხელფასებს. 27.07.2022 წელს შედგენილია ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია და ნაშთი შეადგენს 0-ს. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, მიღებული თავისუფალი ფულადი ნაშთი (290 795 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 50 723 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის №024-78 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 17 565,3 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 73(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 272(1), 275(2), 269(7).