გადაწყვეტილება №19224/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19224/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------- 27.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19224/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №227-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5161 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 777 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 13 852
დღგ - 5 726
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 240
საშემოსავლო გადასახადი - 7 886
ჯარიმა - 4 930
საურავი - 4 995
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი ბენზინის და დიზელის რეალიზაციას ახორციელებს საკონტროლოსალარო აპარატის გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია ფიქსირდება მხოლოდ 4 შემთხვევაში. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის ჟურნალები, საბანკო ამონაწერები და „ექსელში“ დამუშავებული ინფორმაცია საქონლის მოძრაობის და ხარჯების შესახებ.
საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით, ფასნამატები შეადგენს: 2018 წელს 5%, 2019 წელს 5%, 2020 წელს 4%. ბენზინის საშუალო ფასნამატი შეადგენს 3%-ს, ხოლო დიზელის 4%-ს.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან, 2021 წლის 18 ივნისს, ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა ბენზინზე და დიზელზე, რომლის მიხედვით დაფიქსირდა ფასნამატი ბენზინზე 8%, ხოლო დიზელზე 11% (აღნიშნული ფასნამატის გამოანგარიშებისას საწვავების სარეალიზაციო ფასები (ბენზინის 2.6 ლარი, ხოლო დიზელის 2.55 ლარი) შეფარდებულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო შეძენის ფასთან). აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული, ბენზინის და დიზელის რეალიზაციაზე, შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი წლების მიხედვით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გადანაწილდა წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციის პროპორციულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლს თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2021 წლის №22890 ბრძანება და №227-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ბენზინზე გაავრცელოს 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი, ხოლო დიზელის შემთხვევაში იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებული ფასნამატით. 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე (დიზელზებენზინზე) გაავრცელოს 2021 წლის 18 ივნისს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.06.2022 წლის გადაწყვეტილებით (№15680/2/2022) საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №1008 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 16 013 ლარით. აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №227-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.03.2023 წლის №5161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2018-2019 წლებზე ბენზინზე საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა 2018 წლის 10 ოქტომბრის საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული ფასნამატის 5%-ის გავრცელება, ხოლო დიზელზე დარჩა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე 2018- 2019 წლებზე გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა დეკლარირებული, ასევე შემოწმებით 2018-2019 წლების ერთობლივი შემოსავალი ედრება პირის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად მოხდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ფასნამატი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა 2018-2019 წლებში, გამოთვლილია არასწორად და ეწინააღმდეგება შემოწმების პოზიციითვე 2020-2021 წლებში გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების მეთოდოლოგიას. 2020-2021 წლების ფასნამატი გაანგარიშდა შემდეგნაირად: 2021 წლის 18 ივნისს ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული ბენზინის და დიზელის სარეალიზაციო ფასები შეფარდებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო შეძენის ფასებთან. ხოლო, 2018- 2019 წლების ფასნამატის გაანგარიშებისას შემოწმებამ 2018 წლის 10 ოქტომბერს საკონტროლო შესყიდვაში დაფიქსირებული ბენზინის სარეალიზაციო ფასი შეაფარდა არა ბენზინის ბოლო შეძენის ფასთან, არამედ 2018 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 10 ოქტომბრამდე შეძენილი ბენზინის საშუალო ფასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეცვლილი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ფასნამატი წარმოადგენს არაზუსტ სიდიდეს, ვინაიდან შეუძლებელია 2018 წლის სარეალიზაციო ფასი შეაფარდო მათ შორის 2019 წლის პერიოდში შეძენილი პროდუქციის საშუალო ფასთან და ამით დაადგინო რეალური ფასნამატი 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე. შემოწმების ქმედებები ცალსახად არათანმიმდევრულია და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან, ასევე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებასთან.
შემოწმებას სწორად რომ მოეხდინა 2018-2019 წლების ფასნამატის გაანგარიშება, მას უნდა შეემცირებინა არა მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები 2018- 2019 წლების საანგარიშო პერიოდებში, არამედ უნდა შეემცირებინა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებიც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ბენზინზე გაავრცელოს 2018 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი, ხოლო დიზელის შემთხვევაში იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე პერიოდში დეკლარირებული ფასნამატით. 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე (დიზელზებენზინზე) გაავრცელოს 2021 წლის 18 ივნისს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის დასკვნის საფუძველზე შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 16 013 ლარით.
აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ 2018-2019 წლებზე განხორციელდა 2018 წლის 10 ოქტომბრის საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული ფასნამატის 5%-ის (საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი 2.3 ლარი, შეფარდებული 2018 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 10 ოქტომბრამდე შეძენილი ბენზინის საშუალო ფასზე, 2.18) გავრცელება ბენზინზე, ხოლო დიზელზე დარჩა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018-2019 წლებზე გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა დეკლარირებული, ასევე შემოწმებით 2018-2019 წლების ერთობლივი შემოსავალი ედრება პირის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არასწორად მოხდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ფასნამატი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა 2018-2019 წლებში, გამოთვლილია არასწორად და ეწინააღმდეგება შემოწმების პოზიციითვე 2020-2021 წლებში გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების მეთოდოლოგიას. შემოწმების მიერ შეცვლილი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ფასნამატი წარმოადგენს არაზუსტ სიდიდეს, ვინაიდან შეუძლებელია 2018 წლის სარეალიზაციო ფასი შეაფარდო მათ შორის 2019 წლის პერიოდში შეძენილი პროდუქციის საშუალო ფასთან და ამით დაადგინო რეალური ფასნამატი 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე. შემოწმებას სწორად რომ მოეხდინა 2018-2019 წლების ფასნამატის გაანგარიშება, უნდა შეემცირებინა არა მხოლოდ საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში, არამედ უნდა შეემცირებინა დეკლარირებული მონაცემებიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტი 4.05.2023 წლის №42749-21-14 წერილი, სადაც გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, 2018-2019 წლებზე გამოყენებულ ფასნამატის მეთოდზე აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების დროს 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოყენებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი ბენზინზე 5%, რომელიც ედრება დეკლარირებულ ფასნამატს, ხოლო დიზელზე დარჩა დეკლარირებული ფასნამატი (შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანების შესაბამისად). 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე (საგადასახადო შემოწმების აქტით) გამოყენებული იქნა საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული გასაყიდი ფასი, რომელიც შეეფარდა ბოლო შეძენის ღირებულებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომ 2018-2019 წლებზე გამოყენებულ იქნეს 2020-2021 წლებზე გავრცელებული ფასნამატის მეთოდი, განმარტავს, რომ 2020 - 2021 წლებზე გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით 2018-2019 წლებზე, მოხდებოდა დეკლარირებული ბრუნვების შემცირება (აღნიშნული მეთოდით ფასნამატი გამოდის 2.68%, რაც გამოიწვევდა დეკლარირებული მონაცემების თითქმის განახევრებას), ხოლო 2018-2019 წლებზე გამოყენებული ფასნამატის (საშუალო შეწონილი) მეთოდით, 2020-2021 წლებში ფიქსირდებოდა იგივე ფასნამატი (არაარსებითი სხვაობით), რაც დაფიქსირებულია შემოწმებით. 2020-2021 წლებზე ვერ იქნებოდა გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის მეთოდი ვინაიდან, 2021 წლის 27 მაისის №16291 ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.05.2021 წლამდე, ხოლო საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა 2021 წლის 18 ივნისს, 2021 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 18 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე არ იქნა წარმოდგენილი ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ჟურნალის მონაცემები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშდა არასწორად, რადგან 2018-2019 წლების მიმართ აუდიტის დეპარტამენტმა არ განახორციელა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიცემული დავალების შესრულება, კერძოდ, ბენზინზე უნდა გავრცელებულიყო 2018 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი, მაგრამ გაანგარიშება განხორციელდა სხვა მეთოდით. მისი აზრით გაანგარიშება უნდა მომხდარიყო ისე, როგორც 2020-2021 წლებთან მიმართებით მოხდა, კერძოდ უახლოეს შეძენასთან უნდა მომხდარიყო დაკავშირება და ისე დაედგინა 2018-2019 წლებზე შემმოწმებელს ბენზინზე ფასნამატი. ანუ, რა მეთოდიც იქნა გამოყენებული 2020-2021 წლების მიმართ, იგივე მეთოდი გამოეყენებინა 2018-2018 წლებზეც, რადგან არასწორია 2018 წლის სარეალიზაციო ფასი შეაფარდო 2019 წლის პერიოდში შეძენილი პროდუქციის საშუალო ფასთან და ამით დაადგინო რეალური ფასნამატი 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე, ვინაიდან ფასნამატი არასწორი გამოვა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმება დანიშნული იყო 2021 წლის 1 მაისამდე პერიოდზე, 2021 წლის 16 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის შედეგად დადგენილი ფასნამატი გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდზე, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ 2018 წელსაც ყოფილა ჩატარებული საკონტროლო შესყიდვა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დაევალა 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ბენზინზე 2018 წელს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატის გამოყენება. 2020 - 2021 წლებზე გამოყენებული ფასნამატის გაანგარიშების მეთოდის, ანუ საკონტროლო შესყიდვის შეფარდებით უახლოეს შეძენასთან დაკავშირებით, 2018-2019 წლებზე გამოყენებით, გამოდიოდა რომ დეკლარირებული მონაცემები უნდა განახევრებულიყო (ფასნამატი გამოდის 2.68%), ამიტომ 2018-2019 წლებზე ფასნამატის (საშუალო შეწონილი) მეთოდი იქნა გამოყენებული. 2020-2021 წლებზე ვერ იქნებოდა გამოყენებული საშუალო შეწონილი ფასნამატის მეთოდი ვინაიდან, როგორც აღნიშნა შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 მაისამდე, საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა 2021 წლის 18 ივნისს, ხოლო 1 მაისიდან 18 ივნისამდე პერიოდზე არ იქნა წარდგენილი ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ჟურნალის მონაცემები.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ბენზინის და დიზელის რეალიზაციას ახორციელებს საკონტროლოსალარო აპარატის გამოყენებით.შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია ფიქსირდება მხოლოდ 4 შემთხვევაში. საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით, ფასნამატები შეადგენს: 2018 წელს 5%, 2019 წელს 5%, 2020 წელს 4%. ბენზინის საშუალო ფასნამატი შეადგენს 3%-ს, ხოლო დიზელის 4%-ს.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან, 2021 წლის 18 ივნისს, ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა ბენზინზე და დიზელზე, რომლის მიხედვით დაფიქსირდა ფასნამატი ბენზინზე 8%, ხოლო დიზელზე 11%.აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული, ბენზინის და დიზელის რეალიზაციაზე, შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი წლების მიხედვით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გადანაწილდა წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციის პროპორციულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.01.2022 წლის №1008 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;