ბრძანება N 17853
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17853
24 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2022 წლის 7 და 9 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის №17933/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------“ (ს/ნ „-------“) 2022 წლის 7 თებერვლის №67801/1/2022 და 9 თებერვლის №67885/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №094-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურების სიყალბის საფუძვლით და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტიდან არ ირკვევა, თუ რით არის დადგენილი აღნიშნული ფაქტურების სიყალბე. მისი განმარტებით, ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მომწოდებლის მიერ, მიღებულია შესაბამისი ოდენობის და ხარისხის რუსული ხორბალი და ჩათვლილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხა კანონმდებლობის დაცვით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის №35720 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- -ს “ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება სისხლის სამართლის №092061219003 საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს შედგენილი თემატური რევიზიის 2021 წლის 8 ოქტომბრის აქტის შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 24 დეკემბრის №40600 ბრძანება და ამავე თარიღის №094-173 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 397 624 ლარი, მათ შორის, გადასახადი 107 609 ლარი, ჯარიმა 264 750 ლარი და საურავი 25 265 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №24036 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №24036 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №24036 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქმესთან არსებული მასალებით, ამ ეტაპზე არ დასტურდება სადავო საგადასახადო ანგარიშფაქტურების სიყალბე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 6 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №092061219003 საქმეზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალით დგინდება შპს „----- -ს “ მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შპს „------- -ს “ სრულად აქვს ჩათვლილი შემდეგი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები: ეა- „-------“, ეა-„-------“, ეა-„-------“, ეა-„-------“ 2019 წლის აგვისტოს, ეა-„-------“, ეა-„-------“, ეა-„-------“ 2019 წლის სექტემბრის, ხოლო ეა-„-------“ , ეა-„-------“ ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შპს „----- -ს “ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა 107 607 ლარის ოდენობით სრულად დაექვემდებარა გაუქმებას, კერძოდ, შემოწმების შედეგად შემცირდა შპს „----- -ს “ 2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადამხდელის დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით მიწოდებული მასალებით, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ დადგენილებით და ამავე სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტით და ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა შემოწმების აქტში დასახელებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბეს. ხოლო საქმესთან არსებული მასალებით, ამ ეტაპზე არ დასტურდება სადავო საგადასახადო ანგარიშფაქტურების სიყალბე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურების სიყალბის საფუძვლით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალით დგინდება მომჩივანის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით,მომჩივანის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა სრულად დაექვემდებარა გაუქმებას.
გადამხდელის დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმები.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
173(1),174(1 "ა"),280(1)