ბრძანება N 27263
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27263
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2017 წლის 9 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2017 წლის 9 თებერვლის №28590/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის №081-218 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა არის უკანონო და ითხოვს საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 31 ივლისის №28545 და 2016 წლის 20 აპრილის №10993 ბრძანებების საფუძველზე შპს „---“-ის (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2013 წლის 27 თებერვლიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში შემოწმდა 2013, 2014, 2015 წლების საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 10 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის №31315 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 55 258 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 26 460 ლარი, ჯარიმა 13 230 ლარი და საურავი 15 568 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 28 მარტის №8065 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 27 ივლისის №4115/2/2017 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 მარტის №8065 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის №4115/2/2017 გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის №3/1148-17-21 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. შპს „---“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 მარტის ბრძანება N8065.
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
2.2. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს შპს „---“ (ს/ნ ---) მიერ წარდგენილი საჩივარი და იმსჯელოს საჩივარში მითითებულ გარემოებებზე.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის №ბს-340(2კ-22) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის №3/ბ-14-22 განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის №3/1148-17-21 გადაწყვეტილება.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში ასახული არ აქვს განხორციელებული სასაქონლო ოპერაციიდან (ექსპორტი) მიღებული შემოსავალი 169 757 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმო ვალდებული იყო ერთობლივ შემოსავალში ჩაერთო ექსპორტის ოპერაციები.
საწარმოს 2013 წელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი 6 642 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, საწარმოს შეუმცირდა გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული არ აქვს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. ასევე გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა არის უკანონო და ითხოვს საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის №ბს-340(2კ-22) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის №3/ბ-14-22 განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის №3/1148-17-21 გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2 (2); 136; 100; 102; 105; 72; 43.
2017 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 96; 97.