საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/147-22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 3/147-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/147-22

24 დეკემბერი, 2024 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ტარიელ ბალაბანიშვილი

სხდომის მდივანი - ნიტა ფაიქიძე

 

ქ. ქუთაისი

 

მოსარჩელე - „----------“

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ----------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 17 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება;

1.2. მოპასუხე - შემოსავლების სამსახურს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე „----------“ დაუბრუნდება 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი თანხა, 6600 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის თანახმად:

2021 წლის 22 ოქტომბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2007 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად 3000 ლარამდე მიღებული და დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი თანხა. 2007 წლიდან 2017 წლამდე დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 87158.75 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი იმავე პერიოდში შეადგენს 17431.78 ლარს. მოსარჩელე, როგორც ომის მონაწილე სარგებლობს შეღავათებით, კერძოდ, 2005 წლამდე მას არ ეჭრებოდა საშემოსავლო გადასახადი. იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ იგი არის აფხაზეთის ომის მონაწილე, წარმოადგინა ცნობა, გაცემული საქართველოს შსს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 30 იანვარს და ცნობა N---------- გაცემული 1998 წლის 17 სექტემბერს აფხაზეთის ა/რ სამხედრო კომისარიატის მიერ, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც გაიცა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა - ომის მონაწილის სტატუსით. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მას დაუბრუნდა ბოლო სამი წლის ხელფასიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო დანარჩენი წლების არა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 2007 წლიდან 2017 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხვა და უკან დაბრუნება ვერ განხორციელდება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. 2022 წლის 10 იანვარს მოსარჩელემ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი 6600 ლარის დაბრუნება. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის N3923 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული ბრძანების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, 2007-2017 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლიდან - დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხვა და უკან დაბრუნება ვერ განხორციელდება. ყოველივე აღნიშნულის გამო მოსარჩელე ითხოვს დაუბრუნდეს 2007 წლიდან 2017 წლის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი თანხა, რომელიც შეადგენს 6600 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით (საქმე Nბს-986 კ-20)) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც „----------“ სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის N---------- გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკებრის N---------- კომისიის სხდომის ოქმი, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს „----------“ ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება (საქმე Nბს-986(კ-20)).

3.2. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის თანახმად, „----------“ (პ/ნ ----------) მიენიჭა ომის მონაწილის (ვეტერანის) სტატუსი, სტატუსის მინიჭების თარიღი: 16.06.2021წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა (ს/კ ----------).

3.3. „----------“ 2021 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2007 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება. მოსარჩელეს აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაუბრუნდა ბოლო სამი წლის ხელფასიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო 2007-2017 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხვასა და უკან დაბრუნებაზე შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „----------“ 2021 წლის 22 ოქტომბრის განცხადება;

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის N----------: წერილი (გადაწყვეტილება);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 იანვრის სხდომაზე განხილულ იქნა „----------“ (პ/ნ ----------) N2586/01 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ასაჩივრდებდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 15 ნოემბრის N---------- გადაწყვეტილებას.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის N3923 ბრძანებით „----------“ საჩივარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის N3923 ბრძანება.

3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის N---------- ცნობის თანახმად დგინდება, რომ „----------“ მიერ 01.01.2007 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 87158.75 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 17431.78 ლარს. აღნიშნულ ცნობაზე თანდართული ინფორმაციიდან კი დგინდება, რომ „----------“ შემოსავალი უფიქსირდება 2009 წლიდან.

ზემოაღნიშნული მონაცემების თანახმად დგინდება, რომ „----------“ მიერ 01.01.2009 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით მიღებულმა ყოველწლიურმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 9684.30 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტრანის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ „----------“ შემოსავალი უფიქსირდება 2009 წლიდან, დგინდება, რომ „----------“ 01.01.2009 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით 3000 ლარამდე დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შედგენს არა 6600 ლარს, არამედ 5400 ლარს (წელიწადში 600 ლარი X 9 წელიწადზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის N---------- ცნობა და დანართი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე „----------“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირს და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე

კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და ამავდროულად სასამართლოს დავალებით გამოცემული აქტი სრულად დააკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სარჩელის შეტანის და წარდგენილი სარჩელის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის სუბიექტურ უფლებასა და ინტერესს აქტი ან/და მისი გამოუცემლობა აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. ხელყოფა უნდა შეეხებოდეს მოსარჩელის იმ უფლებას, რომელიც დაცულია მატერიალური კანონმდებლობით და აქტის ბათილად ცნობის ან აქტის გამოცემის შემთხვევაში იძლევა პირის უფლებებში აღდგენის ან მისი რაიმე ტიპის უფლებით აღჭურვის შესაძლებლობას. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ კანონიერი ინტერესი იმთავითვე არ ნიშნავს მოთხოვნის კანონიერებას და სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს რა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელე აღნიშნულ აქტს ასაჩივრებს და ასევე ახალი აქტის გამოცემის დავალებას ითხოვს ერთი და იმავე საფუძველზე მითითებით, სასამართლო, გასაჩივრებული აქტისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების კანონიერებას სარჩელის საფუძველთან მიმართებით შეამოწმებს მათ ერთობლიობაში.

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წლის 17 თებერვალს მიღებული იმ გადაწყვეტილების ბთილად ცნობას (N3923 ბრძანება), რომლითაც არ დაკმაყოფილდა „----------“ საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის N----------: წერილობითი პასუხის (გადაწყვეტილების) თაობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში გასაჩივრებული აქტი N3923 ბრძანება თავის თავში მოიცავს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის N---------- წერილობით პასუხს (გადაწყვეტილებას), სასამრთლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის N3923 ბრძანების კანონიერების შემოწმებასთან ერთად ასევე შეამოწმებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის N---------- წერილობითი პასუხის (გადაწყვეტილების) კანონიერებასაც.

6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი მუხლი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტრანის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანების 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, ზედმეტად გადახადილი თანხის დაბრუნების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით „----------“ სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეტა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 18 დეკემბრის N---------- გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2018 წლის 14 დეკებრის N---------- კომისიის სხდომის ოქმი, და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური „----------“ ომის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის თანახმად, „----------“ (პ/ნ ----------) მიენიჭა ომის მონაწილის (ვეტერანის) სტატუსი, სტატუსის მინიჭების თარიღი: 16.06.2021წ.

„----------“ 2021 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2007 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება. განცხადების საფუძველზე „----------“ დაუბრუნდა მხოლოდ ბოლო სამი წლის ხელფასიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო 2007-2017 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღრიცხვასა და უკან დაბრუნებაზე შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 15 ნოემბრის N---------- წერილობითი პასუხით (გადაწყვეტილებით) უარი განაცხადა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული უარი „----------“ მიერ გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 იანვრის სხდომაზე განხილულ იქნა „----------“ (პ/ნ ----------) N2586/01 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ასაჩივრდებდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 15 ნოემბრის N---------- წერილობით პასუხს (გადაწყვეტილებას). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის N3923 ბრძანებით „----------“ საჩივარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილია, რომ „----------“ მიერ 01.01.2007 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 87158.75 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 17431.78 ლარს, ამასთან, „----------“ შემოსავალი უფიქსირდება 2009 წლიდან. შესაბამისად დგინდება, რომ „----------“ მიერ 01.01.2009 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით მიღებულმა ყოველწლიურმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 9684.30 ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ „----------“ შემოსავალი უფიქსირდება 2009 წლიდან, დგინდება, რომ „----------“ 01.01.2009 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით 3000 ლარამდე დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს არა 6600 ლარს, არამედ 5400 ლარს (წელიწადში 600 ლარი X 9 წელიწადზე).

6.4 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან, საკანონმდებლო რეგულაციებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 ნოემბრის N---------- წერილობითი პასუხი (გადაწყვეტილება) და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის N3923 ბრძანება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილსა და „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანების 21-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ კონკრეტულ კალენდარულ წელს გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გადასახადის გადამხდელს წარმოეშობა სწორედ ამ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომელ წელსაც ზედემეტად იქნა გადასახადი გადახდილი, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა (პერიოდი როდესაც გადასახადის გადამხდელს შეუძლია მოთხოვნის წარდგენა) გრძელდება ამ კალენდარული წლის დასრულებიდან მხოლოდ სამი წლის განმავლობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, 2007 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 2021 წლის 22 ოქტომბერს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილისა და „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანების 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს უფლებამოსილება ჰქონდა „----------“ დაეუბრუნებინა განცხადების წარდგენიდან მხოლოდ წინა სამი წლის (2018-2019-2020 წლები) საანგარიშო პერიოდებში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი, რაც დაუბრუნა კიდეც. რაც შეეხება 2018 წლის წინა წლების (2007-2017 წლები) საანგარიშო პერიოდებში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის დაბურნების მოთხოვნას, განცხადების წარდგენის დროისათვის - 2021 წელს აღნიშნული მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია და შესაბამისად შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი „----------“ დაუბრუნოს 2007-2017 წლების საანგარიშო პერიოდებში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, აქტები სრულად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მათი გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოცილური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 და VIII7 თავებით გათვალისწინებულ საქმეებზე.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანო/საბაჟო ორგანო ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ სარჩელებზე, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-12, მე-17, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 102-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249–ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

ტარიელ ბალაბანიშვილი

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, 2007 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 2021 წლის 22 ოქტომბერს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილისა და „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის N13446 ბრძანების 21-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს უფლებამოსილება ჰქონდა მოსარჩელისთვის დაეუბრუნებინა განცხადების წარდგენიდან მხოლოდ წინა სამი წლის (2018-2019-2020 წლები) საანგარიშო პერიოდებში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი, რაც დაუბრუნა კიდეც. რაც შეეხება 2018 წლის წინა წლების (2007-2017 წლები) საანგარიშო პერიოდებში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის დაბურნების მოთხოვნას, განცხადების წარდგენის დროისათვის - 2021 წელს აღნიშნული მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია და შესაბამისად შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი მოსარჩელეს დაუბრუნოს 2007-2017 წლების საანგარიშო პერიოდებში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, აქტები სრულად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მათი გამოცემის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-12, მე-17, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 102-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249–ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.