ბრძანება N 6597
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6597
26 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------,იურ. მის.: --------------------------)
2024 წლის 18 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ---------------) 2024 წლის 18 იანვრის №86894/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №002-301 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას და აცხადებს, რომ გაანგარიშებებში დაშვებულია უზუსტობები, კერძოდ, გადამხდელს მეტობით აქვს დეკლარირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერია ეკ --------, რომელიც აუდიტის დეპარტამენტს დამატებით აქვს ბრუნვაში ჩართული, ნაცვლად კორექტირების შედეგად დასაბეგრი ბრუნვის შემცირებისა;
2. მომჩივნის განმარტებით, მნიშვნელოვანი უზუსტობაა დაშვებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ფულადი ნაშთის გაანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული დოკუმენტური შეძენა და სხვა ხარჯები. ამასთან, აღნიშნავს, რომ კომპანიას მომსახურებას უწევენ მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებთანაც ანგარიშსწორება ხდება ნაღდი ფულით, შესაბამისად, სალაროში ზემოაღნიშნული თანხები ფიზიკურად ვერ იქნებოდა. გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ ხშირია ავტონაწილების შეძენის შემთხვევები შესყიდვის აქტებით, რასაც აუდიტის დეპარტამენტი ვერ მიიღებდა მხედველობაში გადამხდელის მხრიდან შემოწმების ეტაპზე მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო, თუმცა ზემოაღნიშნულ ტექნიკას უტარდება მიმდინარე საექსპლუატაციო სამუშაოები, რაც გულისხმობს გარკვეული ცვეთადი ნაწილების შეცვლას საჭიროებისამებრ;
3. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 ივნისის №14494 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 დეკემბრის №32648 ბრძანება და ამავე თარიღის №002-301 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 087 506 ლარი, მათ შორის, გადასახადი 670 818 ლარი, ჯარიმა 332 562 ლარი და საურავი 84 126 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2021 წლის სექტემბრის ოპერაციაზე 2021 წლის 29 ოქტომბერს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----- და არ არის ჩართული შესაბამისი თვის დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით დაკორექტირდა 2021 წლის სეტემბრის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმებით ასევე დაიბეგრა გადამხდელის მიერ შეძენილი სარემონტო მასალები, რაზეც არ იქნა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება;
. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ მოწოდებული პროგრამა „ორისის“ მონაცემებით, რომლის თანახმად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში ერიცხება მზარდი ნაღდი ფულის ნაშთი 2 084 249 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ამავე პროგრამის და გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით 2023 წლის 20 ივლისს (შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ) გაცემულია სესხად. შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართით (მეთოდური მითითება სალაროს ნაღდი ფულის შესახებ), რომლის თანახმადაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო გონივრული ნაშთი, რამაც საკასო ხარჯების და შემოსავლების გათვალისწინებით შეადგინა 3780 ლარი. შესამოწმებელი პერიოდისათვის ნაშთად არსებული თანხა, გონივრული ნაშთის გამოკლებით დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
. შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გაცემულია თანხები კრედიტორული დავალიანების დასაფარად, თუმცა აღნიშნული დავალიანების რეალობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი. სალაროდან გაცემული თანხები შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ასევე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა საბანკო ბარათით გადახდილი ის თანხები, რომლებზეც შესყიდვის დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის სექტემბრის ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, შეძენილია სარემონტო მასალები, რაზეც არ იქნა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება.
საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებითი არგუმენტები/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართით (მეთოდური მითითება სალაროს ნაღდი ფულის შესახებ), განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო გონივრული ნაშთი და შესამოწმებელი პერიოდისათვის ნაშთად არსებული თანხა, გონივრული ნაშთის გამოკლებით დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. ამასთან, კრედიტორული დავალიანების დასაფარად გაცემული თანხები, რომელთან დაკავშირებითაც არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია, დოკუმენტაცია, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, დასაბეგრი ფულადი ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული დოკუმენტური შეძენა და სხვა ხარჯები, მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები, ავტონაწილების შეძენის შესყიდვის აქტები, ასევე ტექნიკის საექსპლუატაციო სამუშაოებზე გაწეული ხარჯები. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს აღიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები,მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება:
1. დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.
2. უზუსტობაა დაშვებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ფულადი ნაშთის გაანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული დოკუმენტური შეძენა და სხვა ხარჯები.
3. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14494 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32648 ბრძანება და №002-301 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 087 506 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2021 წლის სექტემბრის ოპერაციაზე 2021 წლის 29 ოქტომბერს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ არის ჩართული შესაბამისი თვის დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით დაკორექტირდა 2021 წლის სეტემბრის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმებით ასევე დაიბეგრა გადამხდელის მიერ შეძენილი სარემონტო მასალები, რაზეც არ იქნა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება.
ასევე,შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ მოწოდებული პროგრამა „ორისის“ მონაცემებით, რომლის თანახმად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში ერიცხება მზარდი ნაღდი ფულის ნაშთი . აღნიშნული თანხა ამავე პროგრამის და გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით 2023 წლის 20 ივლისს (შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ) გაცემულია სესხად. შემოწმებამ იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართით (მეთოდური მითითება სალაროს ნაღდი ფულის შესახებ), რომლის თანახმადაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო გონივრული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდისათვის ნაშთად არსებული თანხა, გონივრული ნაშთის გამოკლებით დაკვალიფიცირდა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან,შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გაცემულია თანხები კრედიტორული დავალიანების დასაფარად, თუმცა აღნიშნული დავალიანების რეალობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი. სალაროდან გაცემული თანხები შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ასევე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა საბანკო ბარათით გადახდილი ის თანხები, რომლებზეც შესყიდვის დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1) ; 168(1); 269(7);