ბრძანება N 22797

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22797
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22797

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 8 აგვისტოს №82913/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №063-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ 2005 წლის პირველი დეკემბრიდან ---------- რაიონის გამგეობიდან 49 წლის ვადით, იჯარით, აიღო 42 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლიდანაც 2015 წლის ბოლომდე ახდენდა ლიცენზიით ქვიშა-ხრეშის ამოღებას და გადამუშავებას. განმარტავს, რომ 2015 წელს ქვეიჯარით გადაუფორმა მიწა შპს „----------“ დირექტორ ----------, რომლისგანაც არანაირი სარგებელი არ მიუღია. განმარტავს, რომ 2022-2023 წლებში არ იმყოფებოდა აღნიშნულ მიწაზე და არ იყო ინფორმირებული ამ გადასახადის შესახებ. აღნიშნავს, რომ ის იხდიდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახადს. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მარტის №5925 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ს/კ ---------- საკადასტრო კოდზე არსებული მიწიდან წარმოშობილი მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №8554 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 20 აპრილის №063-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 47 909 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 27 216 ლარი, ჯარიმა 13 608 ლარი და საურავი 7 085 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა 2005 წელს ი/მ „----------“ მიღებული აქვს 49 წლიანი იჯარით. მიწის ფართობია 42 000 კვ.მ. მეწარმეს მის სარგებლობაში არსებულ მიწაზე გადასახადი არ ჰქონდა დეკლარირებული და გადახდილი. არასასოფლო-სამეურნეო მიწა 2015 წელს გადაცემულია ქვეიჯარით შპს „----------“ (ს/ნ ----------) და 2022 წელს უკვე შპს „----------“ (ს/ნ ----------). სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწის მოსარგებლეს წარმოადგენს ი/მ „----------“, რომელიც სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწას გასცემს ასევე იჯარით. შესაბამისად, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა 2020, 2021 და 2022 წლების მიწაზე ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ი/მ „----------“ 2005 წელს მიღებული აქვს 49 წლიანი იჯარით, რომელიც ასევე გაცემულია ქვეიჯარით. შემოწმებით დადგენილია, რომ მეწარმეს მის სარგებლობაში არსებულ მიწაზე გადასახადი არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, განესაზღვრა მიწაზე ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, დავის წარმოების ეტაპზე პირს არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მომჩივანს 2005 წელს მიღებული აქვს 49 წლიანი იჯარით, რომელიც ასევე გაცემულია ქვეიჯარით. შემოწმებით დადგენილია, რომ მეწარმეს მის სარგებლობაში არსებულ მიწაზე გადასახადი არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, განესაზღვრა მიწაზე ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203(ბ);