გადაწყვეტილება №20552/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20552/2/2023
28 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-----" (ს/ნ "-----")
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-----"-ის 11.08.2023 და 6.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №20552/2/2023 და №150772/01).
დავის საგანი:
1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21600 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №EL213214 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №EL69050/1986 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11663 ბრძანება;
5. შემოსავლების სამსახურის 14.07.2023 წლის №17185 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 39 516,07
მათ შორის:
გადასახადი - 14 589,06
აქციზის გადასახადი - 14 335,2
იმპორტის გადასახადი - 253,86
ჯარიმა - 1000
ჯარიმა - 14 589,06
საურავი - 9337,95
ფაქტების აღწერა
28.03.2019 წელს მომჩივანმა განახორციელა სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ "-----") ზოგადი დეკლარირება, რომელსაც დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 27.05.2019 წელი. აღნიშნულ ვადაში მომჩივანი დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ გამოცხადებულა და არ განუხორციელებია შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში.
სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ "-----") გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს 29.11.2022 წლის №ELC21600 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 14 589.06 ლარის ოდენობით (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი).
ამასთან, 25.06.2023 წელს გამოიცა №EL69050/1986 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და ასევე საურავი 9 337.95 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე.
სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.05.2023 წლის №11663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 14.07.2023 წლის №17185 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11663 და 14.07.2023 წლის №17185 ბრძანებები, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, ამავე ბრძანების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე 165-ე მუხლზე, მე-14 მუხლის პირველი და მე-2 და მე-5 ნაწილებზე, 70-ე მუხლზე, 163-ე მუხლზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტზე, 53-ე მუხლის პირველი და მე2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა და საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გადახდის შემთხვევაში, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჯარიმა შედგენილია უსაფუძვლოდ რადგან არსებული ავტომობილი არ იმყოფებოდა მომჩივნის მფლობელობაში და არ იყო ინფორმირებული არსებული პასუხისმგებლობის შესახებ. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ არ ჰქონია არასდროს არანაირი მსგავსი დარღვევა.
მიუთითებს, რომ ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11663 ბრძანებას, საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21600 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, შემოსავლების სამსახურის 14.07.2023 წლის №17185 ბრძანებას, საბაჟო დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №EL213214 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL69050/1986 საგადასახადო მოთხოვნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:
2. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება;
5. საბაჟო წარმომადგენელი (შემდგომ − წარმომადგენელი) არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითაც: საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ- ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11663 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან,გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
აღსანიშნავია, რომ 15.06.2023 წლის №102306/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 14.07.2023 წლის №17185 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს 15.06.2023 წლის №EL69050/1986 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს საბაჟო დეპარტამენტს; ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 15.06.2023 წლის №EL213214 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.07.2023 წლის №17185 ბრძანებით მომჩივნისთვის მიცემული წინადადება, მომჩივნის მიერ შესრულებულია და დაკორექტირებულია მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.07.2023 წლის №17185 ბრძანების შინაარსის გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ჯარიმა შედგენილია უსაფუძვლოდ რადგან არსებული ავტომობილი არ იმყოფებოდა მომჩივნის მფლობელობაში და არ იყო ინფორმირებული არსებული პასუხისმგებლობის შესახებ. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის გარემოება, რომ არ ჰქონია არასდროს არანაირი მსგავსი დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
ვადაში მომჩივანი დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ გამოცხადებულა და არ განუხორციელებია შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში.
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა.ამასთან, მომჩივანს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელები და საურავი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
14,163,165,172.