ბრძანება N 2005

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 06.02.2023
№ დოკუმენტი 2005
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2005

06.02.2023

ფ/პ "------" (პ/ნ ------- )

(ფაქტ. მის.:--------- )

2022 წლის 23 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია ფ/პ "-------" (პ/ნ -------- ) №77534/1/2022 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივლისის №168383 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ "------" , ბაზრობის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ დახლზე ვაჭრობდა შერეული საქონლით. როცა ბანკს მიაკითხა სესხის ასაღებად შეიტყო რომ ჰქონდა დავალიანება. მიმართა შემოსავლების სამსახურს, სადაც უთხრეს, რომ მის მიმართ შედგენილი იყო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაჯარიმებული იყო 500 ლარით. აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, "-------" (ს/ნ --------- ) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ("-------") საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივლისის №18812 ბრძანების საფუძველზე დადგინდა, რომ "-------" (ს/ნ -------- ) სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 13 ივლისს შედგა №168383 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2017 წლის 23 ოქტომბერს გავრცელდა საჯაროდ

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, "-------" (პ/ნ -------- ) 2017 წლის 10 ივლისიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლი მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ სადავო ოქმი 2017 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა საჯაროდ.

მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის საჯაროდ გავრცელების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭომ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და "------" (პ/ნ ------- ) საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილსა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელისთვის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ელექტრონულად არ არის გაგზავნილი. ამასთან, არც ჩაბარება დასტურდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გასულია გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის წარდგენის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №168383 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაუქმდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. "------- " (პ/ნ --------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივლისის №168383 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმა;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.