ბრძანება N 25105
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 25105
24/08/2020
შპს -----------------------
(მის.: ქ. ------------------)
2020 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 16 ივლისს და 06 აგვისტოს გამართულ სხდომებზე (ოქმი №49, №56) განიხილა შპს -------ს 2020 წლის 27 იანვრის №16589/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის №006-1261 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას. კერძოდ, შპს ----- ს მიერ 2016 წელს გაწეული მარკეტინგული ხარჯის კორექტირებას და შემოწმებით კვლევის შედეგად დადგენილი საბაზრო დიაპაზონის მედიანის მაჩვენებელზე მეტი მარკეტინგული ხარჯის (ჭარბი მარკეტინგული ხარჯი) განხილვას არამატერიალური აქტივის მფლობელისთვის გაწეულ მომსახურებად. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების შესაფასებლად შემმოწმებლის მიერ გამოყენებული მიდგომა დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაციებს და ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯი შეესაბამება მის ფუნქციებსა და რისკ პროფილს. ----- ს ჯგუფის გლობალური პოლიტიკის მიხედვით, ლოკალური --- ტიპის კომპანიები იღებენ უფრო მეტ ფუნქციებსა და რისკებს, ვიდრე სხვა რუტინული ტიპის დისტრიბუტორი კომპანიები. იმის გამო, რომ შპს ----- კისრულობს არარუტინულ ფუნქციებს, რომელიც უკავშირდება საქონლის შესყიდვის და ლოკალურ ბაზარზე დისტრიბუციას და ატარებს ამ საქმიანობისთვის დამახასიათებელ ზემოხსენებულ რისკებს, მისი ანაზღაურებაც არის არარუტინული. აღნიშნულს ცხადყოფს შპს ----- ს მიერ მომზადებული/ჩატარებული კვლევაც.
საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის გათვალისწინებული ქართული ბაზრის ტენდენციები. კომპანია მიზნად ისახავს ----- ბრენდის ცნობადობის გაზრდას ადგილობრივ ბაზარზე, როგორც მიმდინარე, ასევე გრძელვადიან პერიოდში. საქართველოს შოკოლადის, ისევე როგორც ყავის ბაზარი ძალიან კონკურენტულია, რის გამოც აღნიშნულ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები დიდ რესურსს ხარჯავენ ბაზარზე პოზიციების შესანარჩეუნებლად და გასამყარებლად. აღნიშნულს ცხადყოფს შპს ----- ს მიერ მომზადებული/ჩატარებული კვლევაც. შესაბამისად, ბოლო წლებში ყავისა და შოკოლადის სექტორში კონკურენციის ზრდამ განაპირობა მარკეტინგული ხარჯის ზრდა. ამგვარად, კომპანიის ლოკალური საქმიანობის და შესაბამისად გაწეული ხარჯების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მარკეტინგი. შემმოწმებლის მიერ კი ჭარბი მარკეტინგული ხარჯის კვალიფიცირება არამატერიალური აქტივის მფლობელისთვის გაწეული მომსახურება, უგულებელყოფს და არ ითვალისწინებს აღნიშნული ბაზრის სპეციფიკას.
შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ შერჩეული შესადარისი კომპანიები არ არიან დამოუკიდებელი კომპანიები და მათი ინფორმაციის გამოყენება არამართლზომიერია/არასწორია. შემმოწმებლების მიერ შერჩეული ორივე კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ჯგუფის წევრ კომპანიას, რომლებსაც გააჩნიათ კონტროლირებული ოპერაციები დაკავშირებულ მხარეებთან. ამგვარად, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული კომპანიების მარკეტინგული ხარჯების გაყიდვებთან პროცენტული თანაფარდობის საბაზრო მაჩვენებლად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანებისა და ეგთო-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს მითითებებს.
კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგის ხარჯები მიმართულია ლოკალური ბაზრის პოზიციის გაძლიერებისთვის და არ ქმნის ----- ს გლობალური ბრენდისთვის დამატებით ღირებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯი შეესაბამება მის ფუნქციონალურ და რისკ პროფილს, ვინაიდან შპს ---------- ს არის კომპლექსური დისტრიბუტორი. იმისთვის, რომ მოიპოვოს კომპანიამ და შეინარჩუნოს ბაზარზე მოწინავე პოზიციები, გადამხდელი ახდენს ინვესტირებას მარკეტინგულ აქტივობებში, რომლებიც მიმართულია მის ლოკალურ ბაზარზე პოზიცირებაზე და პირდაპირ აისახება კომპანიის მომგებიანობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 13 ნოემბრის №39193 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხისა და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების კუთხით. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 30 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №47591 ბრძანება და 2019 წლის 31 დეკემბრის №006-1261 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 1 625 280 ლარი, მათ შორის გადასახადი 970 040 ლარი, ჯარიმა 485 020 ლარი და საურავი 170 220 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციით და საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ----- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ------- ს (დედა კომპანია) მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებულია 2014 წლის 29 მაისს. შპს ----- ს საქმიანობა ძირითადად მოიცავს მისი დაკავშირებული მხარეებისაგან სხვადასხვა ასორტიმენტის პროდუქციის საქართველოში დისტრიბუციას და მათ მარკეტინგს. საქართველოში ----- პროდუქციას საბოლოო მომხმარებელს აწვდის დამოუკიდებელი დისტრიბუტორების მეშვეობით. შპს ----- ს და არამატერიალური აქტივის მფლობელებს შორის დადებულია ლიცენზიის ხელშეკრულება, რომელიც ჯგუფში შემავალ კომპანიებს ანიჭებს ამ არამატერიალური აქტივების გამოყენებისა და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში ----- ს ბრენდის ქვეშ დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებით საქმიანობის განხორციელების უფლებას.
ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დადგინდა, რომ შპს ----- ს მიერ 2016 წელს გაწეული მარკეტინგის ხარჯი შეადგენს მთლიანი გაყიდვების 27%-ს. შპს ----- როიალტს უხდის ----- ს არამატერიალური აქტივების, მათ შორის მარკეტინგული არამატერიალური აქტივის გამოყენებისთვის (2016 წელს შპს ----- როიალტს ასევე უხდის ----- ს, თუმცა აღნიშნული ტრანზაქცია არ არის მატერიალური). ამასთან, 2016-2018 წლების განმავლობაში შპს ----- ს მიერ გაწეულ მარკეტინგის ხარჯს აქვს ზრდის ტენდენცია.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ----- ს ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია ---- წლიდან და იკავებს მოწინავე პოზიციებს. მიმდინარე პერიოდში, შპს ----- ს არის ---- ადგილზე ყავასა და შოკოლადის კატეგორიაში. აღნიშნული კატეგორია შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კომპანიის გაყიდვების ძირითად ნაწილს. შპს ----- ს დაფუძნებამდე (2014 წლამდე) ბრენდის მარკეტინგის აქტივობებს სავარაუდოდ ახორციელებდა დედა კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში - სს --------------.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ბაზარი ----- ს ბრენდს დიდი ხანია იცნობს. აღნიშნული სავაჭრო ნიშანი არ წარმოადგენს ბაზრისთვის ახალ ნიშანს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს შედარებით დაბალი ღირებულება და გაყიდვები საჭიროებდეს დიდ მარკეტინგულ ძალისხმევას (2010 წლის ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის მითითებების 6,39 პარაგრაფი).
შემმოწმებელთა მიერ შეფასებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯის შესაბამისობა კომპანიის მიერ გაყიდვებით მიღებულ სარგებელთან (შედარებულ იქნა შპს ----- ს კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული ხარჯის პროცენტული თანაფარდობა გაყიდვებთან) და დადგენილ იქნა, რომ კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგის ხარჯი აჭარბებს სხვა მისი კონკურენტი დამოუკიდებელი კომპანიების მიერ გაწეულ მარკეტინგის ხარჯს.
შპს ----- ს მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა შეესაბამებოდეს მის მიერ გამომუშავებულ შემოსავალს. ფაქტობრივად, შპს ----- ს მიერ გაწეულია მარკეტინგული აქტივობების ჭარბი ხარჯი (შპს ----- ს ფილიალის მიერ გამომუშავებულ შემოსავალთან შეუსაბამო ხარჯი), რითიც იზრდება მარკეტინგული არამატერიალური აქტივის ღირებულება, რომელსაც ჰყავს სხვა იურიდიული მესაკუთრე. აღნიშნული არამატერიალური აქტივებით სარგებლობისთვის შპს ----- იხდის როიალტს. გამომდინარე აქედან, შპს ----- მარკეტინგის ჭარბი ხარჯის გაწევით ემსახურება მარკეტინგული არამატერიალური აქტივების მფლობელს და ამ მომსახურებისთვის მან უნდა მიიღოს საკომპენსაციო ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 105 მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №423 ბრძანებისა და ეგთოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს მიხედვით, შპს ----- ს მიერ 2016 წელს გაწეული მარკეტინგის ხარჯი დაკორექტირდა და განისაზღვრა კვლევის შედეგად დადგენილი საბაზრო დიაპაზონის მედიანის შესაბამისად. აღნიშნულ მაჩვენებელზე მეტი მარკეტინგის ხარჯი დაკვალიფიცირდა საერთაშორისო ტრანზაქციად, როგორც არამატერიალური აქტივის ლეგალური მფლობელებისთვის გაწეული მომსახურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის გათვალისწინებით, მომსახურების საბაზრო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა ფასნამატის მეთოდი. შემმოწმებლები დაეყრდნენ კომპანიის მიერ მსგავს მომსახურებებზე ჩატარებულ კვლევას და მათ მიერ დადგენილ საბაზრო დიაპაზონსა და პოლიტიკას, რადგან მიჩნეულ იქნა რელევანტურად. შესაბამისად, არამატერიალური აქტივების მფლობელებისთვის გაწეული მარკეტინგული მომსახურების საბაზრო ღირებულება შემმოწმებელთა მიერ განისაზღვრა კომპანიის პოლიტიკის ანალოგიურად (მარკეტინგის ჭარბ ხარჯს დაემატა 5%). შედეგად, შემოწმებით, გაიზარდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 970 040 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში. ხოლო, ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის №ბს-489-482(2კ-15) და 2017 წლის 14 მარტის №ბს-702- 695(2კ-16) საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლითაც დადგენილია საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული უფლების (ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შინაარსის მიხედვით) გამოყენების წინაპირობები და განმარტებულია, რომ ოპერაციის კორექტირება შესაძლებელია თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეაალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს (ნების ნაკლი გარიგებაში).
შემოსავლების სამსახური, ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გაწაყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ხოლო, ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვადებულების განსაზღვრის შესახებ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ სადავო შემთხვევაში, არ იკვეთება/დაუსაბუთებელია შპს ----- ს მიერ 2016 წელს გაწეული მარკეტინგის ხარჯის საერთაშორისო ტრანზაქციად კორექტირების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შემოწმებით კვლევის შედეგად დადგენილი საბაზრო დიაპაზონის მედიანის მაჩვენებელზე მეტი მარკეტინგული ხარჯის არამატერიალური აქტივის მფლობელისთვის გაწეულ მომსახურებად კვალიფიკაციის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ოპერაციის კავალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძვლით საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------------ ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლას. განმარტავს, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების შესაფასებლად შემმოწმებლის მიერ გამოყენებული მიდგომა ეწინააღმდეგება სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაციებს და ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში დისტრიბუცია. საწარმოს და არამატერიალური აქტივის მფლობელ კომპანიას შორის დადებულია ლიცენზიის ხელშეკრულება, რომელიც ანიჭებს ამ არამატერიალური აქტივების გამოყენებისა და მისი ბრენდის ქვეშ დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებით საქმიანობის განხორციელების უფლებას. დგინდება, რომ საწარმოს მიერ გაწეულია მარკეტინგული აქტივობების ჭარბი ხარჯი, რითიც იზრდება მარკეტინგული არამატერიალური აქტივის ღირებულება, აღნიშნული არამატერიალური აქტივებით სარგებლობისთვის შპს იხდის როიალტს.
გადამხდელის მიერ 2016 წელს გაწეული მარკეტინგის ხარჯი დაკორექტირდა და განისაზღვრა კვლევის შედეგად დადგენილი საბაზრო დიაპაზონის მედიანის შესაბამისად. აღნიშნულ მაჩვენებელზე მეტი მარკეტინგის ხარჯი დაკვალიფიცირდა საერთაშორისო ტრანზაქციად, როგორც არამატერიალური აქტივის ლეგალური მფლობელებისთვის გაწეული მომსახურება.
სსკ-ს 128-ე მუხლის გათვალისწინებით, მომსახურების საბაზრო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა ფასნამატის მეთოდი. შემმოწმებლები დაეყრდნენ კომპანიის მიერ მსგავს მომსახურებებზე ჩატარებულ კვლევას და მათ მიერ დადგენილ საბაზრო დიაპაზონსა და პოლიტიკას. შესაბამისად, მომსახურების საბაზრო ღირებულება შემმოწმებელთა მიერ განისაზღვრა კომპანიის პოლიტიკის ანალოგიურად (მარკეტინგის ჭარბ ხარჯს დაემატა 5%). შედეგად, შემოწმებით, გაიზარდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ოპერაციის კავალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძვლით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 105; 127(1); 128; 275