ბრძანება N 3803

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2026
№ დოკუმენტი 3803
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 3803

19 თებერვალი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 3 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 14) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 100535/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის N EL306725 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საწყობის თანამშრომელმა პირველად განახორციელა სატრანსპორტო საშუალების სხვა ლუქით დალუქვა, ლუქის ნომერი -----, რომელიც დალუქვის პროცესში დაზიანდა და ჩანაცვლდა ახალი ლუქით -----. დაზიანებული ლუქის მონაცემი შეცდომით იქნა მითითებული დალუქვის აქტში და შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში N ----- 27.01.2026. დეკლარირების პროცესის დასრულების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო საწყობის ტერიტორია საბაჟო გამშვებული პუნქტი სადახლოს დანიშნულებით. მომჩივანი მიუთითებს, რომ საზღვარზე, სატრანსპორტო საშუალების კონტროლის პროცედურების დროს გამოიკვეთა ლუქის შეუსაბამობა საბაჟო დეკლარაციასთან, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების შეფერხება გამშვებ პუნქტზე, თუმცა აღნიშნულს არ გამოუწვევია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 28 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი ----- კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს „-----“ (ს/ნ ----- ) კუთვნილი, რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი (ს.ს.დ. N ----- 04 27.01.2026). საბაჟო კოტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგინდა, რომ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება არ შეესაბამებოდა დეკლარაციაში მითითებულს.

იმავე დღეს, შპს „-----“ და შპს „-----“ განცხადებებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ 2026 წლის 27 იანვარს შპს „-----“ საბაჟო საწყობში, შპს „-----“ კუთვნილი საბაჟო ლუქებით (N -----; N -----; N -----;) დაილუქა საწვავით დატვირთული N ----- სატვირთო - სატრანსპორტო საშუალება. ამასთან, დალუქვისას დაზიანდა ერთი საბაჟო ლუქი – N -----, რომლის ნაცვლად სატრანსპორტო საშუალება დაილუქა სხვა – N ----- საბაჟო ლუქით. თუმცა საბაჟო საწყობის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, დაზიანებული ლუქის ნომერი შეცდომით დაფიქსირდა დალუქვის აქტში, შემდეგ კი დეკლარაციაში. ამასთან, შპს „-----“ N ----- განცხადებით, შპს „-----“ მიერ გაცემული კორექტირებული დალუქვის აქტის საფუძველზე, ითხოვა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა და N ----- იდენტიფიკაციის საშუალების ნაცვლად, N ----- იდენტიფიკაციის საშუალების დაფიქსირება.

ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 29 იანვარს შედგენილ იქნა N EL306725 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

შპს „-----“ N ----- განცხადების საფუძველზე N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და შეიცვალა საბაჟო ლუქის ნომერი, რის შემდეგაც N ----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №9) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან საქონლის საბაჟო დეკლარაცია ან რეექსპორტის დეკლარაცია ან საბაჟო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება, რითიც დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

აღნიშნული ნორმა არ მოიცავს საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----" ( ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდლი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საბაჟო კონტროლის დროს გამოვლინდა, რომ რეექსპორტში დეკლარირებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო ლუქი არ შეესაბამებოდა დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს. დადგინდა, რომ დალუქვის პროცესში ლუქი დაზიანდა და შეიცვალა, თუმცა შეცდომით არასწორი ინფორმაცია აისახა დოკუმენტებში. კომპანიას სანებართვო პირობის დარღვევისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმა. შემდგომში საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და სატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 176; 163; 171;.