არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

მთავრობის დადგენილება 23.12.2016
№ დოკუმენტი 567
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

(ძალადაკარგულია 2023 წლის 1 ივნისიდან - 13.04.2023 N 153)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 567

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

1. არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესი (დანართი №1).

2. არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა (დანართი №2).

3. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა (დანართი №3).

4. საერთო შესვლის დოკუმენტი (დანართი №4).

5. საერთო შესვლის დოკუმენტის შევსების წესი (დანართი №5).

6. ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის (დანართი №6).

 

მუხლი 2

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრა 2017 წლის 1 ნოემბრამდე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №425 – ვებგვერდი, 12.09.2017წ.

 

მუხლი 3

საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების შესაბამისობაში მოყვანა ამ დადგენილების მოთხოვნებთან, მისი ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 4

1. დადგენილება, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

2. დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №425 – ვებგვერდი, 12.09.2017წ.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 

დანართი №1

 

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო

კონტროლის წესი

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

1. არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესში (შემდგომში – წესი) გამოყენებულ ტერმინებს, ამავე წესის მიზნებისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ბ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო;

გ) სურსათი/ცხოველის საკვები – არაცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები;

დ) შედგენილი პროდუქტი – სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც შეიცავს როგორც ცხოველური წარმოშობის გადამუშავებულ პროდუქტს, ასევე მცენარეულ პროდუქტს;

ე) საერთო შესვლის დოკუმენტი – ამ დადგენილების №4 დანართით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელსაც ავსებენ სურსათის/ცხოველის საკვების მფლობელი ან მისი წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, ამ დადგენილების №5 დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

ვ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი (სიპ) – ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლი;

ზ) ტვირთი – სურსათის/ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება საერთო დოკუმენტებით, გადაიზიდება ერთი სახის სატრანსპორტო საშუალებებით და გამოგზავნილია ერთსა და იმავე ქვეყნიდან ან რეგიონიდან. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;

თ) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთისა და იმავე მწარმოებლის მიერ, ერთისა და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;

ი) დოკუმენტური შემოწმება – ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შემოწმება საქართველოში იმპორტისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

კ) იდენტურობის შემოწმება – ტვირთის ვიზუალური დათვალიერება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შესაბამისობა ტვირთის ეტიკეტსა და შიგთავსთან;

ლ) ფიზიკური შემოწმება – ტვირთის დათვალიერება, რაც შეიძლება ასევე მოიცავდეს სატრანსპორტო საშუალების, შეფუთვის, ეტიკეტის და ტემპერატურული რეჟიმის შემოწმებას, ნიმუშის აღებას ანალიზისათვის, ლაბორატორიულ და სხვა აუცილებელ შემოწმებას.

2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველი პუნქტით, გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსსა და საქართველოს საბაჟო კოდექსში.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ივნისის დადგენილება №307 - ვებგვერდი, 06.06.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №434 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.

 

მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანია იმპორტისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად სათანადო პირობებისა და სავალდებულო პროცედურების განსაზღვრა.

2. ეს წესი ვრცელდება:

ა) ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე;

ბ) ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველ სურსათზე/ცხოველის საკვებზე;

გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, სურსათის/ცხოველის საკვების კონკრეტულ სახეობებზე, რომლებიც განისაზღვრება სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით;

დ) შედგენილ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს ამ დადგენილების №3 დანართით გათვალისწინებულ სურსათს/ცხოველის საკვებს 20%-ზე მეტი ოდენობით.

3. ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნუსხა ექვემდებარება გადახედვას და, საჭიროებისამებრ, განახლებას 6 თვეში ერთხელ.

4. ეს წესი არ ვრცელდება:

ა) სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომელთა ბრუტო წონა არ აღემატება 20 კილოგრამს;

ბ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათზე/ცხოველის საკვებზე.

5. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

 

მუხლი 3. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი

1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ჰყავდეს თანამშრომელთა შესაბამისი რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ ტვირთის შემოწმება;

ბ) ჰქონდეს:

ბ.ა) შესაბამისი ფართი კონტროლის პროცედურების ჩასატარებლად;

ბ.ბ) სათავსები, სადაც ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე სათანადო პირობებში მოხდება ტვირთის შენახვა;

ბ.გ) შესაბამისი დაცული ტერიტორია, აღჭურვილობა და საშუალებები ტვირთის გადმოსატვირთად, ნიმუშების ასაღებად და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გასაგზავნად;

გ) გააჩნდეს დეტალური ინსტრუქცია ტვირთიდან ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნის შესახებ.

3. თუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს არ აქვს შესაბამისი ტვირთის იდენტურობის და ფიზიკური შემოწმების ჩასატარებლად აუცილებელი შენობა/აღჭურვილობა, ასეთი შემოწმებისათვის ტვირთი შეიძლება გაიგზავნოს სხვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში.

4. როდესაც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მის ტერიტორიაზე სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობის და ფიზიკური შემოწმება შეუძლებელია, ნებადართულია ასეთი შემოწმებისათვის ტვირთის გაგზავნა სხვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში, ხოლო მალფუჭებადი სურსათის/ცხოველის საკვების – ასევე ტვირთის მფლობელის ტერიტორიაზე, შემდეგი მინიმალური მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში:

ა) არ გაუარესდება ჩატარებული კონტროლის ეფექტიანობა;

ბ) ადგილი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) ტვირთი დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ექნება მისი კონტროლის საშუალება, არ მოხდება ტვირთის გახსნა ან სასაქონლო სახის რაიმე ფორმით შეცვლა.

 

მუხლი 4. საერთო შესვლის დოკუმენტი

1. ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს მხოლოდ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გავლით.

2. ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია, ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის სავარაუდო თარიღისა და დროის, ასევე ტვირთის სახეობის შესახებ წინასწარი შეტყობინება წარუდგინოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს.

3. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წინასწარი შეტყობინება წარედგინება „საერთო შესვლის დოკუმენტის“ ფორმით (დანართი №5).

4. „საერთო შესვლის დოკუმენტი“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება შემდეგ ვადებში:

ა) სახმელეთო გზით შემოტანისას – შემოტანამდე 24 საათით ადრე;

ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;

გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე 2 საათით ადრე.

5. „საერთო შესვლის დოკუმენტი“ წარედგინება ელექტრონული ფორმით.

6. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირებისას, მას თან უნდა ახლდეს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული „საერთო შესვლის დოკუმენტი“.

 

მუხლი 5. კონტროლის პროცედურები

1. ტვირთის შემოწმება იწყება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში „საერთო შესვლის დოკუმენტის“ წარდგენის შემდეგ.

2. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ახორციელებს:

ა) ტვირთის დოკუმენტურ შემოწმებას;

ბ) ტვირთის იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას, მათ შორის, ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღებას.

3. დოკუმენტური შემოწმების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ტვირთის სატრანსპორტო დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა (ინვოისი), საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების (დადგენილების დანართი №3) შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება: ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის (დანართი №6) და ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ლაბორატორიული კვლევის ოქმი.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება, ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშების აღების ჩათვლით, ხორციელდება შესაბამისი ნუსხით დამტკიცებული სიხშირის მიხედვით, ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

6. სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ ტვირთის მფლობელის ან მისი წარმომადგენლისათვის შეუძლებელი იყოს იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ რომელი კონკრეტული ტვირთი დაექვემდებარება შემოწმებას.

7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმების ჩასატარებლად ტვირთის გაგზავნა სხვა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში ან ტვირთის მფლობელის ტერიტორიაზე ხორციელდება მხოლოდ დოკუმენტური შემოწმების დასრულებისა და „საერთო შესვლის დოკუმენტის“ II ნაწილის შესაბამისი გრაფების შევსების შემდეგ, თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია. ამასთან:

ა) თანმხლები დოკუმენტები და საერთო შესვლის დოკუმენტის ასლი თან უნდა ახლდეს ტვირთს გადაადგილების დროს;

ბ) ტვირთის გაგზავნის შესახებ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს.

8. ლაბორატორიული ანალიზისათვის სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, აღებული ნიმუში ანალიზისათვის იგზავნება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ წესის 51 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.

81. იმ შემთხვევაში, თუ სურსათი/ცხოველის საკვები დაექვემდებარა ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღებას, მაგრამ საქართველოში არ არსებობს ამ დადგენილების დანართ №2-ით განსაზღვრულ სურსათში/ცხოველის საკვებში „არსებული საფრთხის“ გამოკვლევის განხორციელებაზე აკრედიტებული ლაბორატორია, სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუში ამ საფრთხის გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში არ გაიგზავნება.

82. ნიმუშის აღება ხდება ტვირთის მფლობელის ხარჯით.

9. ტვირთის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მითითებით უზრუნველყოს ტვირთის/მისი ნაწილის ჩამოტვირთვა, რომელიც ნიმუშების ასაღებად არის საჭირო, ხოლო სპეციალური ტრანსპორტის ან/და სპეციფიკური შესაფუთი მასალების შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს წარუდგინოს ნიმუშის ასაღებად საჭირო მოწყობილობა, თუ ნიმუშის აღება შეუძლებელია ჩვეულებრივი მოწყობილობით.

10. ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება გაფორმების ადგილამდე ტვირთის შემდგომი გადაადგილების შესახებ იმ პირობით, რომ არ უნდა მოხდეს ტვირთის მთლიანობის დარღვევა და სასაქონლო სახის შეცვლა ფიზიკური შემოწმების შედეგების მიღებამდე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ გაიცემა „საერთო შესვლის დოკუმენტის“ დამოწმებული ასლი და ინფორმაცია მიეწოდება გაფორმების ორგანოს.

12. ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებული ან/და ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვები, ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე, შესაძლებელია მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში), ამ შემთხვევაში, ფიზიკური შემოწმების (ლაბორატორიული ანალიზის) შედეგების მიღებამდე იკრძალება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) მოქცეული ტვირთის ბაზარზე განთავსება.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №502 – ვებგვერდი, 28.11.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №146 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №499 – ვებგვერდი, 25.10.2022წ.

 

მუხლი 51. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება

1. სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება ხორციელდება ტვირთის მფლობელის მოთხოვნით და მისი ხარჯით, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დროს ლაბორატორიული ნიმუშის აღების პარალელურად.

2. განმეორებითი ნიმუშის აღების საჭიროების შემთხვევაში, ორმაგდება ასაღები ინკრემენტალური ნიმუშების რაოდენობა. ამასთან, გაერთიანებული ნიმუშიდან გამოიყოფა 2 ერთნაირი ნიმუში, რომელთაგან ერთი (განმეორებითი) გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს და ინახება იმავე სატრანსპორტო საშუალებაში, ტვირთისგან განცალკევებით, ხოლო მეორე (ლაბორატორიული ნიმუში) იგზავნება ლაბორატორიაში ანალიზისათვის. ამ წესით აღებული ნიმუშები იფუთება, ინომრება, ილუქება და მათზე კეთდება აღნიშვნები: დასახელება, წონა, რაოდენობა, ნიმუშის აღების თარიღი და ნიმუშის ამღები უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი.

3. თუ ტვირთის მფლობელი არ ეთანხმება ლაბორატორიული ნიმუშის ანალიზის შედეგებს, ხორციელდება განმეორებითი ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის პირველადი შედეგისაგან, ტვირთის მფლობელის ხარჯით ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება.

5. განმეორებითი/რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშების ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:

ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;

ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №146 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.

 

მუხლი 6. ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის

1. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების (დანართი №3) შემთხვევაში, ტვირთს თან უნდა ახლდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოში იმპორტისათვის (დანართი №6), რომელიც შევსებული და დამოწმებულია ტვირთის წარმოშობის ან გამომგზავნი ქვეყნის კომპეტენტური უწყების მიერ.

2. ჯანმრთელობის სერტიფიკატი შევსებული უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

3. ჯანმრთელობის სერტიფიკატი მოქმედია გაცემიდან 4 თვის განმავლობაში.

 

მუხლი 7. ტვირთის კოდი

1. აფლატოქსინით დაბინძურების (კონტამინაციის) რისკის შემცველი სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში, ტვირთში შემავალ თითოეულ ტომარაზე ან სხვა სახის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ტვირთის კოდი, რომელიც ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიეთითება ამ დადგენილების №6 დანართით გათვალისწინებულ ჯანმრთელობის სერტიფიკატსა და ლაბორატორიული კვლევის ოქმში.

2. თუ ტვირთის ერთ შეფუთვაში მოქცეულია რამდენიმე უფრო პატარა შეფუთვა/ერთეული, საკმარისია ტვირთის კოდის მითითება საერთო შეფუთვაზე, რომელიც ამ პატარა შეფუთვებს/ერთეულებს აერთიანებს.

 

მუხლი 8. კონტროლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები

1. ამ წესის შესაბამისად, სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული სურსათის/ცხოველის საკვების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტი) მოქცევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელია და წარდგენილია სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული „საერთო შესვლის დოკუმენტი“.

2. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ აისახება „საერთო შესვლის დოკუმენტის“ II და III ნაწილებში.

3. თუ კონტროლის დროს დადგინდა, რომ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას ან/და ტვირთი არ აკმაყოფილებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ტვირთის/მისი ნაწილის უკან დაბრუნების შესახებ;

ბ) ტვირთის/მისი ნაწილის განადგურების ან გადამუშავების შესახებ;

გ) ტვირთის/მისი ნაწილის სხვა მიზნით გამოყენების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №434 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.

 

მუხლი 9. ტვირთის უკან დაბრუნება

1. გადაწყვეტილება ტვირთის უკან დაბრუნების შესახებ მიიღება ტვირთის მფლობელთან შეთანხმებით, თუ:

ა) ტვირთის მფლობელი დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს იმ მიზეზებისა და გარემოებების არსებობის შესახებ, რომლებიც ხელს უშლის შესაბამისი სურსათის/ცხოველის საკვების განთავსებას საქართველოს ბაზარზე;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ტვირთის დანიშნულების ქვეყანა არ არის მისი წარმოშობის/გამომგზავნი ქვეყანა, ტვირთის მფლობელი წარადგენს დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს თანხმობას ასეთი ტვირთის მიღებაზე.

2. ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს ტვირთის უკან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (დავის პერიოდით) ან დამატებითი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების მოთხოვნისას (ასეთი გამოკვლევის ვადით).

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ტვირთი არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი, ის ექვემდებარება განადგურებას.

 

მუხლი 10. ტვირთის განადგურება ან გადამუშავება

1. გადაწყვეტილება ტვირთის განადგურების ან გადამუშავების შესახებ მიიღება ტვირთის მფლობელთან შეთანხმებით ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. ტვირთის განადგურება ან გადამუშავება ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადამუშავებისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ტვირთის გადამუშავება შეიძლება მოიცავდეს:

ა) ისეთ გადამუშავებას, რომლის შედეგად მიღებული სურსათი/ცხოველის საკვები დააკმაყოფილებს საქართველოს ან სხვა ქვეყნის (სადაც გაიგზავნება გადამუშავებული საქონელი) კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სანიტარიული დამუშავების ჩათვლით, მაგრამ პროდუქციის გათხევადების გარეშე;

ბ) გადამუშავებას ნებისმიერი სხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად, ცხოველებისა და ადამიანების საკვებად გამოყენების გარდა.

 

მუხლი 11. ტვირთის სხვა მიზნით გამოყენება

გადაწყვეტილება ტვირთის სხვა მიზნით გამოყენების შესახებ მიიღება ტვირთის მფლობელთან შეთანხმებით, თუ ასეთი გამოყენება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

მუხლი 12. ტვირთის დაშლა/დანაწილება

1. ტვირთის დაშლა/დანაწილება შესაძლებელია მხოლოდ კონტროლის პროცედურების დასრულებისა და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ „საერთო შესვლის დოკუმენტის“ შევსების შემდეგ.

2. ტვირთის დაშლის/დანაწილების შემთხვევაში, მის ყოველ ნაწილს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტი) მოქცევამდე თან უნდა ახლდეს „საერთო შესვლის დოკუმენტის“ დამოწმებული ასლი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №434 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.

 

მუხლი 13. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობა სააგენტოსთან

1. შემოსავლების სამსახური და სააგენტო მონაცემთა გადაცემის ელექტრონული ან/და სხვა საშუალებით რეგულარულად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ცვლიან ინფორმაციას:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის სფეროში არსებული რისკებისა და მისაღები ზომების შესახებ;

ბ) კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემების თაობაზე.

2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის შედეგად თითოეული ტვირთის შესახებ „საერთო შესვლის დოკუმენტში“ ასახული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ ელექტრონულად მიეწოდება სააგენტოს.

3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად გაშვებული სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევის გამოვლენისას ან/და ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, შემოსავლების სამსახური ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, განხორციელებული/განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება №499 – ვებგვერდი, 25.10.2022წ.

 

წყარო საქართველოს საკანონმდებლო მაცნე