გადაწყვეტილება №23611/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23611/2/2024
02 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 1.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23611/2/2024).
დავის საგანი: დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
დარიცხული თანხა: 7 730 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 5 007
ჯარიმა - 2 604
საურავი - 119
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 დეკემბრის №30118 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----, რომლითაც შეძენილი იყო უნაგირა საწევარა 32 827 ლარად (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული უნაგირა საწევარა იმავე საანგარიშო პერიოდში გასხვისებული იყო სს „---ზე“ (ს/ნ ---). ოპერაციასთან დაკავშირებით გამოწერილი და მყიდველი მხარის მიერ დადასტურებული იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- თანხით 32 827 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ კომპანიის მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი შემდგომი მიწოდება 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31133 ბრძანება და №001-285 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 7 730 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 10 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 5 თებერვლის №1924 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.02.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.04.2024 წლის №22354/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1924 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 2 ივლისის №15556 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე, 69-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებულ ოპერაციაზე საწარმოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა. კომპანიას არ მოუხდენია აღნიშნული თანხის დაფარვა ან ინფორმაციის არ წარდგენა. საწარმომ მითითებულ ლიზინგის აქტივზე სრულად გადაიხადა დღგ-ის თანხა სს ---ში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ანგარიშსწორებას საგადასახადო ორგანოსთან ახდენდა ლიზინგის გამცემი. ლოგიკურად, თუ საგადასახადო მოთხოვნას გავყვებით, კომპანიას ორჯერ გამოსდის დღგ-ის თანხა გადახდილი და სწორედ ამ ფაქტობრივმა გარემოებებმა და გაურკვევლობამ განაპირობა შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები, სადაც შემმოწმებელი უთითებს, რომ საწარმომ შეიძინა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმავე დღეს გასხვისდა სს ---ზე. რეალურად, კომპანიამ ისარგებლა ლიზინგის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე და სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილი წესებით, აღნიშნული ჯერ გაფორმდა შპს ---“-ზე და შემდეგში ლიზინგის გამცემზე. არ მომხდარა სატრანსპორტო საშუალების გასხვისება, მოხდა მისი შეძენა, ხოლო ღირებულების დღგ-ის თანხა შეტანილ იქნა ლიზინგის გამცემის ანგარიშზე.
სწორედ ამიტომ ჩათვალა კომპანიამ, რომ მას დღგ-ის თანხა ჰქონდა გადახდილი, რომელსაც შემდეგში საგადასახდო ორგანოსთან ანგარიშსწორების წესით გადაიხდიდა ლიზინგის გამცემი. რეალურად, საწარმოს აქტივის შეძენის დროს არანაირი გასხვისება არ მოუხდენია და სალიზინგო კომპანიის დახმარებით შეიძინა აქტივი, რომლის დღგ-ის ღირებულებაც გადაიხადა, ხოლო ის თუ ტექნიკურად ეს რა ხერხით განხორციელდა, კომპანია სათანადოდ ვერ გაერკვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო, თუ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტაცია არ არის კანონიერი, ამ შემთხვევაში თუნდაც კეთილსინდისიერ გადამხდელად მიეჩნია საწარმო და გაეთავისუფლებინა დაკისრებული ჯარიმისგან. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც შეძენილი იყო უნაგირა საწევარა 32 827 ლარად. აღნიშნული იმავე საანგარიშო პერიოდში გასხვისებული იყო სს „---ზე“. აგრეთვე, ოპერაციასთან დაკავშირებით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა დადასტურებულია მყიდველი მხარის მიერ. გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ საწარმოს მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი მიწოდება დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. აღსანიშნავია, რომ საბჭოს 26.04.2024 წლის №22354/2/2024 გადაწყვეტილებით კომპანიის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, განიხილა დაბრუნებული საჩივარი, შეაფასა მომჩივნის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო, თუ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტაცია არ არის კანონიერი, თუნდაც კეთილსინდისიერ გადამხდელად მიეჩნია საწარმო და გაეთავისუფლებინა დაკისრებული ჯარიმისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ კომპანიის მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი შემდგომი მიწოდება 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 69.