გადაწყვეტილება №21429/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.02.2024
№ დოკუმენტი 21429/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21429/2/2023

15 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 27.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21429/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №072-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 543 846 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 329 159

დღგ - 203 639

საშემოსავლო გადასახადი - 125 520

ჯარიმა - 164 580

საურავი - 50 107

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1456 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №15766 ბრძანება და №072-3 საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 543 846 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი DSP-ის, DVP-ისა და PVCის შეძენა და რეალიზაცია როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ. საწარმო ასევე მცირე რაოდენობით ახორციელებს ავეჯის აწყობას და რეალიზაციას. კომპანიის ძირითადი მომწოდებლები არიან შპს „---“ (ს/ნ ---), შპს „---“ (ს/ნ ---) და შპს „---“ (ს/ნ ---).

შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდება სახეობრივად, რაოდენობრივად და თანხობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით, საწარმოს 2020 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 14%- ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 19%-ს, 2021 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 61%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 33%-ს, 2022 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 34%- ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 25%-ს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მომჩივნის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საბითუმოდ (დოკუმენტით) რეალიზებული საქონლის ფასნამატი წლების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდებოდა რაოდენობრივად, თანხობრივად და სახეობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, პირი შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი. წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 17%-ს, 2021 წელს - 31%-ს, 2022 წელს - 24%-ს.

აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფასნამატის სწორად გამოყენების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ უნდა გაზრდილიყო იმ ოდენობით, როგორც შემოწმებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრის ნაწილში საკითხის დამატებით შესწავლას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეუძლებელი იყო გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოცემული მუხლით საგადასახადო ორგანოსთვის მინიჭებული უფლებისა, ეს სულაც არ გულისხმობს თვითნებური შეფასების საფუძველზე გადაწყვიტონ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს421(2კ-20) გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახდო ორგანო ვალდებული იყო საგადასახდო ვალდებულების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას...“ ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილების თანახმად, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება“. როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, რასაც ასევე ეთანხმება შემოსავლების სამსახური: „შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს კომპიუტერულ პროგრამა ინფო ბუღალტერიაში, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდება სახეობრივ/რაოდენობრივ/თანხობრივად. სააღრიცხვო პროგრამაში საბითუმო და საცალო რეალიზაციის დროს იდენტიფიცირდება, როგორც საბითუმო და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები“.

შესაბამისად, თავად შემოწმების აქტიდანვე ირკვევა, რომ საწარმომ წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, სადაც იდენტიფიცირებულია როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზაციები, შესაბამისი თვითღირებულებითა და რაოდენობით, რაც თავის მხრივ მიანიშნებს, რომ სრულდება საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ასევე, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად დაჯარიმებული არ არის. კიდევ მეტ კითხვის ნიშანს აჩენს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც ცდილობს შემოსავლების სამსახური არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების დასაბუთებას: აღსანიშნავია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი. არც საგადასახადო კოდექსი, არც ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები და არც საქართველოში მოქმედი რომელიმე ნორმატიული აქტი განმარტავს რა არის „ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა“, რომლის გამოყენებაც, ბუღალტრულ პროგრამასთან ერთად, სავალდებულოდ მიიჩნია შემოსავლების სამსახურმა. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპების დაცვის მიზნით, ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემის აუცილებლობა მოთხოვნილი არ არის საგადასახადო კოდექსითაც. ამდენად, სრულიად გაუგებარია რა არის ეს „ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა“ და კონკრეტულად რომელი კანონმდებლობის თუ აღრიცხვის სტანდარტის მოთხოვნების შეუსაბამობაზე მიუთითებს შემოსავლების სამსახური. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ისე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოიყენება ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობს რაოდენობრივ-თანხობრივ-სახეობრივად, ასევე პროგრამულად იდენტიფიცირდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა, სახეობა, თვითღირებულება და შემოსავლის ოდენობა, უკვე წარმოადგენს იმის აღიარებას, რომ საწარმოს გააჩნია და იყენებს კომპიუტერიზებულ სააღრიცხვო სისტემას და მასში წარმოებული აღრიცხვა საკმარისია დაბეგვრის ობიექტის დასადგენად. ამდენად, მომჩივანი უწინდებურად ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების კანონიერ დასაბუთებას, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში", რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდებოდა რაოდენობრივად, თანხობრივად და სახეობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება.

საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, საწარმო შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მეშვეობით. ამასთან, კომპანიას არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ისე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოიყენება ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობს რაოდენობრივ-თანხობრივ-სახეობრივად, ასევე პროგრამულად იდენტიფიცირდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა, სახეობა, თვითღირებულება და შემოსავლის ოდენობა, უკვე წარმოადგენს იმის აღიარებას, რომ საწარმოს გააჩნია და იყენებს კომპიუტერიზებულ სააღრიცხვო სისტემას და მასში წარმოებული აღრიცხვა საკმარისია დაბეგვრის ობიექტის დასადგენად.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

 

2. დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი არამართლზომიერად მიიჩნევს შემოწმების მიერ საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილულ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ შემოსავალში დღგ-ის გათვალისწინებას. ასევე აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოწმება შეძლებს დაასაბუთოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართებულობა, აღნიშნული მას უფლებას არ აძლევს შემოსავლები ან/და მიღებული/მისაღები თანხები განსაზღვროს პირად შეხედულებებზე ან ისეთ დაშვებაზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო ბიზნეს გეგმის იდეალურად შესრულებას. კერძოდ, მართალია შემოწმებამ განსაზღვრა რა იქნებოდა შემოსავალი თუ საცალოდ ჩამოწერილ საქონელზე გაავრცელებდა საბითუმო (დოკუმენტურ) ფასნამატს, თუმცა შემდგომ აღნიშნული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით, მიიჩნია კომპანიის სალაროში ჯერ ფულის სახით მიღებულად, ხოლო შემდეგ ხელფასის სახით განაცემად და ეს მაშინ, როდესაც არ არსებობს რაიმე მტკიცებულება აღნიშნული თანხის მიღების ან შემდგომი განკარგვის შესახებ.

ამდენად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, შემოწმებამ მხოლოდ პირად ვარაუდებზე დაყრდნობით სხვაობის თანხა მიიჩნია დირექტორის მიერ სახლში წაღებულ ხელფასად და დაარიცხათ როგორც ძირითადი გადასახადის, ასევე ჯარიმა-საურავის თანხები. გასაგებია, რომ გადასახადებით შეიძლება დაიბეგროს შემოსავალი, მათ შორის, არაპირდაპირი წესით დათვლილი, თუმცა არსებობს მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც განსაზღვრულ შემოსავალს არ გააჩნია სასყიდლიანი ხასიათი და საწარმოს ოპერაციიდან არ მიუღია ფინანსური სარგებელი/საკომპენსაციო თანხა. საგადასახადო მიზნებისთვის, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს: დანაკლისით; პროდუქციის გაჩუქებით; დაზიანებული პროდუქციის ან ნედლეულის განადგურებით; ნარჩენებისა და დანაკარგების განადგურებით; ქურდობით; კონსიგნაციური მიწოდებით და ა.შ. შესაბამისად, ერთია რამდენად სამართლიანად განისაზღვრა შემოსავალის ოდენობა, მაგრამ სასყიდლიანია თუ უსასყიდლო ასეთი სახით განსაზღვრული შემოსავალი, ეს წარმოადგენს ცალკე მტკიცების საგანს.

შემოწმების არგუმენტაციის სისუსტეზე ის გარემოებაც მიუთითებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით გამოყენებისას კომპანიას სალაროში ფული მიაღებინა მათ შორის ისეთ საქონელზე გავრცელებეული დოკუმენტური ფასნამატიდან, რომელიც ბუღალტრულად აღიარებულია დანაკლისად.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დგინდება თანხის რეალური მოძრაობა, ვერ დგინდება პირები, რომლებმაც კომპანიის სასარგებლოდ გადაიხადეს ან კომპანიიდან წაიღეს თანხები, მსგავსი შემთხვევები, საგადასახადო კოდექსის 97-ე - 98-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაიბეგროს არა საშემოსავლო, არამედ მოგების გადასახადით. სხვა სიტყვებით, მიაჩნიათ, რომ არაპირდაპირი წესით გამოთვლილი შემოსავალი არ უნდა განვიხილოთ როგორც ნაღდი ფულის მიღებად და ხელფასად გატანად თუ არ არსებობს ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას/კონსტიტუციას. არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავალი უნდა დაიბეგროს მხოლოდ დღგ-ით და მოგების გადასახადით.

შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილ მიდგომას შემოსავლების სამსახური იყენებდა მოგების გადასახადში ესტონურ მოდელზე გადასვლამდე არსებულ პერიოდში. მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნა მეტად შეესაბამება არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოებს და ამასთან, ის არის უკვე აპრობირებული. შემოსავლების სამსახურმა კი ყოველგვარი საფუძველის გარეშე უგულებელყო მომჩივნის არგუმენტები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ამ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებიან არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავლის ფულის სახით მიღებას და მის შემდგომ ხელფასად დაბეგვრას, მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ შემოწმების მხრიდან მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა სამართლიანია, შემოწმებას მაინც ვერ დაეთანხმებიან ასეთი „ხელფასის“ ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. კერძოდ, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით განიხილა როგორც კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. ამდენად, ერთის მხრივ, შემოწმება არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილ შემოსავალს განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად, არიცხავს დღგ-ს, ხოლო მეორეს მხრივ, ის რაც ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ია, ასევე განხილულია დირექტორის კუთვნილ სარგებლად და ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ზე (18%-ზე) დამატებით საზღვრავს საშემოსავლო გადასახადს.

შემოწმების მხრიდან მსგავსი მიდგომა არღვევს ყველა სამართლებრივ პრინციპს და უგულვებელყოფს საგადასახადო კოდექსის პრინციპებს. სრულიად გაუგებარია როგორ შეიძლება ჩაითვალოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხა სხვა პირის სარგებლად, ვინაიდან არსებული დარიცხვით შემოწმება ერთის მხრივ ითხოვს დარიცხული დღგ-ის გადახდას, ხოლო მეორეს მხრივ განიხილავს მას თანამშრომლის სარგებლად. სხვა სიტყვებით, ერთის მხრივ შემოწმებამ დაასკვნა, რომ ბიუჯეტს ეკუთვნის დღგ, ხოლო მეორეს მხრივ ითხოვს ამ თანხის თან ხელფასად დაბეგვრას, თან „უკან მოტანას“. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოწმება დღგ-ის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის არგუმენტად მოიყვანს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, რომელიც თანამშრომელზე საქონლის/მომსახურების მიწოდების შემთხვევაში სარგებლის თანხად საზღვრავს ამ საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასს, მაშინ მივიღებდით კიდევ უფრო მეტ აბსურდს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ერთის მხრივ, შემოწმება მიიჩნევს, რომ საცალოდ რეალიზდა საქონელი მის მიერ დადგენილი ფასნამატით და მთელი ფული ნაღდი სახით შევიდა კომპანიის სალაროში, ხოლო მეორეს მხრივ თვლის, რომ საცალო რეალიზაცია განხორციელდა მხოლოდ თანამშრომლებზე და ისიც უსასყიდლოდ. დღგ-ის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავენ თავად საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებსაც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილში განხორციელდა ცვლილება. კანონმდებლებმა საჭიროდ მიიჩნიეს დაეკონკრეტებინათ საბაზრო ფასის ცნება მოგების გადასახადის ნაწილში, რათა დღგ-ს არ დარიცხვოდა მოგების გადასახადი. მომჩივანი ვერ ხედავს რაიმე პრინციპულ სხვაობას დღგ-ის მოგების გადასახადითა და დღგ-ის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შორის. გადასახადი, რომელიც ისედაც ეკუთვნის ბიუჯეტს, არ უნდა დაიბეგროს არც მოგების და არც საშემოსავლო გადასახადით. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ არ ეთანხმებიან არაპირდაპირი წესით განსაზღვრული შემოსავლების კომპანიის სალაროში ფულად მიღებასა და შემდგომ ხელფასად გაცემას (რადგან ეს წარმოადგენს აშკარად უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებას), თუმცა მიაჩნიათ, რომ ასეთად დაშვების შემთხვევაშიც კი, ხელფასად გაცემულად უნდა განვიხილოთ მხოლოდ დღგ-ის გარეშე თანხა და დღგ-ს საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დაერიცხოს.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში - ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე, 2023 წლის 3 ივლისის №15615 შემოსავლების სამსახურის ბრძანებით შესული ცვლილებების მიხედვით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) სალაროში არსებულის ფულის არაგონივრული ნაშთის მიმართ. იმავე მეთოდური მითითების თანახმად, თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია როგორც საკასო შემოსავალი ისე საკასო ხარჯი, შემოწმებას არ გაუთვალისწინებია აღნიშნული გარემოება და ნაღდი ფულის ნაშთი მიიჩნია კომპანიის მიერ დირექტორზე სრულად გაცემულად, რითაც დაირღვა აღნიშნული მეთოდური მითითების მოთხოვნები, რასაც შემოსავლების სამსახურის საბჭოს წევრთა უმრავლესობა სხდომაზე ერთხმად დაეთანხმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაში ეს საკითხი საერთოდ გამოტოვებულია. შესაბამისად, ითხოვენ სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებას. ასევე, კომპანიის არსებული სავაჭრო მოთხოვნები სრულადაა ჩათვლილი სალაროში ფულის სახით მიღებულად და შემდგომ გაცემულად, რაც თავისთავად არასწორია და ასევე ითხოვენ დარიცხული თანხების შემცირებას. შემოსავლების სამსახურმა თავის გადაწყვეტილებაში რატომღაც გვერდი აუარა აღნიშნულ საკითხებს და იგნორირება გაუკეთა როგორც მომჩივნის არგუმენტებს, ისე მოთხოვნებს. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის დაზუსტების მიზნით, მომჩივანს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, პირველ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემული საკითხიც საჭიროებს დამატებით შესწავლას.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველ სადავო საკითზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს მოცემული სადავო საკითხიც. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1456 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №15766 ბრძანება და №072-3 საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 543 846 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 101; 154; 159; 163; 164.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.