გადაწყვეტილება №25608/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25608/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------ი (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ის 7.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2025 წლის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16944 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 321,75 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
19.06.2025 წელს საფოსტო გადამზიდავის – შპს „--------ის“ მიერ განხორციელდა ------ის (პ/ნ --------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი (საქონლის ღირებულება - 578 ------ი) №----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად მომჩივანმა წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რის მიხედვითაც №------ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულებამ 578 ----ის ნაცვლად შეადგინა 578 -------ი.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 321,75 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს 24.06.2025 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია -ჯარიმა შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.07.2025 წლის №16944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული გარემოებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
-----ის ონლაინ მაღაზია ----ში შეიძინა ლაზერული ჭრის აპარატი ფასით 578----ი. ----დან საქართველოში ტრანსპორტირებისათვის გამოიყენა გადამზიდი კომპანია -----. ამანათის დეკლარირების მიზნით, გადამზიდი კომპანიის ---- ონლაინ პორტალზე ატვირთა -----ს ონლაინ ოფიციალური ინვოისი. აღნიშნულ ინვოისში მკაფიოდ არის მითითებული ნივთის თანხა 578 ------ი. (დანართი 1). ამ ქმედებით დაცული იქნა საბაჟო დეპარტამენტის მე-13 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: დეკლარირებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისათვის, შეტყობინებისათვის ან განაცხადისათვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი. ეს ინვოისი ამოღებულია ონლაინ მაღაზია -----ს პორტალიდან, ძალაშია და მასში ასახულია ნივთის ღირებულება სწორად 578-----ი. ეს ინვოისი გადამზიდის პორტალზე იქამდე ატვირთა, სანამ გადამზიდი ტვირთს წამოიღებდა -----დან და ეს ინვოისი დღემდე არის გადამზიდის პორტალზე განთავსებული. ამ ინვოისის გარეშე გადამზიდი ---- არც ნივთის დეკლარირებას მოახდენდა და არც ამანათს ჩამოიტანდა. ეს ინვოისი წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ კეთილსინდისიერად წარადგინა ინვოისი -----ის ვალუტის აღნიშვნით და შეძენილი ტვირთის ფასის ვალუტის შეცვლას ან დაფარვას ადგილი არ ჰქონია.
სხვა გადამზიდი კომპანიების ონლაინ გვერდზე, როდესაც მომხმარებელი ახდენს ამანათის დეკლარირებას მათ პორტალზე ტვირთავს (აბამს) ინვოისს, რის შემდეგაც ონლაინ პორტალზე იხსნება ველები, რომელსაც ხელით ავსებს მომხმარებელი, სადაც უთითებს ონლაინ მაღაზიას, ქვეყანას, თანხას და ვალუტას (შესყიდული ნივთების ინფორმაციას). მიუხედავად ხელით შევსებისა, მათ მიერ საბაჟო დეპარტამენტს ეგზავნება ინფორმაცია ინვოისში არსებული ინფორმაციის მიხედვით და თვითონ ინვოისიც, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
საყურადღებოა, რომ გადამზიდ კომპანია ------ს პორტალზე ნივთის დეკლარირება ხდება განსხვავებული წესით. კერძოდ, მომხმარებელს (ანუ დეკლარანტს) არ აქვს შესაძლებლობა ხელით შეიტანოს ინფორმაცია შესყიდული ნივთის მონაცემების შესახებ. მათ პორტალზე მომხმარებელს მხოლოდ ინვოისის ატვირთვის შესაძლებლობა აქვს. ამის გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი. დეკლარირების პროცესი კომპანია -------ს პორტალზე შემდეგნაირად ხდება:
1 ეტაპი: ამანათის დეკლარირების მიზნით, გადამზიდ კომპანიის ------ის ონლაინ პორტალზე მომხმარებელი ტვირთავს მხოლოდ ინვოისს ამანათის ჩამოტანამდე. მომხმარებელს სხვა ინფორმაცია ვერ შეაქვს (განსაკუთრებით ხელით). ტვირთავს მხოლოდ ინვოისს.
2 ეტაპი: -------ს პორტალზე ჩაშენებული აქვს ხელოვნური ინტელექტი. ინვოისის ატვირთვის შემდგომ მოქმედებას იწყებს აღნიშული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თვითონ აგენერირებს ინვოისს და საბოლოო მონაცემებში თვითონ გადაჰყავს შესყიდული პროდუქტების ჩამონათვალი, პროდუქტების საფასური, ვალუტა, ონლაინ მაღაზია და ქვეყანა, საიდანაც უნდა იქნას ჩამოტანილი ამანათი. მომხმარებელს სურვილიც რომ ჰქონდეს ვერ შეიტანს ცვლილებას ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ინფორმაციაში.
ხელოვნური ინტელექტის აღნიშნული ფუნქცია სავარაუდოდ გათვლილია იმისათვის, რომ საბაჟო დეპარტამენტს გადაეცეს მხოლოდ ინვოისში არსებული მონაცემები და თავიდან იქნას აცილებული მომხმარებლის მიერ უნებლიედ ან გამიზნულად დაშვებული შეცდომა. მიზანი სწორია, მაგრამ გადამზიდი კომპანია, როდესაც საბაჟო დეპარტამენტს უგზავნის ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას, ვალდებულია უტყუარი მონაცემები გადასცეს და არ დაამახინჯოს ინვოისში არსებული ინფორმაცია და არ დააზიანოს მომხმარებლის ინტერესები, რომელიც მას ამ მომსახურებაში უხდის ანაზღაურებას.
მომჩივანმაც, როგორც მომხმარებელმა, ნივთის დეკლარირებისას გადამზიდი კომპანია ------ ონლაინ პორტალზე ატვირთა ინვოისი (ინვოისში მკაფიოდ არის მითითებული, რომ ნივთის საფასური არის 578 ----ი და არა ---ი. (დანართი 1). როგორც აღმოჩნდა ხელოვნურმა ინტელექტმა (როგორც გადამზიდმა კომპანიამ აუხსნა მას შემდეგ რაც დააჯარიმეს), რადგანაც შესყიდული ნივთის ჩამოტანა ხდებოდა ------დან, ინვოისის გენერირების პროცესში, ვალუტის გრაფაში ხელოვნურმა ინტელექტმა მიუთითა ----ი -----ი ნაცვლად -------სა. მომჩივანმა პორტალზე მხოლოდ ინვოისი ატვირთა და მომჩივანს ხელით არაფერი მონაცემი არ შეუვსია და ვერც შეავსებდა, რადგანაც ამას უშუალოდ პორტალის ხელოვნური ინტელექტი ახდენს და მის მიერ დამუშავებული ინფორმაცია რჩება უცვლელი.
შეცვლილი ფორმით ვალუტა ----ის ნაცვლად ----ი არ მიუთითებია და ვერც მიუთითებდა. ის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ინფორმაციაში ხელით ცვლილებას ვერ შეიტან ამტკიცებს გადამზიდი კომპანიის წერილიც (დანართი).
დეკლარირების შემდგომ ელოდებოდა ამანათის ჩამოსვლას. ამანათი, ნაცვლად მაქსიმუმ 40 დღისა (14 აპრილის შეძენილი), ჩამოვიდა დაგვიანებით 23 ივნისს. ამავე თარიღში გადამზიდი კომპანიისგან მიიღო შეტყობინება, რომ ამანათის განსაბაჟებლად საჭირო იყო დამატებითი საბუთების წარდგენა. აღნიშნულ მეილშივე საბაჟო დეპარტამენტისათვის წარსადგენ განაცხადის ფორმაში მოთხოვნილი იყო მომჩივნის პირადობის მოწმობა და ინვოისი. ძალიან გახარებულმა, რომ როგორც იქნა, ჩამოვიდა ამანათი, სასწრაფოდ შეავსო განაცხადი და ატვირთა პირადობის მოწმობა და სწორედ ის ინვოისი, რომელიც გადამზიდი კომპანიის -------ს ონლაინ პორტალზე ჰქონდა ატვირთული ამანათის დეკლარირების მიზნით.
ინვოისში აღნიშნულია ნივთის თანხა 578 -----ი. კომპანიასაც და საბაჟოსაც წარუდგინა ინვოისი, სადაც თანხა მითითებული იყო ------ში. არსად არც წარუდგენია და არც ჩაუწერია შესყიდული ნივთის თანხა ------ში.
სრულიად მოულოდნელი იყო მეორე დღეს, 24 ივნისს, გადამზიდი კომპანიისგან მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც მომჩივანს, თავისი ამანათის არასწორად დეკლარირების გამო, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა დააკისრა ჯარიმა. საფუძვლად აღნიშნული იყო, რომ თურმე მომჩივანმა (რომელსაც არსად არაფერი მიუთითებია) თითქოს -----ის ნაცვლად შესყიდული ნივთის თანხა მიუთითა -----ში (ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე შეადგენს დღგ-ის 100%-ს, რაც შეადგენს 321,75 ლარს).
წერილის მიღებისთანავე მიწერა გადამზიდი კომპანიის -------ს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც როგორც ასისტენტი პასუხობს და როგორც იქნა დაუკავშირდა ოპერატორს. სატელეფონო საუბრისას ბოდიში მოუხადეს შეცდომისათვის და საკითხის მოგვარების მიზნით მოსთხოვეს მიემართა წერილობით ---------.com. აღნიშნულ წერილში ითხოვა, საბაჟო დეპარტამენტისათვის მიემართათ, აეხსნათ, რომ მომხმარებლის (ანუ მომჩივნის) მხრიდან წარმოდგენილ ინვოისში მითითებულია შესყიდული ნივთის თანხა -------ში და რომ ხელოვნური ინტელექტის ხარვეზის გამო იქნა არასწორი ინფორმაცია წარდგენილი საბაჟო დეპარტამენტში. მიიღო შემდეგი პასუხი: „ვინაიდან საქმე ეხება საბაჟო პროცედურებს და დეკლარაციაში მითითებულ ვალუტის საკითხს, თქვენი წერილი გადაეგზავნა ჩვენს შესაბამის განყოფილებას დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის. ოპერატორი პირადად დაგიკავშირდებათ და დაგეხმარებათ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში“.
სრულიად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ვინაიდან მართალი იყო, გადამზიდი კომპანია მოაგვარებდა ამ საკითხს. დარწმუნებული იყო, რომ საბაჟო დეპარტამენტს მიწოდებული ჰქონდა მომჩივნის წარდგენილი ინვოისი, რომელშიც თანხა ------ში იყო მითითებული და არა ----ში, რომ საბაჟო დეპარტამენტისათვის ორჯერ წარდგენილ ინვოისში არსებული ----ის მითითებით იყო მთავარი და არა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ხარვეზით წარდგენილი ინფორმაცია (ორჯერ გაგზავნაში იგულისხმება საბაჟო დეპარტამენტის მოთხოვნის შემდეგაც გაგზავნა).
დღეისათვის გადახდილია დღგ-ის თანხა და სხვა დეკლარირების მომსახურების ანაზღაურებაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამზიდი კომპანიის ----- პორტალზე ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებულმა შეცდომამ თავის მხრივ შეცდომაში შეიყვანა საბაჟო დეპარტამენტი. ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომა ვერაფრით ვერ ჩაითვლება მომჩივნის მიერ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებად.
------მ წერილობით განმარტა შემდეგი „მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინვოისი გადაეცემა პირდაპირ საბაჟოს, რასაც ტვირთავთ ექაუნთში. ვინაიდან ვალუტა არ შეესაბამებოდა გადახდილი თანხის ვალუტას, არასწორი ფასის გამო დაეკისრა ჯარიმა. კომპანია რაიმე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მოცემულ შემთხვევაში სამწუხაროდ“.
აღნიშნული წერილი სრულიად უსაფუძვლოა. ერთი, რომ თვითონ აღიარებენ, რომ ინვოისი ატვირთულია მათთან და საბაჟოსაც გაუგზავნეს. ამ ინვოისში მკაფიოდ არის აღნიშნული ნივთის საფასური 578 -------ი. თუ ნივთის საფასური 578 -----ია, რაც ინვოისშიც არის აღნიშნული, სრულიად გაურკვეველია რა ვალუტა არ შეესაბამება გადახდილი თანხის ვალუტას? საიდან გაჩნდა -----ი? ატვირთული ინვოისი მათ ჰქონდათ თავიდანვე პორტალზე სანამ ნივთს წამოიღებდნენ -----დან. ეს ინვოისი განთავსებულია გადამზიდ კომპანია -------ს პორტალზე, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული ნივთის თანხა 578 -----ი და არა ----ი. ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი. ეს ინვოისი იყო თავიდანვე მათთან და მხოლოდ მაშინ არ გამოჩენილა, როდესაც საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა დამატებითი საბუთების გადაგზავნა. გამოდის, რომ ----- არ ამბობს სიმართლეს, რომ ინვოისი გადაუგზავნა საბაჟოს. გამოდის, რომ მან საბაჟოს მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ არასწორად გენერირებული/მითითებული ვალუტის მონაცემები მიაწოდა, რითაც საბაჟო დეპარტამენტი თვითონვე შეიყვანა შეცდომაში.
ასევე ------- სხვა წერილში უთითებს შემდეგს: „მოგახსენებთ, რომ საკითხის ოპერატორისთვის გადამისამართებამდე, ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი გეკონტაქტებათ ელფოსტაზე და ამ წერილებს ყოველთვის ერთვის ბოლოსართად „გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი - AI-ს მიერ გენერირებული პასუხი არ არის იურიდიული ძალის მქონე“. კიდევ ერთხელ გვინდა გაცნობოთ, რომ ინვოისის ატვირთვის შედეგად, ავტომატურად ივსება შესავსები ველები ხელოვნური ინტელექტის მიერ - მაღაზია, პროდუქცია, ფასი. ვალუტა უცვლელად ფიქსირდება, როგორც -----ის, ისე -----სა და ------- ის ვალუტის შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, ----ის ამანათი -----ში უნდა დადეკლარირდეს და თუ ინვოისი ----ია, ცხადია ვალუტის ნიშნის შეუცვლელად მოხდება ----ს მიერ ეს. ამასთან, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ შევსებულ ველებს ადასტურებს მომხმარებელი და მხოლოდ ამის შემდეგ მისი თანხმობით ხდება მონაცემების შენახვა. თუკი რაიმე მონაცემი არაზუსტია, თავისთავად მომხმარებელმა ეს უნდა გაასწოროს ან უნდა მოგვმართოს და არ ატვირთოს ინვოისი. თქვენს მოთხოვნას, პასუხისმგებლობის აღებისა და ანაზღაურების თაობაზე, კომპანია ვერ დააკმაყოფილებს“.
თუ გადამზიდი კომპანია თვითონვე აღიარებს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ინვოისის შესაბამის მონაცემები სიზუსტის დაცვით არ გადაჰყავს საბოლოო მონაცემებში, მაშინ რატომ არის მისი წარდგენილი ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტისათვის უტყუარი? და გადამზიდის მტკიცება, რომ ----დან თუ მოდის ამანათი თანხაც ----ში რომ უნდა მიუთითოს ხელოვნურმა ინტელექტმა ცხადი რატომაა? ვისთვისაა ცხადი? ეს წინასწარ მომხმარებელმა არ იცის და არც არსად არ არის მითითებული, რომ ხელოვნური ინტელექტი ვალუტას ინვოისში არსებული ვალუტის მიხედვით არ აგენერირებს. არც კანონი ითვალისწინებს ასეთ მოთხოვნას, რომ ყველა მომხმარებელმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს. გადამზიდი კომპანია ----- წერილში თან ეუბნება, რომ მომხმარებელმა თვითონ უნდა გაასწოროს ინფორმაციაო ვალუტის ან სხვა ველში, მაგრამ თან ამავე დროს თვითონვე აღნიშნავს ეს შეუძლებელია, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი საბოლოო მონაცემებს თვითონ აგენერირებს.
რაც შეეხება მათთან მიმართვას, მიმართვის დროს ისევ ხელოვნური ინტელექტი პასუხობს (როგორც ონლაინ ასისტენტი) და თუ არ ატვირთავ ინვოისს გადამზიდი არ მოახდენს დეკლარირებას და ამანათს არ წამოიღებს. რაღაც გამოუვალ მდგომარეობას ქმნიან, რომლის შედეგსაც ისევ მომხმარებელს აბრალებენ. ჯერ ერთი, საერთოდ არც შეუნიშნავს ეს ცვლილება ვალუტაში და არც დაუშვია, რომ წარდგენილ ინვოისს უფრო მეტი მნიშვნელობა თუ არ ჰქონდა. საერთოდ კომპანიას, რომელსაც მომსახურებაში ფულს უხდი, მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა დაამახინჯოს და ამით მომხმარებელი არ უნდა დააზარალოს. ან თუ ასეთი მოხდა წესით თვითონვე უნდა გამოასწოროს. არც იმის გამო, რომ ნაცვლად მაქსიმუმ 40 დღისა ორ თვეში ჩამოვიდა ნივთი არავის შეუწუხებია თავი ელემენტარული უხერხულობა მაინც ეგრძნოთ. მაგრამ ასეთი დაუსჯელობის სინდრომი რომ აქვთ, რომ მომხმარებელი თავს ვერსად ვერ დაიცავს და მათ პასუხს არავინ მოსთხოვს, მომხმარებლის ინტერესები სრულიად ნულზე აქვთ დაყვანილი.
თუ მომხმარებელთან კომუნიკაციის შემთხვევაში ---ს მიერ გენერირებული პასუხი არ არის იურიდიული ძალის მქონე, მაშინ ამავე ხელოვნური ინტელექტის მიერ საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილ არაზუსტ ინფორმაციას რატომ აქვს იურიდიული ძალა და რატომ არ უგზავნიან საბაჟოს მომჩივნის მიერ ატვირთულ ინვოისს, რომელიც უტყუარ ინფორმაციას შეიცავდა ვალუტის სისწორის შესახებ?
გადამზიდი კომპანიისათვის ჯარიმის თანხის გადახდა არ მოუთხოვია, ითხოვა დახმარებოდნენ და საბაჟო დეპარტამენტისათვის აეხსნათ სიტუაცია, რაც მათი ხელოვნური ინტელექტის ხარვეზის გამო მოხდა. საბაჟო დეპარტამენტი სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდგომ აღარ მიიღებდა დაჯარიმების გადაწყვეტილებას, რადგანაც სახელმწიფო დაწესებულების მიზანი ხომ რეალურ დარღვევაზე რეაგირების მოხდენაა და არ დააკისრებდა 321 ლარის ოდენობის ჯარიმას.
ინვოისი ითვლება თუ არა საბაჟო დეკლარაციისათვის წარდგენილ თანმხლებ/დართულ დოკუმენტად? გადამზიდი კომპანიის ვებ პორტალზე ამანათის გადმოზიდვამდე ატვირთა ინვოისი 578 ----ის აღნიშვნით, ასევე იგივე ინვოისი გააგზავნა საბაჟო დეპარტამენტისათვის განკუთვნილ განაცხადის ფორმაში (როდესაც მათ დამატებითი საბუთები მოითხოვეს დეკლარირებისათვის). გაურკვეველია, სად არ იყო წარდგენილი თანხა/ინფორმაცია სწორად ან უტყუარად? რომელ ინვოისში იყო მითითებული -------ის ნაცვლად ----ი? სად მოახდინა ინფორმაციის დამალვა? შესაბამისად თანმხლებ დოკუმენტში წარდგენილი ინფორმაცია ვალუტის თაობაზე იყო სწორი და უტყუარი.
ითხოვს დაუბრუნდეს ტვირთის შეუფერხებლად მისაღებად გადახდილი ზემოაღნიშნული საბაჟო სანქციის თანხა, რაც შეადგენს 321,75 ლარს. წარმოადგენს გადახდის ქვითარს.
სრულიად არ უფიქრია რამის დამალვა. არ იცის სხვაგვარად როგორ მოიტანოს ინფორმაცია საბჭომდე. სახელმწიფო სტრუქტურის გარდა რანაირად დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რატომ უნდა ჰქონდეს ამხელა გადამზიდ კომპანიას უპასუხისმგებლობის სინდრომი და უბრალო მომხმარებელი დაისაჯოს იმისათვის, რაც არ ჩაუდენია და დაეკისროს თანხა, რომლის გადახდაც საკმაოდ დიდ ტვირთად დააწვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის,საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად:
1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
4. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს:
ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №8- VIII-06).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისის მიხედვით №----- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულებამ 578 ----ის ნაცვლად შეადგინა 578 -------ი.
აღნიშნულიდან გამომჩინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2025 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2025 წლის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან;
3. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
19.06.2025 წელს საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მომჩივანის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად მომჩივანმა წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რის მიხედვითაც საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება არასწორად იყო მითითებული .
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 321,75 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს 24.06.2025 წლის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია -ჯარიმა შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №16944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 167(1);