რეინვესტირების ფარგლებში ძირითადი საშუალების იჯარით და ლიზინგით აღება N 0510
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
რეინვესტირების ფარგლებში ძირითადი საშუალების იჯარით და ლიზინგით აღება N 0510
ფაქტობრივი გარემოებები
· სამედიცინო დაწესებულებამ 2013 კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობისგან დამოუკიდებელი საქმიანობიდან მიიღო ფინანსური და საგადასახადო მოგება, 150 000 ლარის ოდენობით, რომელიც გამოყო შემდგომ წლებში რეინვესტირებისთვის და შესაბამისად არ დაბეგრა მოგების გადასახადით
· ვარიანტი I 2014 წლის დასაწყისში გადასახადის გადამხდელმა რეინვესტირების ფარგლებში, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის მიზნით, სამედიცინო აპარატურა აიღო იჯარით
· ვარიანტი II 2014 წლის დასაწყისში პირმა რეინვესტირების ფარგლებში, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის მიზნით, სამედიცინო აპარატურა აიღო ლიზინგით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია აღნიშნული აპარატურის ლიზინგის ვადის დასრულების შემდეგ კომპანიის საკუთრებაში გადაცემა
შეფასება
· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში
· ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, თუ რეინვესტირებისთვის განკუთვნილი მოგება მიღებულია სამედიცინო საქმიანობის შედეგად და მისი მიმართვა ისევ სამედიცინო საქმიანობის მიზნებისთვის მოხდება
· I ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში პირს რეინვესტირებისთვის განკუთვნილი მოგება არ მიუღია სამედიცინო საქმიანობიდან და ასევე, სახეზეა იჯარა, იჯარის შემთხვევაში კი, როდესაც იჯარის საგანს წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობისათვის განკუთვნილი სამედიცინო აპარატურა, ხორციელდება კომპანიის ტექნიკური ბაზის დროებით (იჯარის პერიოდში) გაუმჯობესება და არა მისი უზრუნველყოფა, აღნიშნული არ განიხილება რეინვესტირებად. შესაბამისად, პირი ვერ ისარგებლებს სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით
· II ვარიანტში: ბასს-ის №17 სტანდარტის თანახმად, ლიზინგით მიღებული აქტივები, განსხვავებით იჯარისგან, განიხილება ისე, როგორც მოიჯარის საკუთრებაში არსებული აქტივები და მათთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკი და ეკონომიკური სარგებელი გადაეცემა მოიჯარეს. მართალია ბასს-ის თანახმად, ლიზინგით მიღებული აქტივები განიხილება ისე, როგორც პირის საკუთრებაში არსებული აქტივები, შინაარსობრივად აღნიშნული წარმოადგენს რეინვესტირებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში პირს რეინვესტირებისთვის განკუთვნილი მოგება არ მიუღია სამედიცინო საქმიანობიდან, აღნიშნული არ განიხილება რეინვესტირებად. შესაბამისად, პირი ვერ ისარგებლებს სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში: პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით
სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით