გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მთავრობის დადგენილება 28.07.2010
№ დოკუმენტი 213
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 213

2010 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების

განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლისა და 144 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს თანდართული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები“.

2. განისაზღვროს გზათსარგებლობის საფასური საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას – ერთ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 350 ლარის ოდენობით.

3. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირება უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №361 - სსმ III, №157,01.12. 2010წ., მუხ.2219

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №391 - სსმ III, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2407

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილება №363 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №561 – ვებგვერდი, 01.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №286 – ვებგვერდი, 08.06.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 09.02.2023წ.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

დანართი

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის დადგენილება №363 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

 

გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები

 

1. გზათსარგებლობის საფასური სავალდებულო გადასახდელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის 302003277 სახაზინო კოდზე.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვისას, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება) მფლობელი/მძღოლი ვალდებულია (გარდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) უზრუნველყოს გზათსარგებლობის საფასურის გადახდა:

ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბანკო დაწესებულებებში, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) შესახებ ელექტრონული ინფორმაციის სსიპ – შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ა.ბ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებში ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით, ან;

ბ) შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი;

გ) გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი წარადგინოს:

გ.ა) ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას – საბაჟო გამშვებ პუნქტში;

გ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო გზით გასატანი ტვირთის:

გ.ბ.ა) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო კონტროლის ზონაში გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო საწყობში;

გ.ბ.ბ) საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტში;

გ.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საჰაერო გზით გასატანი ტვირთის:

გ.გ.ა) საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საბაჟო საწყობში;

გ.გ.ბ) საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ან მის მომიჯნავედ განლაგებული საბაჟო კონტროლის ზონის (გარდა საბაჟო საწყობისა) ტერიტორიაზე გადმოტვირთვისას – შესაბამის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №629 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №561 – ვებგვერდი, 01.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 09.02.2023წ.

3. გზათსარგებლობის საფასურის ბარათების შეძენა შესაძლებელია საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებში, „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტებსა და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოგასამართ სადგურებში/კომპლექსებში ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელსაც გზათსარგებლობის საფასურის ბარათები გადაცემული აქვს ამ პროცედურებისა და პირობების 51 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის დადგენილება №258 – ვებგვერდი, 03.06.2021წ.

4. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებებში გადახდის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულების მიერ ამ გადარიცხვისათვის (მომსახურების გაწევისათვის) დადგენილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს.

5. პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას ან/და რომელთანაც ხდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მისაღები თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის 1,5 პროცენტს. ამასთან, ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის დადგენილება №258 – ვებგვერდი, 03.06.2021წ.

51. გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემა განხორციელდება მას შემდეგ, რაც პირის მიერ:

ა) 302003277 სახაზინო კოდზე სრულად იქნება გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხა; ან

ბ) წარდგენილ იქნება არანაკლებ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის თანხის შესაბამისი გარანტია. გარანტიის სახეები, მისი წარდგენისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №629 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივნისის დადგენილება №258 – ვებგვერდი, 03.06.2021წ.

6. ამ პროცედურებისა და პირობების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის პირზე აღარ განხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემა ან/და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენისათვის სისტემაში დაშვება.

7. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სავალდებულო წესით განუმარტავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებას, გადახდის განსახორციელებლად შესაბამისი მონაცემების მითითებით.

8. დაუშვებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) გასატანი ტვირთის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გზათსარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №561 – ვებგვერდი, 01.12.2021წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 თებერვლის დადგენილება №58 – ვებგვერდი, 09.02.2023წ.

9. ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საგადახდო დავალების, ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძველზე, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №561 – ვებგვერდი, 01.12.2021წ.

10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის ან „გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალება, რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთან გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (რომლის შესახებ ელექტრონული ინფორმაციაც წარდგენილია შემოსავლების სამსახურში) ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №629 – ვებგვერდი, 19.10.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №561 – ვებგვერდი, 01.12.2021წ.

11. გზათსარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

12. გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ წარდგენილი გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი, ასევე ამ დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დგინდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №561 – ვებგვერდი, 01.12.2021წ.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე