N 274 - 13/11/2020 - „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №274
2020 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/02/2019, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების საფუძველზე, ვბრძანებ:“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესის და პირობების“:
ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება, გაანგარიშებაში ასახული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, რა დროსაც გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობა მცირდება გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლის გათვალისწინებით.“;
ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. გაანგარიშებაში 2020 წლის 16 ნოემბრის შემდეგ ასახული ზედმეტობა, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის ფარგლებში, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის გარეშე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;
გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტების მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელისათვის დასაბრუნებელი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის ოდენობა განისაზღვრება, აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით თანხის დაბრუნების მომენტისათვის, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.“;
დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ მოქმედებათა საფუძველზე განსაზღვრულ ფარგლებში, გამოიწერება საგადახდო დავალება, რაც ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სახაზინო სამსახურს, რომელიც ახორციელებს თანხის დაბრუნების შესაბამის ღონისძიებებს.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 17 ნოემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი