ბრძანება N 6218
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6218
29.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.:----------;
იურ. მის.: -----------)
2022 წლის 27 იანვრის და 31 დეკემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ----------) 2022 წლის 31 დეკემბრის №77758/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 დეკემბრის №081-246 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული 2022 წლის 27 იანვრის №67378/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №081-450 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
2. ასევე, არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის №23930 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №42361 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-450 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 554 330 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 307 601 ლარი, ჯარიმა 150 857 ლარი და საურავი 95 872 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 მაისის №11040 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 მაისის №11040 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 29 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 49 680 ლარით, მათ შორის გადასახადი 34 203 ლარი, ჯარიმა 15 477 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 5 დეკემბრის №081-246 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 მაისის №11040 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 მაისის №11040 ბრძანება და საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული/შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი საჭიროებს დამატებით
შესწავლას/შეფასებას. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 27 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2017 წლის 1 მაისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქ.-------------------- უძრავი ქონების მართვა (იჯარით გაცემა; დასუფთავების, დაცვის, ექსპლუატაციასთან დაკავშირებული (ლიფტები, ექსკალატორები) მომსახურების გაწევა, კომუნიკაციებით უზრუნველყოფა და ა.შ); სასტუმროს (აუზით, სპა-ფიტნესით, რესტორნით) ფუნქციონირება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სასტუმროში ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის 42 ნომერი, ამასთან, საწარმოს არ აქვს სასტუმროს საქმიანობის აღრიცხვა განხორციელებული (შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა - არ ხდება სტუმრების რაოდენობის, დაკავებული ნომრების, დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა-ანალიზი). ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარირებულ მონაცემებთან, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად წარდგენილ (www.---------) ანგარიშგების მონაცემებთან. გ) 2018 წლის 18 ივლისის NCB904693 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას გამოვლინდა სამართალდარღვევა - მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა, რისთვისაც განესაზღვრა გაფრთხილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასტუმროს საქმიანობის ნაწილში შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სასტუმროს ნომრები დაიტვირთა (ფიზიკურ პირებზე განსაზღვრული ფასების შესაბამისად) აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი საქმიანობით დაკავებული გადასახადის გადამხდელის (სასტუმროს) დატვირთულობის კოეფიციენტით, რომელიც პანდემიამდე პერიოდზე განისაზღვრა საშუალოდ 50%-ით, ხოლო პანდემიის შემდეგ - 18%-ით. ამასთან, გათვალისწინებული იქნა ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესებული კოვიდ-რეგულაციებით განსაზღვრული შეზღუდვები (საყოველთაო კარანტინი და უქმეები) და შესაბამისად შემოწმება 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მიერ (სასტუმროს მომსახურებაზე) გამოწერილ ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურებს დაემატა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი, რომელიც გაანგარიშებულ იქნა ფიზიკურ პირებზე განსაზღვრული ფასების, დატვირთულობის კოეფიციენტების, სასტუმროს ნომრების რაოდენობის მიხედვი. ამასთან, ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურების წილი განისაზღვრა - ,,კორპორატიული შეკვეთების წილი საერთო სასტუმროს ბრუნვაში“ პროპორციით. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაფიქსირებულ სასტუმროს მართვიდან მიღებულ შემოსავლებს აღემატება 770 182 (დღგ-ის ჩათვლით) ლარით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია - 2 216 189 ლარით და დარიცხულია შესაბამისი ქონების გადასახადი, ხოლო 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია - 9 245 533 ლარით და ქონების გადასახადი დარიცხული არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გათვალისწინებით. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საწარმოს საკუთრებაში რეგისტრირებულია ქ.------------ -ში და ----------- N------ში მდებარე უძრავ ქონებაში არსებული კომერციული ფართები. გადასახადის თანამონაწილეობით გამიჯნულ იქნა საკუთრებაში არსებული კომერციული ფართები განხორციელებული საქმიანობის სფეროების მიხედვით. შედეგად, შემოწმებით ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა იჯარით გაცემული კომერციული ფართები და ორი ვერანდა (საკადასტრო კოდები: ------------------------------------- (აღნიშნული ფართის შეძენა გამორჩენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში)). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფინანსური ცვეთის ნორმების გათვალისწინებით დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:
1. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან გათვალისწინებული იქნა კომუნალური მომსახურების ხარჯების ანალიზის მონაცემები (დანარჩენი ინფორმაცია/ცხრილები არ არის დადასტურებული დოკუმენტურად და საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას არ იწვევს). შედეგად დგინდება, რომ სასტუმროს საქმიანობა არ აქვს განხორციელებული 2020 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა ზემოაღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში (თუ დარიცხული იყო). ამრიგად, კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა.
2. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებული ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია პროგრამა „ინფოში“, სადაც მაქსიმალურად არის ჩაშლილი და დიფერენცირებული თითოეული შემოსავალი. ბუქინგის ამონაწერით და ელექტროენერგიის ხარჯით ნათლად დასტურდება, რომ სასტუმრო 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 13 ივნისამდე არ ფუნქციონირებდა. ამასთან, სასტუმროს სტუმრების რაოდენობის და დატვირთულობის განსაზღვრისათვის კომპანიაში აღრიცხულია და დოკუმენტირებულია ყველა პირველადი დოკუმენტაცია, მათ შორის ინვოისები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, პროგრამაში აღრიცხულია ჩაშლილად თითოეული შემოსავალი და სასტუმროს ჯავშნისთვის გამოყენებული პროგრამა. ამასთან, სამართალდარღვევის ოქმი (გაფრთხილება) გამოწერილია პარკინგზე, რომლის გამოყენება სასტუმროსთან მიმართებაში არასწორია. შესაბამისად, არცერთი კრიტერიუმით არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება ამ კოდექსით 2020 ან 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ ------------) კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ დაკორექტირდა დარიცხული ქონების გადასახადი. საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ კომპანიას გააჩნია ტექნიკური ფართი, სადაც განთავსებულია კომუნიკაციებისა და სხვადასხვა კომუნალური სერვისებისთვის საჭირო დანადგარები, რომლითაც ხდება სასტუმროს მომარაგება. შესაბამისად, ეს არის ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული და არ შეიძლება ამოგლეჯილად მხოლოდ სასტუმროს ნომრების განხილვა. აღნიშნულის დამადასტურებლად გადასახადის გადამხდელმა საბჭოს სხდომაზე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი.
ქონების გადასახადთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 მაისის №11040 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით უნდა შეესწავლა სადავო საკითხი. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დამატებითი შესწავლის შედეგად დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში არ არის დასაბუთებული დამატებით შესწავლის შედეგად რატომ არ მოხდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ასევე აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით არ გამოუკვლევია მტკიცებულებები და შემოწმებით დადგენილი გარემოებებისაგან განსხვავებული არგუმენტი გადაანგარიშების ეტაპზეც არ აქვს წარმოდგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებული ტექნიკური ფართი წარმოადგენს სასტუმროსთან ფუნქციურად დაკავშირებულ დამხმარე ხასიათის შენობას, შესაბამისად, შეადგენს სასტუმროს საქმიანობაში გამოყენებულ ქონებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასტუმროს საქმიანობაში გამოყენებულ ტექნიკურ ფართზე გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასტუმროს საქმიანობაში გამოყენებულ ტექნიკურ ფართზე გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
2. ასევე, არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან გათვალისწინებული იქნა კომუნალური მომსახურების ხარჯების ანალიზის მონაცემები (დანარჩენი ინფორმაცია/ცხრილები არ არის დადასტურებული დოკუმენტურად და საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას არ იწვევს). შედეგად დგინდება, რომ სასტუმროს საქმიანობა არ აქვს განხორციელებული 2020 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას დაექვემდებარა ზემოაღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში (თუ დარიცხული იყო). ამრიგად, კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა.
2.გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებული ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);201(1);202(1);205(2)