გადაწყვეტილება №18685/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18685/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18685/2/2023

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 18.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18685/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №EL189141 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 1.11.2022 წლის №EL11113/289 (094-289) საგადასახადო მოთხოვნა; 3. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33805 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 314,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 157,3

დღგ - 725,3

იმპორტის გადასახადი - 432

ჯარიმა - 1 157,3

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

30.10.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით, საქართველოში შემოტანილია ამერიკის შეერთებული შტატებიდან კომპანია „----------“-ის მიერ კომპანიის („----------“)-ის სახელზე გამოგზავნილი, საქონლით (ქათმის გაყინული ბარკალი - 11 000 ყუთი, ბრუტო წონა 174 825 კგ., ნეტო წონა 166 500 კგ.) დატვირთული 6 კონტეინერი.

აღნიშნული კონტეინერი განთავსდა მომჩივნის საბაჟო საწყობში. 31.10.2022 წელს მომჩივანმა, როგორც „--------“-ის წარმომადგენელმა განცხადებით (№„--------“ ) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ №„--------“ და №„--------“ კონტეინერიდან საქონლის გადმოტვირთვისას, გაყინული ქათმის ბარკალი აღმოჩნდა 64 ყუთით (ნეტო წონა - 960 კგ.) ნაკლები.

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების გამო, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №EL189141 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 1157,3 ლარის ოდენობით. ასევე გამოიცა 1.11.2022 წლის №EL11113/289 (094-289) საგადასახადო მოთხოვნა და უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 1157,3 ლარი.

ხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.12.2022 წლის №33805 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი მოქმედებები მომჩივნის მხრიდან არ განხორციელებულა.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ დანაკლისის აღმოჩენისთანავე შედგა შესაბამისი აქტი და მიეწოდა საბაჟო დეპარტამენტს ელექტრონულად ერთიან ქსელში ასახვის გზით.

მოცემულ შემთხვევაში დაუდგენელია რის საფუძველზე მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანო, რომ კომპანიის მიერ მოხდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

გემზევე საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის მიერ მოწმდება ლუქი და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საქონელი ექცევა სხვა საბაჟო კონტროლის ქვეშ. მსგავს შემთხვევას აქ ადგილი არ ჰქონია, კონოსამენტით, წინასწარი შეტყობინებით და კონტეინერის ელექტრონული აღრიცხვის ფორმებით დასტურდება კონტეინერებზე არსებული ლუქის იდენტურობა. ასევე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოხდა გამოცხადება პროცედურების სრული დაცვით, საქონლის დატვირთვაგადმოტვირთვა რომლის შემოწმების შესაძლებლობა და მათზე წვდომა ნამდვილად აქვს საბაჟო ორგანოს წარმომადგენელს, შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა ზუსტად იმ რაოდენობის ტვირთი, რაც ფაქტობრივად განთავსდა საბაჟო საწყობში.

მოცემულ შემთხვევაში სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება იყო დაედგინა ადგილი ჰქონდა თუ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა ფაქტებისთვის. კანონის ამ ნორმის დათქმიდან გამომდინარე კომპანია ვერ იქნებოდა სამართალდამრღვევი, ვინაიდან მისი მხრიდან არ და ვერ განხორციელდებოდა სამართალდარღვევა, ვინაიდან იგი არ იყო ტვირთის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი. არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი რომ ტვირთის კონტეინერში ჩატვირთვისას არასწორად მოხდა დოკუმენტაციის შედგენა ან იმ ეტაპზე დაიკარგა მითითებული ოდენობის ტვირთი და არა მათი საქართველოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ გადასვლის შემდეგ. შესაბამისად არ იკვეთება საბაჟო კანონმდებლობის ინტერესიდან გამომდინარე სამართალდარღვევა, ვინაიდან არ მომხდარა საბაჟო ზედამხედველობაში გადასული ტვირთის განკარგვა, დაზიანება ან განადგურება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ყოველგვარ სამართლებრივი საფუძველს არის მოკლებული მტკიცება ტვირთის უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების საფუძვლით კომპანიის მიმართ რაიმე ტიპის სანქციის გამოყენებაზე. ვინაიდან იგი პასუხისმგებელია მხოლოდ ფაქტობრივად მიღებული ტვირთის ოდენობაზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სანქცია განესაზღვრა იურიდიულ პირს, რომლის მხრიდან არ და ვერ განხორციელდებოდა სამართალდარღვევა, ვინაიდან იგი არ იყო ტვირთის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი, არც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არ იყო კონოსამენტში მითითებული ოდენობის ტვირთი მოქცეული, რადგან საბაჟო საწყობში განთავსებამდე დადგინდა დანაკლისი.

შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე აპელირებით, თუმცა იგივე ნორმის მთელი რიგი ნაწილები მომჩივნის დასწრებით განხილვაზე უთითებს.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილ იქნა დანაკლისი ტვირთის განბაჟებისა და დღგ-ის თანხის გადახდა, ასევე იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განუმარტეს, რომ მთლიანი ტვირთი დაყადაღდებოდა, რითაც გასაჩივრების პროცედურების და ვადების გათვალისწინებით შეუქცევადი ზიანი მიადგებოდა ტვირთის მფლობელსაც და შპს აისბერგ ფოთსაც.

მოცემულ შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტმა აიძულა ორმაგად გადაეხადა იმ ტვირთის გადასახადი, რომელიც ფაქტობრივად არც კი შემოსულა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საბაჟო, საგადასახადო კოდექსების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები, ასევე უზრუნველყოფილ იქნას წინსწრებით გადახდილი თანხის 2314,60 ლარის უკან დაბრუნება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2.საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა,დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველია: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ გავლით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოტანილი და მომჩივნის საბაჟო საწყობში განთავსებული კონტეინერებიდან საქონლის გადმოტვირთვისას, აღმოჩნდა გაყინული ქათმის ბარკლის დანაკლისი.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა, განადგურება. შესაბამისად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება და იმპორტის გადასახდელების დარიცხვა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.