ბრძანება N 9012-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2020
№ დოკუმენტი 9012-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9012

24/03/2020

შპს -----

(მის: ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 22 ნოემბრის N242726/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 ოქტომბრის N007-452 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 23 იანვარს და 27 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმი N2, N11).

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:

არ ეთანხმება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის ცვლილებას, კერძოდ, შპს ----- ს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მომენტის დადგომას 2018 წლის ნოემბრის თვეში და განმარტავს, რომ საწარმოსა და ფიზიკურ პირ ------ ს შორის 2018 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ავანსი არ წარმოადგენს დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვას და აღნიშნული თანხა წარმოადგენს არა გადახდის ოპერაციას, არამედ მხარეთა შორის ვალდებულების ურთიერთგადაფარვას (ისიც მომავალში). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულის დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას. ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების საფუძველზე დარიცხულ ჯარიმებს.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 22 აპრილის N12367 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 21 ოქტომბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 24 ოქტომბერს გამოსცა N36942 ბრძანება და ამავე თარიღის N007-452 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 824.19 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 633 ლარი, ჯარიმა 8 729 ლარი, საურავი 462.19 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან მიმართებაში, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოება ახორციელებდა, როგორც საცხოვრებელი ფართების, ასევე სხვადასხვა სახის ნაგებობების მშენებლობას. გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. მყიდველებთან გაფორმებული ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სრულად იდენტიფიცირება. გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვა, ფიზიკური პირების მიერ გაწეული ან სხვა მიღებული მომსახურებების დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, ახსნა-განმარტებებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, ხარჯებისა და შემოსავლების იდენტიფიცირების მიზნით, იურიდიული და ფ/პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციას. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნდა მხოლოდ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი შემოსავლები.

შემოწმების მიერ, ხელთარსებული ინფორმაციის საფუძველზე, დაანგარიშდა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმების პროცესში აღმოჩნდა, რომ გადამხდელის მიერ შემოსავლების მიღება ხდებოდა როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ანგარიშსწორების გზით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 136-ე, 156-ე, 160-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, დაანგარიშდა გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლების ოდენობა. საზოგადოება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგა 2019 წლის 14 თებერვალს. შემოწმებით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დადგა 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად. შემოწმებით, ასევე დაზუსტდა 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებითა და ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ შპს ----- ს 2018 წლის 10 აგვისტოს ორ ფიზიკურ პირთან გააფორმა ხელშეკრულება მიწის წინარე ნასყიდობაზე. მხარეთა შეთანხმებით საწარმო ააშენებდა უძრავ ქონებას აღნიშნულ მიწაზე, რის სანაცვლოდაც ფიზიკურ პირებს გადაუხდიდა 200 000 ლარს და ასევე საკუთრებაში გადასცემდა 200 კვ.მ. ფართობის ბინას მშენებლობის დასრულების შემდეგ. გარიგების დადების მომენტში აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც კომპანიას უნდა შეეძინა მშენებლობის განსახორციელებლად, იყო გირავნობა-იპოთეკის უფლებით დატვირთული ფ/პ -----ის სასარგებლოდ. გირავნობა-იპოთეკა შეფასებული იყო 29 500 ლარად. აღნიშნული დასტურდება მიწის მფლობელსა და იპოთეკარს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციით. კომპანიამ აწარმოა მოლაპარაკება და გადაწყდა, რომ ------ კომპანიისგან მიიღებდა ფართს საკუთრებაში მშენებლობის დასრულების შემდგომ, რომლის ღირებულების ნაწილი გამოიქვითებოდა გირავნობა-იპოთეკის უფლებაში, ანუ იგი მოხსნიდა თავის გირავნობა-იპოთეკის უფლებას მიწის ნაკვეთზე და აღარ გადაიხდიდა მომავალი ბინის ღირებულების დარჩენილ ნაწილს - 27 146 ლარს (აღნიშნული თანხის ექვივალენტს აღარ გადაიხდიდა, გამოიქვითებოდა), ხოლო დარჩენილ ნაწილს გადაიხდიდა შეთანხმებული გრაფიკით (საბანკო გადმორიცხვებით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 12 ნოემბერს შპს ----- სა და ფ/პ ----- ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა ნასყიდობის ფასი და გადახდის პირობები. მუხლი 3.1.-ში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ჯამური ღირებულება შეადგენს 16 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული გაცვლითი კურსის შესაბამისად. ამასთან, მუხლი 3.2.-ით ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილის გადახდა, რომელიც შეადგენს 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში მყიდველის მიერ უნდა განხორციელდეს მხარეების მიერ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. ხოლო, მუხლის 3.3-ის მიხედვით, ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდას უზრუნველყოფს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით (12.11.2018 წლის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება) დასტურდება, რომ ფ/პ ------ ს მიერ 2018 წლის 12 ნოემბერს ფაქტობრივად განხორციელდა მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ნაწილის გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე (გადახდილია ავანსი), რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საკითხის ზეპირი განხილვისას მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან მიმართებაში მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის ცვლილებას და ითხოვს დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას. ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ ჯარიმებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა. გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სრულად იდენტიფიცირება. შემოწმების მიერ, ხელთარსებული ინფორმაციის საფუძველზე, დაანგარიშდა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებებიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები. საზოგადოება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგა 2019 წლის 14 თებერვალს. ხოლო შემოწმებით, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დადგა 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, გადამხდელი დაჯარიმდა სსკ-ს 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად. შემოწმებით, ასევე დაზუსტდა 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დასტურდება საკომპენსაციო თანხის ნაწილის გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, რაც სსკ-ს 161-ე მუხლის პირველი ნაწილით წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 275; 282

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 157(1); 161(1)