ბრძანება N 22004
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22004
11.09. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----- ---------------ის“ (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------------------;
იურ. მის.: -----------------------------------------)
2022 წლის 3 და 13 ოქტომბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----- ---------------ის“ (ს/ნ -----------------) 2022 წლის 3 ოქტომბრის №75188/1/2022 და 13 ოქტომბრის №75478/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი სექტემბრის №005-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება LTD -------------ზე გადახდილი თანხების არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ აწარმოებდა ნივრის იმპორტს ჩინეთიდან. თუმცა კომპანიამ შეაჩერა იმპორტი და გარანტიის სახით გადახდილი თანხა დარჩა ექსპორტიორი კომპანიის ანგარიშზე. კომუნიკაციის შედეგად შეთანხმდნენ, რომ განმეორებითი შეკვეთის ან პოტენციური კლიენტის შეთავაზების შემთხვევაში შეძლებდნენ საგარანტიო თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, აღნიშნული არ უნდა იყოს განხილული არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
2. გადამხდელი არ ეთანხმება გაყინული ხორცპროდუქტების დანაკარგების, ნიმუშებისა და დანაკლისის საფუძვლით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსასყიდლო მიწოდებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6874 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----- ---------------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მაისის №16883 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის პირველი სექტემბრის №22736 ბრძანება და ამავე თარიღის №005-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 43 648 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 502 ლარი, ჯარიმა 11 109 ლარი, საურავი 8 037 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 23 თებერვლის №3478 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 19 მაისის №19164/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 თებერვლის №3478 ბრძანება და საჩივარი პირველ და მე-2 დავის საგნების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის №19164/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ეწეოდა ნივრის იმპორტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. ექსპორტიორმა წინასწარ მოითხოვა გარანტიის სახით დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი, რაც გადაუხადა კიდეც. ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეაჩერა ნიორის იმპორტი. შესაბამისად ავანსის სახით გადახდილი თანხა დარჩა ექსპორტიორი კომპანიის ანგარიშზე, რაც დადასტურებულია შედარების აქტით. მომწოდებელთან ბოლო 4 თვის განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებას და შესაძლოა იგივე ან სხვა საქონელი მიიღოს ან/და თანხა დაიბრუნოს. შესაბამისად გაუგებარია საგადასახადო ორგანომ, რატომ ჩათვალა, რომ ოპერაციის შინაარსი არ შეესაბამება მის ფორმას და რატომ განიხილა სესხად აღნიშნული თანხა.
მომჩივანი გამოთქვამს მზადყოფნას, წარმოადგინოს სასაქონლო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებით და მომწოდებელთან კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს აღნიშნულ სადავო საკითხზე დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების (მომჩივნის არგუმენტების, წარდგენილი მტკიცებულებების, არარეზიდენტისათვის გადარიცხული თანხის გაცემის და ამ თანხის სესხად ჩათვლის პერიოდების და შესაბამისად, სამეურნეო ოპერაციის ფორმის შინაარსთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხების) მომჩივნის მონაწილოებით დამატებით შესწავლა. ამ მიზნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ახდენდა გაყინული ხორც-პროდუქტების დაჭრას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას და გადამუშავების პროცესში არის 2 სახის დანაკარგი, დაჭრის და ლღობის, დანაკარგის ოდენობის აღსარიცხავად ხელმძღვანელობდა ევროპის სტანდარტებით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნისაგან შემოწმებისას მოთხოვნილი იქნა წარმოების პროცესში გამოვლენილ დანაკარგებთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ შიდა წარმოების აქტები და წერილობითი ახსნა-განმარტება. ვინაიდან აღნიშნულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა არ არის დადგენილი, შესამოწმებელ პერიოდში დანაკარგების, ნიმუშებისა და დანაკლისების საფუძვლით ჩამოწერილი სმფები, ჩაითვალა შესაბამის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დანაკარგების, ნიმუშებისა და დანაკლისების (დანაკარგის) საფუძვლით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაბამის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად ჩათვლის საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 52-ე ნაწილთან შესაბამისობის კანონიერების საკითხი არ არის დასაბუთებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით პირს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიაზე (LTD ----------) გადახდილი თანხები - 12 915 დოლარის ექვივალენტი ლარში, რომლის შესაბამისი საქონლის მიღება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ხდება, შესაბამისად, 2022 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით მომწოდებელზე გადახდილი თანხების საბოლოო ნაშთი კვლავ შეადგენს 33 243 ლარს. გადამხდელს მოეთხოვა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პირის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტით დგინდება, რომ შპს „---- ------ის“ მიერ 2016-2017 წლებში ზემოაღნიშნულ არარეზიდენტ პირზე გადარიცხულია 121 365 დოლარი, ხოლო ამავე პერიოდებში მიღებულია 108 450 დოლარის ღირებულების საქონელი (ნიორი). ამასთან, შედარების აქტით არ ხდება მომავალში მოსაწოდებელი საქონლის მახასიათებლების განსაზღვრა. შპს „---- ------ის“ მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით კი ირკვევა, რომ კომპანიებს შორის თავდაპირველად შეთანხმებული საქონლის მოცულობის შესყიდვა ბაზარზე შექმნილი რთული ვითარების გამო აღარ მომხდარა, ხოლო მომწოდებელმა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებაზე უარი განაცხადა. შედეგად გადახდილი ის თანხები, რომელზეც შესაბამისი საქონლის მოწოდება არ მომხდარა, „ჩარჩა“ მომწოდებლის ანგარიშზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 982 , 983 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლების გათვალისწინებით LTD------ზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და 2021 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, სარგებლობაში არსებული პერიოდის მიხედვით, გაანგარიშდა გაცემული სესხიდან მისაღები პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნულ პერიოდში დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად (წლიური 8,02%) , რომელიც ჩაითვალა უსასყიდლო მომსახურებად და ასევე დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გაიზარდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სახეა გაყინული ხორცპროდუქტების და თევზის იმპორტი და მისი საბითუმო-საცალო რეალიზაცია. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, პირი ზოგიერთ შემთხვევაში ახდენს გაყინული ხორცპროდუქტების დაჭრას და შემდგომი სახით მათ რეალიზაციას. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შპს „--- ----ს“ შესამოწმებელ პერიოდში სმფ-ების ჩამოწერისას უფიქსირდება საქონლის დაჭრის პროცესში გამოვლენილი დანაკარგები, ასევე, ნიმუშებისა და დანაკლისის სახით საქონლის ჩამოწერა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ასახულია შესაბამის პერიოდებში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში, ამასთან, ასახული არ არის ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციებში. პირს მოეთხოვა წარმოების პროცესში გამოვლენილ დანაკარგებთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენა. შპს „----- --------ის“ მიერ წარმოდგენილია მხოლოდ შიდა წარმოების აქტები და წერილობითი ახსნაგანმარტება.
შემოწმებით, შპს „----- --------ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში დანაკარგების, ნიმუშებისა და დანაკლისების საფუძვლით ჩამოწერილი სმფ-ები, ჩაითვალა შესაბამის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად და დაექვემდებარა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა) განაწილებული მოგება;
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხები, რომლის შესაბამისი საქონლის მიღება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ხდება. 2022 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით მომწოდებელზე გადახდილი თანხების საბოლოო ნაშთი კვლავ შეადგენს 33 243 ლარს. გადამხდელის მიერ წარდგენილი შედარების აქტით დგინდება, რომ შპს „--- ---------ის“ მიერ 2016-2017 წლებში ზემოაღნიშნულ არარეზიდენტ პირზე გადარიცხულია 121 365 დოლარი, ხოლო ამავე პერიოდებში მიღებულია 108 450 დოლარის ღირებულების საქონელი (ნიორი), შედარების აქტით არ ხდება მომავალში მოსაწოდებელი საქონლის მახასიათებლების განსაზღვრა. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის წერილობით ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მომწოდებელმა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არარეზიდენტზე გადახდილი თანხების არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება და სესხიდან მისაღები პროცენტის უსასყიდლო მომსახურებად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება აღნიშნულ სადავო საკითხზე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, რაც გადამხდელის მხრიდან არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
2019 წლის 4 ივლისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 -984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით.
ხოლო, 2019 წლის 4 ივლისის შემდგომ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 -984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“- „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 52-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ გაყინული ხორცპროდუქტები გადამუშავების გარეშე, შენახვის დროსაც განიცდის დანაკარგს. დანაკარგის ნორმები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ფაქტორებზე, როგორიცაა, პროდუქტის შეფუთვა, შენახვის ხანგრძლივობა, მაცივრის ტექნოლოგიური მახასიათებლები, სადაც ინახება აღნიშნული პროდუქტი და ა.შ. დადგენილი პრაქტიკაა, რომ სამაცივრე მეურნეობები ინდივიდუალურად აწარმოებენ სტატისტიკას ამა თუ იმ პროდუქტის დანაკარგების შესახებ და შესაბამისად გამოჰყავთ საშუალო დანაკარგების ნორმა. აღნიშნულ სტატისტიკას შპს „--- ---------იც“ აწარმოებდა ე.წ „დაჭრის და გადაფუთვის“ აქტებით, თუმცა ეს დოკუმენტები არ იქნა მიღებული მტკიცებულებად. გარდა ამისა, პროდუქტი არა მხოლოდ შენახვისას, არამედ დაჭრის დროსაც განიცდიდა დანაკარგს, ე.წ. „ნახერხის“ სახით. საბოლოო ჯამში, მთლიანი დანაკარგი მოიცავდა დანაკარგს შენახვის პროცესში და დანაკარგს წარმოების პროცესში. ასევე, დაბეგრილია ნიმუშის სახით ჩამოწერილი პროდუქტები, აღნიშნული კი იყო პოტენციური კლიენტებისთვის სადეგუსტაციოდ გადაცემული ნიმუშები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ:
- ნიმუშის სახით ჩამოწერილი პროდუქტების მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდა აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის სახით გადაცემის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის შედეგად მოგების გადასახადში და 2021 წლის პირველი იანვრიდან დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
- საწარმოო დანაკარგებთან (ე.წ. „ნახერხის“ სახით) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოო დანაკარგების (ე.წ. „ნახერხის“) მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
- დანაკლისის საფუძვლით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსასყიდლო მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული თავად გადამხდელის მიერ აღიარებულია დანაკლისად და ზოგიერთ შემთხვევაში ასახულია შესაბამის პერიოდებში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში, ხოლო, არ არის ასახული ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციებში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----- ---------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) ნიმუშის სახით ჩამოწერილი პროდუქტების მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდა აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის სახით გადაცემის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის შედეგად მოგების გადასახადში და 2021 წლის პირველი იანვრიდან დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოო დანაკარგების (ე.წ. „ნახერხის“) მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1. არარეზიდენ კომპანიაზე გადახდილი თანხების არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
2. გაყინული ხორცპროდუქტების დანაკარგების, ნიმუშებისა და დანაკლისის საფუძვლით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსასყიდლო მიწოდებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6874 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გარდა აუდიტის დეპარტამენტის №16883 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის პირველი სექტემბრის №22736 ბრძანება და ამავე თარიღის №005-131 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №3478 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №19164/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №3478 ბრძანება და საჩივარი პირველ და მე-2 დავის საგნების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხები, რომლის შესაბამისი საქონლის მიღება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ ხდება. გადამხდელის მიერ წარდგენილი შედარების აქტით შედარების აქტით არ ხდება მომავალში მოსაწოდებელი საქონლის მახასიათებლების განსაზღვრა. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის წერილობით ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მომწოდებელმა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნებაზე უარი განაცხადა.აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არარეზიდენტზე გადახდილი თანხების არარეზიდენტ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება და სესხიდან მისაღები პროცენტის უსასყიდლო მომსახურებად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება აღნიშნულ სადავო საკითხზე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, რაც გადამხდელის მხრიდან არ განხორციელებულა.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ გაყინული ხორცპროდუქტები გადამუშავების გარეშე, შენახვის დროსაც განიცდის დანაკარგს. დანაკარგის ნორმები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ფაქტორებზე . აღნიშნულ სტატისტიკას მომჩივანიც აწარმოებდა ე.წ „დაჭრის და გადაფუთვის“ აქტებით, თუმცა ეს დოკუმენტები არ იქნა მიღებული მტკიცებულებად. ასევე, დაბეგრილია ნიმუშის სახით ჩამოწერილი პროდუქტები, აღნიშნული კი იყო პოტენციური კლიენტებისთვის სადეგუსტაციოდ გადაცემული ნიმუშები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ:
- ნიმუშის სახით ჩამოწერილი პროდუქტების მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდა აღნიშნული პროდუქტის ნიმუშის სახით გადაცემის ფაქტი, უზრუნველყოს აღნიშნულის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის შედეგად მოგების გადასახადში და 2021 წლის პირველი იანვრიდან დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.
- დანაკლისის საფუძვლით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსასყიდლო მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული თავად გადამხდელის მიერ აღიარებულია დანაკლისად და ზოგიერთ შემთხვევაში ასახულია შესაბამის პერიოდებში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში, ხოლო, არ არის ასახული ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაციებში.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,-დანაკლისის საფუძვლით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსასყიდლო მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
- საწარმოო დანაკარგებთან (ე.წ. „ნახერხის“ სახით) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოო დანაკარგების (ე.წ. „ნახერხის“) მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:2 (2); 43(4); 97(1„გ“ 7); 982 (3 „ზ“ ); 983 (1,2); 145(6); 158(1); 159(1 „ა“ „ბ“); 163(1); 164(1, 2); 275; 306(2); 309(52);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“ , 3 ,,ა“ ,,თ“); 161(1„ა“. „ა.ბ.დ“,2 ,,დ“)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129(1);