განჩინება №3/ბ-470-2016

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2016
№ დოკუმენტი 3/ბ-470-2016
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 080310015001141966

3/ბ-470-2016წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი: მამუკა ბერეკაშვილი

აპელანტი _ 1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2.სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე _ ი.მ. -----------

დავის საგანი _ ადმინისტრაციუილ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტების მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

ი.მ. -------- წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის დავალდებულება ი.მ. ------ ადმინისტრაციული საჩივრის არსებითან განხილვის თაობაზე.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წელს ჩატარდა ი.მ. ---------- გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2008 წლის I იანვრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე პერიოდი, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული იქნა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გადასახადების და საგადასახადო სანქციების დარიცხვის თაობაზე. ი.მ -------- საპატიო მიზეზებით (აქტების გახსნის იურიდიული შედეგის არცოდნის და ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო) გაუშვა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადები. აღნიშნულის გამო შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დატოვა, ხოლო დავების განხილვის საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა საჩივრის განხილვის არცერთ სტადიაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა ჰქონდა თუ არა მეწარმეს საჩივრის დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზი.

 

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებლებს და განმარტეს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონს მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლის განმარტებით მომჩივანის მიერ მითითებული გარემოებები არ იყო საპატიო მიზეზი, ამასთან სათანადო მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებდა რომ მეწარმემ გასაჩივრების ვადა გაუშვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით (იხ. სხდომის ოქმი).

 

გასაჩივრეზული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი.მ. --------- სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი.მ. ---- ადმინისტრაციული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანება, რომლითაც ი.მ. ------- ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი; დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ი.მ. --------- ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განიხილვა ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 21 ნოემბრის N48394 ბრძანებასა და 2014 წლის 24 ნოემზრის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნაზე“.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს ი.მ. ----------- მიმართ შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

2014 წლის 20 ნოემბრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 21 ნოემბერს გამოცემული იქნა ბრძანება N48394, რომლის თანახმად ი.მ. ------ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 102972 ლარი, მათ შორის - ძირითადი გადასახადი 70562 ლარი და ჯარიმა 32410 ლარი.

 

2014 წლის 21 ნოემბრის N48394 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს გამოიცა „საგადასახადო მოთხოვნა“ N064-12.

 

შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის „საგადასახადო მოთხოვნა“ N064-12 იმავე დღეს აიტვირთა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და ი.მ. ------ მითითებით 25 ნოემბერს გაეცნო ------------.

 

ი.მ. ------- 2015 წლის 30 იანვარს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანებით ი.მ. ------- საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების გამო.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი.მ. ---- ადმინისტრაციული საჩივარი რომლითაც მეწარმე ითხოვდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის“ და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანების გაუქმებას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს საგადასახდო კოდექსის საფუძველზე და განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველის ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახად მოქმედება რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით – ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ი.მ. ------ 2015 წლის 30 იანვარს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების გამო. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადამხდელს „საგადასახადო მოთხოვნა" ჩაბარდა ელექტრონული ფორმით 2014 წლის 25 ნოემბერს, ხოლო გადამხდელმა აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გაასაჩივრა 2015 წლის 30 იანვარს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი" ქვეპუნქტის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

 

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი. ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის „საგადასახადო მოთხოვნა“ N064-12 იმავე დღეს აიტვირთა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და 25 ნოემბერს გაეცნო ი.მ. ------ დავალებით ------

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 30 იანვარს ი.მ. ----- საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, მოითხოვა 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობა და ამასთან მიუთითა რომ, საჩივრის დაგვიანებით წარდგენა განპირობებულია ოჯახის წევრის ავადმყოფობით.

 

საქმეში წარმდგენილი მასალების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ---- დედა ----- რომელიც დაავადებული იყო ონკოლოგიური დაავადებით, გარდაიცვალა 2015 წლის 8 თებერვალს (იხ. ცნობა შპს -------, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, -------- დაბადების მოწმობა ს.ფ, 51-56)

 

სასამართლოს მითითებით სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ----- განმარტა, რომ იგი იყო სოფელ ---- მცხოვრები, ---- აწ გარდაცვლილი დედის მკურნალი ექიმი. მოწმის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე გახდა 2014 წლის სექტემბრის თვიდან არ შეეძლოთ გადაადგილება და მისი მომვლელი იყო ------

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების, სოფელ ------ ---- მეზობლად მცხოვრებმა პირებმა, ------ და ------- განმარტებით 2014 წლის ბოლოს ---------- დედა იყო განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფი და მასთან მუდმივად ყოფნა უწევდა მოსარჩელეს.

 

სასამართლოს მითითებით მოწმის სახით დაკითხულმა ---------- განმარტა, რომ იგი სპეციალობით არის ბუღალტერი, თუმცა არანაირი სამსახურეობრივი ურთიერთობა არ აკავშირებს -------- შემოწმების დასრულების შემდეგ მას დაუკავშირდა ტელეფონით ---------- და სთხოვა მის ელექტრონულ პორტალზე გაცნობოდა საგადასაადო დოკუმენტებს. დოკუმენტების გაცნობიდან რამდენიმე დღეში იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა -------- და აცნობა, რომ გადასახდელად დარიცხული ჰქონდა სოლიდური თანხა, თუმცა ვინაიდან საუბრობდნენ ტელეფონით, დარიცხვის კანონიერების შესახებ მეწარმისათვის არაფერი უთქვამს. მოწმის განმარტებით --------- თხოვნით გაეცნო აქტს და ვინაიდან მასში დაშვებული იყო შეცდომა, ისევ -------- თხოვნით თავად გააგზავნა საჩივარი შემოსავლების სამსახურში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ შემოსავლებს სამსხურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა ი.მ. ------- გაუშვა საპატიო მიზეზით. მისი ოჯახის წევრის - დედის ავადმყოფობის გამო მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას წვდომა ჰქონოდა მის მიმართ გამოცემულ აქტებზე. აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა საგადასახადო ორგანომ ----------- საჩივრის განხილვის დროს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საჩივარი განუხილველი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე საჩივარში უთითებდა გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზებზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსასღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ და შემოსავლების სამსახურმა ისე მიიღე გადაწყვეტილება ი.მ. --------- საჩივარზე, რომ საერთოდ არ გაითვალისწინეს და არ დაასაბუთეს, რატომ ეუბნებოდნენ მომჩივანს უარს აქტის გასაჩივრების ვადის აღდგენაზე. ამასთან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების მიერ უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ მეწარმეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ შეეძლო კანონით დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა მის მიმართ გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც არ ეთანხმებოდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას მოხდეს მისი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების” გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგი საფუძვლებით:

 

სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ საგადასახადო ორგანოში საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ოჯახის წევრის ავადმყოფობით.

 

სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს გასაჩივრების ვადის გაშვების მისგან დამოუკიდებელი მიზეზების არსებობა რასაც მოსარჩელის მხრიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციულ ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით".

 

აპელანტის მოსაზრებით ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ გაშვებული ვადის აღსადგენად კუმულაციურად უნდა არსებობდეს ორი პირობა: პირველი, სახეზე უნდა იყოს ზაკ-ის 94-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება და მეორე, მომჩივანმა უნდა დაადასტუროს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა (სსკ-ის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილი) მოცემული ორი პირობის არარსებობამ გამოიწვია შემოსავლების სამსახურის მხრიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივრის

განუხილველად დატოვება.

 

აპელანტის მითითებით სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (პრიმა) მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსაბამობა ან მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

შემოსავლების სამსახურისათვის გაუგებარია, სასამართლომ რის გამო მიიჩნია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსაბამობას ან მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას".

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია: საგადასახადო კოდექსის. 299-ე მუხლის თანახმად პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ამავე კოდევსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა, გადამხდელი „საგადასახადო მოთხოვნას“ გაეცნო 25.11.2014 წელს, რომლის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 25.12.2014 წელს, ხოლო ვინაიდან საჩივარი წარდგენილია, 30.01.2015 წელს აღნიშნული ვადის დარღვევით, საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია.

 

აპელანტის მოსაზრებით დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობასთან დაკავშირებით, კერძოდ სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილს.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ,,გაშვებული ვადა უნდა აღდგეს თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად - დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით“. ანუ კანონი ადგენს, რომ ავადმყოფობა არის საპატიო მიზეზი, როცა თვით დაინტერესებული მხარეა ავად და ამის გამო არ შეუძლია თავისი უფლების განხორციელება და კანონის ეს ჩანაწერი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ოჯახის წევრთა ან მესამე პირთა ავადმყოფობაც შეიძლება იქნეს მიჩნეული საპატიო მიზეზად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შეშაბამისად გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპპელაცო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლი მე 2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ,, ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ· თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტოზრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს ი.მ. ------ მიმართ შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.

დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ნოემბრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 21 ნოემბერს გამოცემული იქნა ბრძანება N48394, რომლის თანახმად ი.მ. ------ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 102972 ლარი, მათ შორის - ძირითადი გადასახადი 70562 ლარი და ჯარიმა 32410 ლარი.

დადგენილია, რომ 2014 წლის 21 ნოემბრის N48394 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 24 წოემბერს გამოიცა „საგადასახადო მოთხოვნა“ N064-12.

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის „საგადასახადო მოთხოვნა“ N064-12 იმავე დღეს აიტვირთა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და ი.მ. ------- მითითებით 25 ნოემბერს გაეცნო -------

 

დადგენილია, რომ ი.მ. ------- 2015 წლის 30 იანვარს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის" გაუქმება, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანებით ი.მ. ------ საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების გამო.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი.მ. ------ ადმინისტრაციული საჩივარი რომლითაც მეწარმე ითხოვდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის“ და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის ბრძანების გაუქმებას.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ი.მ. ------ 2015 წლის 30 იანვარს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის N064-12 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 თებერვლის N4221 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების გამო. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადამხდელს „საგადასახადო მოთხოვნა“ ჩაბარდა ელექტრონული ფორმით 2014 წლის 25 ნოემბერს, ხოლო გადამხდელმა აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გაასაჩივრა 2015 წლის 30 იანვარს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახდო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება;

 

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი, ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

 

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

კანონით დადგენილი ვადა ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც პირმა უნდა შეასსრულოს დაკისრებული ვალდებულება ან განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება ხშირად მეორე მხარისათვის უფლების განხორციელების ვადის დასაწყისია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საგადასახადო მოთხოვნის) გამოცემის შესახებ ი.მ. ---------ს ამცნო არა აღნიშნული აქტის გამომცემმა ორგანომ, არამედ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა, რომელმაც შეადგინა შემოწმების აქტი და განუმარტა საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ და მიუთითა გასცნობოდა „საგადასახადო მოთხოვნას“, რაც პალატის მოსაზრებით -------- ვადის გაშვების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის „საგადასახადო მოთხოვნა“ N064-12 იმავე დღეს აიტვირთა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და 25 ნოემბერს გაეცნო ი.მ. ----- დავალებით ----------

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

 

საჩივრის განხილვის ყველა ეტაპზე საჩივარში გადამხდელი უთითებდა, რომ საჩივრის დაგვიანებით წარდგენა განპირობებული იყო ოჯახის წევრის ავადმყოფობით, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს არც ერთ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ------ დედა ------------ რომელიც დაავადებული იყო ონკოლოგიური დაავადებით, გარდაიცვალა 2015 წლის 8 თებერვალს (იხ. ცნობა შპს ------დან, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ------- დაბადების მოწმობა ს.ფ. 51-56), ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს -------- დედის მძიმე მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ --------- მასთან მუდმივად იმყოფებოდა და უვლიდა მას.

 

ასეთი გარემოება თავისთავად გულისხმობს, რომ მას შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების შესაძლებლობა, რის გამოც ის სრულყოფილად ვერ შეძლებდა მისი უფლებების კანონით დადგენილ ვადაში დაცვას.

გარდა ამისა პალატის მოსაზრებით საყურადღებოა ის ფაქტი რომ ი.მ. --------- არ ყავდა წარმომადგენელი ან სხვა თანამშრომელი, რომელსაც შეეძლებოდა განეხორციელებინა მისი უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაზამისად. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა ი.მ. ------- გაუშვა საპატიო მიზეზით. მისი ოჯახის წევრის – დედის ავადმყოფობის გამო მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას წვდომა ჰქონოდა მის მიმართ გამოცემულ აქტებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია რომ ი.მ. ---------- მიერ კანონით დადაგენილი გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით იქნა გაშვებული და ადმინისტრაციულო ორგანოს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლს, რაც სააპელაციო საჩივრების უარყოფის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააპელაციო საჩივრების ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმმღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

3.აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N 32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა N 32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი