ბრძანება N 4799
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4799
05 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2024 წლის 8 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარი თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №21382/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №EL241033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ახორციელებს საერთაშორისო საზღვაო რეისების განმახორციელებელი გემების ბორტზე დიზელის საწვავის მიწოდებას. 2024 წლის 18 იანვარს ---------- საძრვაო ნავსადგურის ნავმისადგომთან უნდა მიეწოდებინათ დიზელის საწვავი გემ ----------, თავდაპირველად აპირებდა სხვა მანქანების გაშვებას და ატვირთა ბუნკირების განზრახვის განაცხადი (36567 კგ, 43430 ლიტრი) ერთ-ერთი ავტომანქანა გაფუჭდა და შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა რაოდენობაც. ვინაიდან იყო არასამუშაო დრო, კომპანიამ ვერ მოახდინა ელექტრონული განაცხადის კორექტირება ან დამატებით დოკუმენტაციის ატვირთვა, ვინაიდან ბუნკირების განხორციელებამდე არასამუშაო დროს შეუძლებელი იყო განაცხადის დაზუსტება გადამხდელის გვერიდან. ---------- საბაჟოს მიმართა წერილობით და აიღო ბუნკირების ნებართვა გაზრდილ რაოდენობაზე (50999კგ, 60640 ლიტრი). ბუნკირების დასრულების განაცხადი ატვირთულია ზუსტ გემზე მიწოდებულ რაოდენობაზე, რაზეც შედგენილია მიღება ჩაბარების აქტი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას და სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 22 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- საბაჟო დეკლარაციით განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში დეკლარირება.
2024 წლის 17 იანვარს შპს „----------“ (ს/ნ 4455----------80194) განაცხადით (ID: ----------) საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე უნდა მიეწოდებინა 36 567 კგ (43 480 ლ) დიზელის საწვავი, ხოლო ამავე პირის 2024 წლის 7 თებერვლის №---------- განცხადებით და წარმოდგენილი დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ თბომავალ „----------“-ზე განხორციელდა გაცხადებულზე (განაცხადით ID: ----------) 14 432 კგ-ით მეტი დიზელის საწვავის მიწოდება, კერძოდ სულ მიწოდებულ იქნა 50 999 კგ (60 640 ლ) დიზელის საწვავი.
ვინაიდან შპს „----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის პირობის დარღვევას, ამასთან ერთად, აღნიშნული პირი 2023 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL232966), საბაჟო პროცედურის პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ, 2024 წლის 8 იანვარს შედგენილ იქნა №EL241033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევისა და ამ პროცედურის დასრულების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე საწვავის მიწოდების შემთხვევაში, დეკლარანტი ვალდებულია საქონლის ბორტზე მიწოდების განზრახვის თაობაზე ინფორმაცია (რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს გემის მიერ მოთხოვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ) მიწოდების ოპერაციის დაწყებამდე მიაწოდოს საბაჟო ორგანოს გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ აარ შესრულდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას და სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 22 დეკემბერს მომჩივანის მიერ საბაჟო დეკლარაციით განხორციელდა საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში დეკლარირება. 2024 წლის 17 იანვარს მომჩივანის განაცხადით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე უნდა მიეწოდებინა 36 567 კგ (43 480 ლ) დიზელის საწვავი, ხოლო ამავე პირის 2024 წლის 7 თებერვლის განცხადებით და წარმოდგენილი დოკუმენტებით ცნობილი გახდა, რომ თბომავალზე განხორციელდა გაცხადებულზე 14 432 კგ-ით მეტი დიზელის საწვავის მიწოდება, კერძოდ სულ მიწოდებულ იქნა 50 999 კგ (60 640 ლ) დიზელის საწვავი. ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის პირობის დარღვევას, ამასთან ერთად, აღნიშნული პირი 2023 წლის 28 ნოემბერს დაჯარიმებულია საბაჟო პროცედურის პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ, 2024 წლის 8 იანვარს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 171(2).