გადაწყვეტილება №21144/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2023
№ დოკუმენტი 21144/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21144/2/2023

15 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-----" (ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-----"-ს 24.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21144/2/2023).

 

დავის საგანი:

დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №006-279 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 629 ლარი.

22 362 ლარი (აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №006-279 საგადასახადო მოთხოვნა):

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 11 875

ჯარიმა - 5 938

საურავი - 4 549

 

14 267 ლარი (აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა):

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 8 050

ჯარიმა - 3 789

საურავი - 2 428

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის სახით თანხის გაცემა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივნისის №16839 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. მომჩივნის მიერ ჯამურად უძრავი ქონების უკან დაბრუნებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 288 268 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 175 533 ლარს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, "-----"-ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 153-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №27980 ბრძანება და №006-493 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 52 320 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 5 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანება 10.05.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.06.2023 წლის №19658/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2023 წლის დასკვნა, 22.06.2023 წლის №14378 ბრძანება და №006-279 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 23 585 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 22 362 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14136 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას მომჩივანი ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. საგამოძიებო მასალების შესწავლით დგინდება, რომ სესხით გაცემული თანხებიდან მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 37 892 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-9, 79-ე მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14345 ბრძანება და №006-278 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 14 267 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (ახლად გამოვლენილი გარემოებებით) და 2023 წლის 21 ივნისის №006-278 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, შესაძლებლად მიიჩნია დავის დაწყება ახლად გამოვლენილი გარემოებებით და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №006-279 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის დაწყების ნაწილში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2023 წლის 19 ივნისის თემატური რევიზიის აქტი, რომლის შესაბამისადაც დადგინდა ი/მ"-----"-ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 12 ივნისამდე გაცემული სესხის ოდენობა და მიღებული საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულის საფუძველზე მომჩივანი აცხადებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი მონაცემები წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს დავის დაწყებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის საფუძველზე, ახლად გამოვლენილი გარემოებებით, დავის დაწყება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-9, 79-ე, 80-ე, 81-ე, 102-ე, 43- ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელდა ი/მ"-----"-ის შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა 2023 წლის 9 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების უკან დაბრუნება განხილულ იქნა სასესხო გარიგებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

ამასთან, 2023 წლის 21 ივნისს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №"-----" წერილით გადაგზავნილი 2023 წლის 19 ივნისის თემატური რევიზიის აქტის შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის თემატური რევიზიის აქტით დადგინდა ი/მ "-----"-ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 12 ივნისამდე გაცემული სესხის ოდენობა და მიღებული საპროცენტო სარგებელი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ 2023 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნით და 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელდა ერთიდაიგივე ოპერაციების ორჯერ დაბეგვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად, 2023 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნით და 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.

კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც მომჩივნისთვის არის ცნობილი, საგამოძიებო სამსახურს არ დაუკითხავს ყველა ის პირი, ვისთანაც დადებულია სადავო ხელშეკრულებები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გაითვალისწინოს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლებითაც პირები აღიარებენ, რომ კონკრეტული სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე, არანაირი პროცენტი მომჩივნისთვის არ გადაუხდიათ.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანება ნაწილობრივ, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში.

15.11.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივარს ურთავს მასალებს, ნოტარიულ ხელწერილებს და საგამოძიებო მოქმედების მტკიცებულებებს, სადაც მოქალაქეები აღიარებენ, რომ კონკრეტული სადავო ხელშეკრულების საფუძველზე არანაირი პროცენტი მომჩივნისთვის არ გადაუხდიათ ან მითითებულია კონკრეტული თანხა. შესაბამისად, მოხდეს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე პერიოდის შემოწმება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანების შესაბამისად, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განხილულ იქნა სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის თემატური რევიზიის აქტით დადგინდა მომჩივნის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 12 ივნისამდე გაცემული სესხის ოდენობა და მიღებული საპროცენტო სარგებელი.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად, საგამოძიებო მასალების შესწავლით დგინდება, რომ სესხით გაცემული თანხებიდან მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 37 892 ლარი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო სამსახურს არ დაუკითხავს ყველა ის პირი, ვისთანაც დადებულია სადავო ხელშეკრულებები და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გაითვალისწინოს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლებითაც პირები აღიარებენ, რომ კონკრეტული სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე არანაირი პროცენტი მომჩივნისთვის არ გადაუხდიათ.

საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, გაითვალისწინოს ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები, რომლებითაც პირები აღიარებენ, რომ კონკრეტული სადავო ხელშეკრულებების საფუძველზე, არანაირი პროცენტი მომჩივნისთვის არ გადაუხდიათ.

მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25754 ბრძანება ნაწილობრივ, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში. მომჩივანი ითხოვს მოხდეს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივნისის №16839 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება.გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, გადამხდელს არ წარუდგენია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

ეკონომიკურ საქმიანობას მომჩივანი ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. საგამოძიებო მასალების შესწავლით დგინდება, რომ სესხით გაცემული თანხებიდან მიღებულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 37 892 ლარი.მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

80,81,102,136(3).