გადაწყვეტილება №6106/2/2018; №6522/2/2018-2
📄 სრული ტექსტი
№6106/2/2018
№6522/2/2018
29.03.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ,,------------" ს/ნ --------------
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.03.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- ის 18.06.2018 წელს და 20.08.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე.
დავის საგანი:
ქონების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2017 წლის №005-369 „საგადასახადო მოთხოვნა“;
2. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2018 წლის №005-112 „საგადასახადო მოთხოვნა“;
3. შემოსავლების სამსახურის 29.05.2018 წლის № 13076 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 31.07.2018 წლის №20334 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 324120 ლარი (27.12.2017 წლის №005-369 „საგადასახადო მოთხოვნა“)
მათ შორის:
დღგ - 138603 ლარი (ძირითადი).
მოგების გადასახადი - (-18352) ლარი (ძირითადი)
საშემოსავლო გადასახადი - 1097 ლარი (ძირითადი).
ქონების გადასახადი -3259 ლარი (ძირითადი).
ჯარიმა - 117223 ლარი.
საურავი - 82290 ლარი.
დარიცხული თანხა: 768680 ლარი (29.06.2018 წლის №005-112 „საგადასახადო მოთხოვნა“)
მათ შორის:
დღგ - 342646 ლარი (ძირითადი).
მოგების გადასახადი - (-16458) ლარი (ძირითადი).
საშემოსავლო გადასახადი - 10735 ლარი (ძირითადი).
ქონების გადასახადი - 10888 ლარი (ძირითადი).
ჯარიმა - 296862 ლარი.
საურავი - 124007 ლარი.
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს ------- ის საგადასახადო შემოწმება, 01.01.2014 წლიდან 31.12.2014 წლამდე საანგარიშო პერიოდზე 2017 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, ხოლო 01.01.2015 წლიდან 02.11.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდზე 2018 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი.
შუალედური აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2017 წლის №35606 ბრძანება, №005-369 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელს დაერიცხა სულ 324120.24 ლარი, მათ შორის: ძირითადი 124607 ლარი, ჯარიმა 117223 ლარი და საურავი 82290.24 ლარი. გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 29.05.2018 წლის №13076 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2018 წლის №16477 ბრძანება, №005-112 „საგადასახადო მოთხოვნა“ და გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 768680.32 ლარი, მათ შორის: ძირითადი 347811 ლარი, ჯარიმა 296862 ლარი და საურავი 124007.32 ლარი. გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 31.07.2018 წლის №20334 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
ქონების გადასახადში განხორციელებული დარიცხვა
ფაქტების აღწერა
პირველ დავის საგანთან მიმართებით აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმებამ დაადგინა, რომ გადამხდელის საქმიანობა არ წარმოადგენს სამედიცინო მომსახურებას, შესაბამისად საზოგადოებაზე არ ვრცელდება სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათი და არ არის გათავისუფლებული ქონების გადასახადისაგან.
შედეგად შემოწმების მიერ განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც გამოწვია თანხების დარიცხვა ქონების გადასახადის სახით და განისაზღვრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 29.05.2018 წლის №13076 და 31.07.2018 წლის №20334 ბრძანებებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის სსკ-ის 201-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად,1. ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ბ) არარეზიდენტი საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე);
გ) ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული“.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობას (სამედიცინო მომსახურებას), შემოწმებით ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 11 იანვრის N02/1454, 22 იანვრის N01/3717, 17 აპრილის N01/21844 და 10 მაისის N01/27298 წერილებში გამოთქმულ მოსაზრებებზე, რომლითაც მომჩივანის საქმიანობა არ მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობას (სამედიცინო მომსახურებას).
მომჩივნის არგუმენტაცია
18.06.2018 წელს და 20.08.2018 წელს რეგისტრირებული საჩივრები:
პირველ დავის საგანთან განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაჩნია, რომ ვინაიდან საზოგადოების საქმიანობა მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობას (სამედიცინო მომსახურებას), შემოწმებით ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა კანონმდებლობასთან შეუსაბამოა და წარმოადგენს ამ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმების საფუძველს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული.
საქმეში არსებული მასალების, ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ პირველი დავის საგანთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიეკუთვნება სამედიცინო საქმიანობას (სამედიცინო მომსახურებას), შემოწმებით ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.