N 2-478 - 01/08/2025 - „საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N2-772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 01.08.2025
№ დოკუმენტი 2-478
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-478

2025 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №2-772 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01.09.2020, 340170000.22.023.016644, შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

 

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“.

 

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას:

ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული საბურავების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;

ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი აგვისტოდან.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე