სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/ბ - 525-2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე 3/ბ–525–22წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2023 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლეები: ლერი თედორაძე (მომხსენებელი)
შოთა სირაძე, ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი: ირაკლი აბზიანიძე
აპელანტი (მოსარჩელე) – შპს "-------" (ს/ნ ------ )
წარმომადგენელი - მ.მ. , მ.ც.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - შ.კ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ.ტ.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 05 ნოემბერს, მოსარჩელემ (ს/ნ ------- ) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2017 წლის № 086-26 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა;
-სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 21.04.2017 წლის №10547 ბრძანების ბათილად ცნობა;
-საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 10.04.2017 დასკვნის ბათილად ცნობა;
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.06.2017 წლის № 16946 ბრძანების ბათილად ცნობა;
-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.09.2018 წლის (საჩივარი №4309/2/2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
-გასაჩივრებული აქტებით მოსარჩელეზე (ს/ნ -------) დარიცხული სადავო თანხების, სულ 462364,08 ლარის, მათ შორის, ძირითადი გადასახადის - 359320 ლარი (მათ შორის, დღგ-ში 328685 ლარის, მოგების გადასახადში - 15632 ლარის, საშემოსავლო გადასახადში 6336 ლარის, სოციალურ გადასახადში 9083 ლარის, ქონების გადასახადში 416 ლარის), ჯარიმის 3854 ლარის, საურავის - 99190,08 ლარის,გაუქმება,დარიცხვის შეუსაბამობის გამო.
სარჩელის თანახმად, 2013 წლის 04 დეკემბერს შედგა მოსარჩელის (ს/ნ ------ ) საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით განხორციელებული დარიცხვები სადავო გახადა გადასახადის გადამხდელმა და საბოლოოდ, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის №3/ბ-46-2016 განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის (ს/ნ ------) სარჩელი სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, ქ. -----, "------" ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას განესაზღვრა სააუქციონო ღირებულების 247000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 10 აპრილს შეადგინა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 04 დეკემბრის აქტში, ქ. ------ ში, "------" ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). რაც შეეხება ჩამორთმეული ქონების საბაზრო ფასით 320000 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიწოდებად განხილვას, აღნიშნული დაფიქსირებული იყო 2013 წლის აქტის პროექტში, თუმცა გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო აუქციონზე იძულებით ჩამორთმეული ქონების ღირებულება 247 000 ლარია. შესაბამისად, შემოწმებამ აქტის შედგენისას გაითვალისწინა მოწოდებული ინფორმაცია ერთობლივი შემოსავლების განსაზღვირისას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის გათვალისწინებით. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 21 აპრილს გამოცემულ იქნა № 10547 ბრძანება და №086-26 საგადასახადო მოთხოვნა.
მოსარჩელის განმარტებით, სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც საფუძვლად უნდა დასდებოდა ადმინისტრაციული წარმოების განახლებას, რადგანაც, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო დარიცხვებს გადასახადის არც ერთ სახეში არ ეთანხმებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობა "------" -ში მოსარჩელის წილის შპს „N1"-სთვის გადაცემის ნაწილში დავის საგანს წარმოადგენდა ის, რომ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არასწორად იყო დადგენილი შემმოწმებლის მიერ. არ მოხდა წილის მიწოდების საკითხის შერეულ ოპერაციად განხილვა (სსკ-ის 177.3. მუხლი), არ იქნა გამიჯნული საკუთრივ წილის ღირებულება (რომელიც დღგ-ით არ უნდა დაბეგრილიყო) და წილზე მიმაგრებული ქონების ღირებულება (რომელიც დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო) ცალ-ცალკე რამდენს შეადგენდა. მოსარჩელე თვლის, რომ უნდა დაზუსტებულიყო დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი, თუმცა ეს წესი არ იქნა დაცული, რის გამოც, შემმოწმებლის მიერ დაშვებული იქნა უზუსტობა გაანგარიშებაში, არ იქნა შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თავის დროზე არ მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა არც ამხანაგობა "-----"-ისაგან, არც შპს „N1"-საგან (ს/ნ ------) და არც საჯარო რეესტრისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეზე აშკარად განსხვავებული შედეგი დადგებოდა და სადავო დარიცხვები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. სადავო საკითხთან დაკავშირებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების მოძიება და მისი წარდგენა მოსარჩელე მხარისთვის შეუძლებელი იყო საგადასახადო საიდუმლოებიდან გამომდინარე, ხოლო შემმოწმებელს მისი გამოთხოვა არ მოუხდენია. აღნიშნულის შესახებ მხარისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და დოკუმენტები, როგორც ახალი გარემოება წარდგენილი იქნა საჩივართან ერთად, რაც საერთოდ არ იქნა შეფასებული იმ მოსაზრებით, რომ არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც არასწორია, ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2010 წლის 05 იანვარს მოსარჩელემ (ს/ნ ------- ) შპს „N1”-სთან (ს/კ -------) გააფორმა ხელშეკრულება ქ. ------ , "------" ში მდებარე მშენებარე მრავალბინიანი სახლის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ, ხოლო მოგვიანებით, 2012 წლის 06 ნოემბერს მოსარჩელის (ს/ნ -------), ამხანაგობა "------" ის და შპს ,,N1”-ს (ს/კ ------) შორის გაფორმებული იქნა უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც 2012 წლის 05 დეკემბერს დასახელებულ მხარეთა შეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრისას დაეყრდნო სწორედ დასახელებულ ხელშეკრულებებს,ისე, რომ არ მოუხდენია მათი გამოკვლევა, საქმის სხვა მასალებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან ურთიერთშეჯერება და ანალიზი, დასახელებული ხელშეკრულებების არასწორად განმარტების და მათი კანონშეუსაბამოდ შეფასების შედეგად კი, მიღებული იქნა გასაჩივრებული აქტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის (ს/ნ ------- ) სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოპასუხეებმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის (ს/ნ ------- ) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 04 დეკემბერს შედგა მოსარჩელის (ს/ნ ------ ) საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა სულ 641339 ლარი, რაზედაც გამოიცა 2013 წლის 06 დეკემბრის №63891 ბრძანება და №86-110 საგადასახადო მოთხოვნა.
№86-110 საგადასახადო მოთხოვნა საწარმომ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2014 წლის 10 აპრილის No 20404 ბრძანების საფუძველზეც მოსარჩელის (ს/ნ ------ ) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა 2014 წლის 30 აპრილს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 147745 ლარით. შესაბამისად, დასკვნის გათვალისწინებით, 2014 წლის 07 მაისს გამოიცა №86-33 საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №20404 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებითაც გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 16 თებერვალს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას შეუმცირდა ჯარიმის თანხა სულ 164342 ლარით. დასკვნის შესაბამისად, 2015 წლის 23 თებერვალს გამოიცა №086-33 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელმა, დავის გადასაწყვეტად, 2015 წლის 17 მარტს, მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა: 1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის №63891 ბრძანება, (რომლითაც მოსარჩელეს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 641339 ლარი), 2. 2013 წლის 04 დეკემბრის მოსარჩელის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, 3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის №86-110 საგადასახადო მოთხოვნა, 4. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №20404 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი, 5. დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი. ასევე, მოსარჩელე მოითხოვდა გაუქმებულიყო მოსარჩელეზე დამატებით დარიცხული თანხა - დღგ-ს ძირითადი თანხის სახით 328685 ლარი, დარიცხული საურავი 80484,07 ლარი, სულ 409169,07 ლარი. მათ შორის, ამხანაგობა "------" -ში მოსარჩელის კუთვნილი წილის რეალიზაციის დღგ-ის ძირითადი თანხით 291007 ლარით დაბეგვრის და მასზედ დარიცხული საურავის 61645,07 ლარის ნაწილში და იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვისა და შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის - დღგ-ის ძირითადი თანხის 37678 ლარისა და მასზედ დარიცხული საურავის 18839 ლარის ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის (ს/ნ --------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის №3/-46-2016 განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის (ს/ნ ------- ) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის №63891 ბრძანება და№86-110 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის № 20404 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და დაევალა შემოსავლების სამსახურს ქ. "------" ,------- ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას განესაზღვრა სააუქციონო ღირებულების 247000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 06 დეკემბრის №ბს-675-668 (3კ-16) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და მოსარჩელის საკასაციო საჩივრები და შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის №3/ბ-46-2016 გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 10 აპრილს შეადგინა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 04 დეკემბრის აქტში ქ. ----- , "------"-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). რაც შეეხება ჩამორთმეული ქონების საბაზრო ფასით 320 000 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიწოდებად განხილვას, აღნიშნული დაფიქსირებული იყო 2013 წლის აქტის პროექტში. გადამხდელის პოზიციის შეფასებისას, მის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო აუქციონზე იძულებით ჩამორთმეული ქონების ღირებულება 247 000 ლარი იყო. შემოწმებამ აქტის შედგენისას გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია ერთობლივი შემოსავლების განსაზღვირისას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის გათვალისწინებით. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 21 აპრილს გამოსცა №10547 ბრძანება და №086-26 საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.09.20186. გადაწყვეტილებით N4309/2/2018 საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიხედვით დავის საგანს წარმოადგენდა:ა) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერება, საწარმოსათვის იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვა და დაბეგვრა შესაბამისი გადასახადებით; ბ) ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლება: ამხანაგობა "------"-ში მოსარჩელეს კუთვნილი წილის რეალიზაციის დაბეგვრა დღგ-ით. გასაჩივრებული კი იყო შემდეგი აქტები: შემოსავლების სამსახურის 22.06.2017 წლის №16946 ბრძანება. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2017 წლის №086-26 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 21.04.2017 წლის №10547 ბრძანება და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 10.04.2017 წლის დასკვნა, სადავო დარიცხულ თანხას შეადგენდა - 462364,08 ლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :
დავის საგანთან მიმართებით, რაც შეეხებოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერებას, საწარმოსათვის იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვას და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის ნაწილში, საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგანაც, აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2017 წლის დასკვნის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 04 დეკემბრის აქტში ქ. "------" , "------"-ში მდებარე საზოგადოების კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით) და ერთობლივ შემოსავალს დამატებული აქვს 33 562 ლარი, ამავე ღირებულებიდან (247000 ლარი დღგ- ის ჩათვლით) გაანგარიშებულია დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად გადასახდელი დღგ, რამაც შეადგინა 247000/1,18*0,18=37678 ლარი ანუ, შემოწმების აქტში და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც იძულების წესით ჩამორთმეული ქონების ღირებულება შეადგენს 247000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და გადაანგარიშებას არ საჭიროებს. რაც შეეხება ჩამორთმეული ქონების საბაზრო ფასით 320 000 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიწოდებად განხილვას, დაფიქსირებული იყო 2013 წლის აქტის პროექტში. გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო აუქციონზე იძულებით ჩამორთმეული ქონების ღირებულება იყო 247000 ლარის. შესაბამისად, შემოწმებამ აქტის შედგენისას გაითვალისწინა მიწოდებული ინფორმაცია და როგორც ერთობლივი შემოსავლები, ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა სააუქციონო ღირებულების - 247000 ლარის მიხედვით.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, კანონიერია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტები, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და არ არსებობს ამ ნაწილში მათი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლების თაობაზე, სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მითითებით, რომ მოსარჩელის განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, ამხანაგობა "------"-ის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, ამხანაგობა "------"-ის მიერ ქ.------, "------"-ში მდებარე ქონების გასხვისებებთან დაკავშირებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, შპს „N1-ს“ 22.03.2016წ. წერილი მოსარჩელის , ამხანაგობა "------"-ის 24.03.2016 წერილი მოსარჩელის, ამხანაგობის დღგ-ის დეკლარაციები, ანუ ის დოკუმენტაცია, რაც, როგორც მოსარჩელე თვლის, თავის დროზე უნდა გამოთხოვილიყო და შესწავლილიყო შემმოწმებლის მიერ და რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღების დროს არ გამოკვლეულა და არ შესწავლილა.
საქალაქო სასამართლო ამ ნაწილშიც არ იზიარებს მოსარჩელის მითითებებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა ცნობილი მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 05 იანვარს ერთი მხრივ მოსარჩელესა და მეორეს მხრივ შპს „N1-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „N1-მა” იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა მოსარჩელის საბანკო და სხვა ვალდებულებების შესრულებისა და მშენებლობის დასრულების უზრუნველსაყოფად სამშენებლო ობიექტის მშენებლობაში ფულის დაბანდება, შემდგომში მოგების მიღების მიზნით, ხოლო სანაცვლოდ მოსარჩელემ დაუთმო ამხანაგობის საქმიანობიდან მოგების მიღების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ სამშენებლო ობიექტი წარმოადგენდა 14 სართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომლის მთლიანი სასარგებლო ფართობი შეადგენდა 4759,2 კვ. მეტრს, საიდანაც ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის სარეალიზაციოდ დარჩენილი იყო 1459,45 კვ. მეტრი, მათ შორის, 1210,15 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 249,3 კვ. მეტრი კომერციული ფართი. ამ ფართების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იყო ხელშეკრულების დანართ №1-ში, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დანართი №1-ით განსაზღვრულია რეალიზებული და სარეალიზაციოდ დარჩენილი კონკრეტული ფართები - მათი სართულების, ბინის ნომრებისა და კვადრატული მეტრების მითითებით.
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა,რომ 2012 წლის 06 ნოემბერს მოსარჩელეს, შპს "N1 -სა" და ამხანაგობა "-----"-ს შორის გაფორმდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.3 პუნქტით დადგინდა,რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისა და შესაბამისად,ურთიერთჩათვლის შემდეგ მოსარჩელის ვალდებულება შპს "N1-ის" მიმართ შეადგენდა 842 729 ლარს.ამავე ხელშეკრულების 1.4 პუქნტის თანახმად მოსარჩელე გადასცემდა,ხოლო შპს "N1" იღებდა ამხანაგობა "------" -ში მის წილს ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ. 2012 წლის 05 დეკემბრის ხელშეკრულებით ცვლილება იქნა შეტანილი 06 ნოემბრის ხელშეკრულებაში და თანხის ოდენობა განისაზღვრა 691111,69 ლარით.
საქმეზე დართულ შემოწმების აქტში, დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნული იყო, რომ 2010 წელს მოსარჩელემ გააფორმა დაფინანსების ხელშეკრულება შპს „N1-სთან“, რომლის მიხედვითაც შპს „N1-მ“ მოახდინა მოსარჩელის დავალიანების დაფარვა (მოახდინა საზოგადოების საბანკო ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით და გამოისყიდა სს „----- -ს “ მიერ ჩამორთმეული ფართი ქ. "------" , ------ -ში, თანხით 300 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით). ასევე აიღო ამხანაგობა "------"-ის სამშენებლო ობიექტის მშენებლობის სრულად დაფინანსების ვალდებულება საგადასახადო ვალდებულებებისა და არსებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანებების ჩათვლით. სანაცვლოდ მიიღო სარგებლის მიღების უფლება ამხანაგობის სამშენებლო ობიექტის დასრულების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების, ასევე საბანკო და სხვა დებიტორული დავალიანებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდგომ. შპს „N1-სა“ და მოსარჩელეს შორის 2012 წლის ნოემბერში გაფორმებულია უფლებების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გამოქვითვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებულია ამხანაგობა "------"-ში მოსარჩელის წილის შპს „N1-სთვის“ გადაცემა. შპს „N1-სგან“ მოსარჩელეს მიღებული აქვს 1 907 709 ლარი, ხოლო მოსარჩელეს ამხანაგობისათვის გადაცემული აქვს 1 216 597 ლარი.
2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ შპს „N3” მიერ 2009 წლის 09 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე სს „----- ის ” მიერ მეორე იძულებით საჯარო აუქციონზე 247 000 ლარად შეძენილი იქნა მოსარჩელის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. იძულებითი აუქციონი ჩატარა მოსარჩელის და სს „-------” შორის 2008 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული მორიგების აქტიდან გამომდინარე, რომელზედაც შპს „N2-ის ” მიერ 2009 წლის 15 ივნისს გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი.
დასახელებულ გარმოებეთა და მხარეთა პოზიციების შეჯერების შედეგად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაციის საგადასახადო ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან, წილზე ქონება მიმაგრებული/განპირობებული არ ყოფილა და ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ამხანაგობა "------"-ს სახელზე. ამ მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი ეხებოდა როგორც წილს, ასევე – მისგან განსხვავებულ სხვა უფლებასაც, კერძოდ, საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე წინასწარ რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. ზოგჯერ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა დღგ-ისგან განთავისუფლების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა – წილის/მოთხოვნის დათმობა ფაქტობრივად განუსხვავებელი ყოფილიყო ნივთის ნასყიდობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ” ქვეპუნქტის დანაწესებიდან კი ჩანდა, რომ ამხანაგობაში წილსა და ქონებაზე წინასწარ რეგისტრირებული უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნებს კანონმდებელი მიიჩნევდა ფინანსურ ინსტრუმენტებად, მაგრამ იქვე იმპერატიულად აწესებდა საგამონაკლისო ნორმასაც. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფდა, რომ კანონის მიზნებისათის მნიშვნელობა არ ჰქონდა ქონების აშენების/შექმნის არც დასაწყისს და არც დამთავრებას, ამიტომ იგი ფინანსურ ინსტრუმენტად არ განიხილავდა ამხანაგობაში იმგვარ წილს, რომელზეც ქონება იყო „მიმაგრებული/განპიროვნებული” ინსტრუმენტად არ განიხილებოდა ასევე ამგვარ ქონებაზე უფლებამოსილ ორგანოში, მათ შორის, საჯარო რეესტრში, წინასწარ რეგისტრირებული საკუთრების უფლებაც. სასამართლომ მიუთითა, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, საცხოვრებელ ფართზე საკუთრების წინასწარი უფლების რეალიზაცია, როდესაც ამ წილზე მიმაგრებულია/განპიროვნებულია ქონება, ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გაზიარებული იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ და გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა დაევალა რა სსიპ შემოსავლების სამსახურს ქ. "------" , ------- -ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განესაზღვრა სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით) და ამ ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უშუალოდ წინამდებარე დავას, პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2015 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და მოსარჩელის არგუმენტების სამართლებრივი ანალიზის შემდეგ, მიიჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, კერძოდ, მოსარჩელის დირექტორის მ.ც-ის მიმართ, შპს „N1“-ს დირექტორის 2016 წლის 22 მარტის და ბინათმშენებლობა ამხანაგობა "------"-ს თავმჯდომარე ჯ.დ-ის 2016 წლის 24 მარტის წერილები, ვერ გახდება საქმის განახლების საფუძველი, რადგანაც, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებას მტკიცებულების სახით - თან ერთვოდა 2010 წლის 5 იანვრის ხელშეკრულება და სამივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებული აქვს აღნიშნული მტკიცებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული 2016 წლის 22 და 24 მარტის წერილებში გადმოცემული ფაქტები, წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების შინაარსობრივ განმარტებას, როგორც აღინიშნა, შეფასებული აქვს (ხელშეკრულებები) საერთო სასამართლოების სამ ინსტანციას და საქმეზე დადგენილია ობიექტური ჭეშმარიტება. შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შეფასებით, დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის შედეგად და ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილება უსაფუძვლოა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (ს/ნ ------ ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობა "------"-ში მოსარჩელემ (ს/კ ------- ) წილის შპს „N1"-სთვის გადაცემის ნაწილში დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არასწორად იყო დადგენილი შემმოწმებლის მიერ, არ მოხდა წილის მიწოდების საკითხის შერეულ ოპერაციად განხილვა (სსკ-ის 177.3. მუხლი), არ იქნა გამიჯნული საკუთრივ წილის ღირებულება (რომელიც დღგ-ით არ უნდა დაბეგრილიყო) და წილზე მიმაგრებული ქონების ღირებულება (რომელიც დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო) ცალ-ცალკე რამდენს შეადგენდა. შესაბამისად, არ დაზუსტდა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.
დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2010 წლის 05 იანვარს მოსარჩელემ (ს/კ ------ ) შპს „N1”-სთან (ს/ნ ------) გააფორმა ხელშეკრულება ქ. ----- -ში ,------- ქ.----- -ში მდებარე მშენებარე მრავალბინიანი სახლის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ, ხოლო მოგვიანებით, 2012 წლის 06 ნოემბერს, მოსარჩელეს (ს/ნ ------- ), ამხანაგობა "------" და შპს „------”-ს (ს/ნ ------- ) შორის გაფორმდა უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც 2012 წლის 05 დეკემბერს, დასახელებულ მხარეთა შეთანხმებით, შეტანილი იქნა ცვლილება. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრისას დაეყრდნო სწორედ დასახელებულ ხელშეკრულებებს, ისე, რომ არ მოუხდენია მათი გამოკვლევა,საქმის სხვა მასალებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან ურთიერთშეჯერება, დასახელებული ხელშეკრულებების არასწორად განმარტების და მათი კანონშეუსაბამოდ შეფასების შედეგად მიღებული იქნა გასაჩივრებული აქტები.
კერძოდ, აპელანტის შეფასებით, შემმოწმებელს უნდა გამოეთხოვა მასალები შპს „N1’- დან (ს/ნ -------), ამხანაგობა "------"-დან, საჯარო რეესტრიდან და ასევე საგადასახადო ორგანოსაგან და უნდა გაერკვია, ა) 2010 წლის 05 იანვრის ხელშეკრულების დანართი № 1-ში მითითებული ქონებები იყო თუ არა გასხვისებული 2012 წლის 06 ნოემბერს ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის და დადებით შემთხვევაში ვის მიერ ხდებოდა ამ ქონებების რეალიზაცია, ბ) საგადასახადო შემოწმების აქტის 04.12.2013 შედგენის დროისათვის ხელშეკრულების (05.01.2010) დანართი №1-ში მითითებული ქონებებიდან რომელი ქონება იყო დარჩენილი და ამ დროის (06/12/2012-დან 04/12/2013-მდე) განმავლობაში განმავლობაში ხდებოდა თუ არა ხელშეკრულების (05.01.2010) დანართი № 1-ში მითითებული ქონებების გასხვისება და ვის მიერ, გ) ხელშეკრულების (05.01.2010) დანართი № 1-ში მითითებული ქონებების რეალიზაცია იყო თუ არა დღგ-ით დაბეგრილი და დადგენილ ვადაში და წესით დეკლარირებული საგადასახადო ორგანოში, დღგ-ის თანხები იყო თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი. დოკუმენტები აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლის მიერ ასევე უნდა გამოთხოვილიყო საჯარო რეესტრიდან. დასახელებული დოკუმენტების მოძიების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ უნდა განხილულიყო 06.12.2012) დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საკითხი და დადებით შემთხვევაში, განსაზღვრულიყო 06.11.2012 დროისათვის წილზე მიმაგრებული დარჩენილი ქონების ღირებულების (დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის) დადგენა, რასაც ადგილი არ ჰქონია.
აპელანტი მიუთითებს, რომ 2010 წლის 05 იანვარს მოსარჩელეს და შპს „N1”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მშენებლობის ინვესტირებას გულისხმობდა. კერძოდ, შპს „N1"-მ თავის თავზე აიღო გარკვეული ვალდებულებების შესრულება შემდგომში მოგების მიღების მიზნით, ხოლო სანაცვლოდ მოსარჩელე დაუთმობდა მას ამხანაგობის საქმიანობიდან მოგების (შემოსავლის) მიღების უფლებას (პუნქტი 1.1). ამავე ხელშეკრულების თანახმად (პუნქტი 3.4.4) შპს „N1"-ს უფლება ჰქონდა მოეთხოვა და მიეღო მოგება (შემოსავალი) სამშენებლო ობიექტის დასრულების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, ასევე საბანკო, სხვა დებიტორული დავალიანებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდგომ. ამდენად, დასახელებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით არის სამშენებლო ობიექტის მშენებლობაში ფულის დაბანდების თაობაზე მხარეთა შეთანხმება და ეს არ არის ამხანაგობა "------"-ში მოსარჩელის კუთვნილი წილის შპს,,N1"-სათვის გადაცემის ხელშეკრულება.
05.01.2010წ. ხელშეკრულების №1 დანართთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ მშენებარე სახლში დარჩენილი სარეალიზაციო ფართების შესახებ მითითება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, განსაზღვრულიყო შპს „N1"-ს მხრიდან ხსენებული სამშენებლო ობიექტის მშენებლობაში ფულის დაბანდება რა მოცულობით იყო შესაძლებელი, ანუ შემდგომში რომელი და რა ღირებულების ქონების რეალიზაციის ხარჯზე მოხდებოდა განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნება, როგორც მინიმუმ და მიიღებდა თუ არა მოგებას შპს „N1" ხსენებული მშენებლობის დაფინანსებით, თუმცა ამ გარემოებას შემმოწმებლის მხრიდან მიეცა არასწორი შეფასება. 05.01.2010 ხელშეკრულება არ გულისხმობდა დარჩენილი სარეალიზაციო ფართების (დანართი № 1-ში მითითებული ქონების) შპს „N1"-სთვის გადაცემას, ხსენებული ხელშეკრულება მხოლოდ მშენებლობის დაფინანსების მიზნით გაფორმდა მხარეებს შორის და ამ ხელშეკრულებით არ მომხდარა ამხანაგობა "------"-ში მოსარჩელესკუთვნილი წილის შპს „N1"-სათვის გადაცემა. შესაბამისად, აპელანტის პოზიცით, დასახელებული ხელშეკრულება არ შეიძლება ყოფილიყო დაბეგვრის საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელეს, ამხანაგობა "------"-ს და შპს „N1"-ს შორის გაფორმებულ უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 06.11.2012 ხელშეკრულებას და 05.12.2012 შეთანხმებას, აპელანტი აღნიშნავს, რომ 06.11.2012 ხელშეკრულებაში აღარ არის საუბარი დარჩენილი სარეალიზაციო ფართების თაობაზე, ამ ხელშეკრულებას არ ერთვის დანართი ქონების ჩამონათვალის თაობაზე და მასში არ არის საუბარი გადასაცემ წილზე მიმაგრებული/განპიროვნებული ქონების შესახებ. ხელშეკრულების 1.5 პუნქტის თანახმად, განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ, ამხანაგობის საქმიანობიდან მოგების (შემოსავლის) მიღების მიზნით, ამხანაგობა "------"-ში თავისი კუთვნილი წილი მოსარჩელემ გადასცა შპს „N1"-ს. შემმოწმებელმა კი მოახდინა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების 05.01.2010წ., 06.11.2012წ. ხელშეკრულებების და 05.12.2012 შეთანხმების გაერთიანება და ერთ დოკუმენტად განხილვა, რაც არასწორია, რადგან ერთ შემთხვევაში საუბარია მშენებლობის დაფინანსებაზე (05.01.2010წ. ხელშეკრულება), ხოლო მეორე შემთხვევაში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ წილის გადაცემაზე (ხელშეკრულება 06.11.2012წ., შეთანხმება 05.12.2012წ.).მოსარჩელემ ამხანაგობა "------"-ში თავისი კუთვნილი წილი გადასცა შპს „N1"-ს 2012 წლის 06 ნოემბერს და არა 2010 წლის 05 იანვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2012 წლის 06 ნოემბერს უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულება აღარ გაფორმდებოდა.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან (05.01.20106.) უფლების გადაცემისა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე (06.11.2012) დროის განმავლობაში, 05.01.2010წ. ხელშეკრულების დანართი №1-ში მითითებული ქონებების რეალიზაციას ახდენდა ამხანაგობა "------"-ს ნასყიდობის ხელშეკრულებები რეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში, დადგენილ ვადაში და წესით ხდებოდა საგადასახადო ორგანოში დღგ-ის დეკლარაციების წარდგენა, ამხანაგობის მიერ ხდებოდა ქონების რეალიზაციებიდან გამომდინარე დღგ-ის თანხების ბიუჯეტში გადახდა. შესაბამისად, სწორედ ამ თანხების დამატებით, განმეორებით გადახდას ითხოვს გასაჩივრებული აქტებით შემმოწმებელი მოსარჩელისგან . ქონების რეალიზაციებით მიღებული თანხებით ხდებოდა განხორციელებული ინვესტიციების უკან დაბრუნება შპს „N1"-სთვის. უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულების (06.11.2012) გაფორმება კი მოხდა მოგვიანებით, ვინაიდან წილის გადაცემით შპს „N1"-მ მიიღო ამხანაგობის საქმიანობიდან მოგების (შემოსავლის) მიღების უფლება. 2012 წლის 06 ნოემბრისათვის 05.01.2010 ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული ქონება, მცირე გამონაკლისის გარდა, ამხანაგობის მიერ უკვე გაყიდული იყო. შესაბამისად, შემმოწმებლის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, წილზე მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება არ იყო იმ რაოდენობისა და ღირებულების როგორც ეს 05.01.2010წ. ხელშეკრულების დანართი №1-შია მითითებული. ამდენად, შემმოწმებლის მიერ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის დადგენა (შემმოწმებლის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც) არასწორად მოხდა. ზემოთ ხსენებული დოკუმენეტების შესახებ კი, გადამხდელისთვის არ იყო ცნობილი.
ამრიგად, აპელანტის შეფასებით, შემმოწმებელს არ გაურკვევია 2012 წლის 06 ნოემბრისათვის არსებობდა თუ არა კიდევ დარჩენილი სარეალიზაციო ფართები, რომლებიც მითითებული იყო 05.01.2010 წლის ხელშეკრულების დანართი №1-ში და დადებით შემთხვევაში, რამდენს შეადგენდა წილზე მიმაგრებული ქონების ღირებულება, რაც დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი უნდა გამხდარიყო. აპელანტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის სადავო საკითხი, რაც მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ იქნა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული, მოპასუხეების მიერ შესაბამისი დოკუმენტების ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად არ მიჩნევის გამო.
სააპელაციო საჩივრის ავტორი საყურადღებოდ მიიჩნევს აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2013 წლის 4 დეკემბერს. დასახელებული შემოწმების აქტის თანახმად შესამოწმებელი პერიოდი იყო 01.01.2007– დან 07.05.2013-მდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელს ასევე უნდა გაერკვია თუ რა მოხდა უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 06.11.2012 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 07.05.2013-მდე პერიოდში, სახელდობრ, რა ბედი ეწია 05.01.2010წ. ხელშეკრულების დანართი №1-ში მითითებულ ფართებს და ფაქტობრივად ვინ ახდენდა ქონების ან ქონებრივი უფლების რეალიზაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსარჩელის საგადასახადო შემოწმების აქტის მეშვიდე გვერდზე გაკეთებულია შენიშვნა, რომლის თანახმადაც ამხანაგობა "------"-ის საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში შესაძლებელია კორექტირებას დაექვემდებაროს მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულებები, რაც აპელანტის შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სადავო საკითხი (დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია) კომპლექსურად უნდა შესწავლილიყო.
აპალანტი მიუთითებს, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174.1 მუხლი განმარტავს თუ რა არის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, ხოლო სსკ-ის 174.2 მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი ის, თუ რა შემთხვევებში ხორციელდება დღგ-ის ჩათვლა (2011 წლის 01 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 247.2 მუხლი). დასახელებული ნორმის ანალიზიდან, ფაქტობრივი გარემოებიდან, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე (მაშინ როცა ფაქტობრივად რაიმე ქონება და/ან ქონებრივი უფლება მოსარჩელის შპს „N1”-სთვის არ გადაუცია) ნათელი ხდება, რომ განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებლის მსჯელობა მხოლოდ მოსარჩელეზე ცალმხრივად დღგ-ის გადასახადის დარიცხვისაკენაა მიმართული, რადგან ამ ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლას ვერ მიიღებდა შპს „N1”, ვინაიდან სადავო გარიგებით ამ უკანასკნელს (შპს „N1”-ს) არ შეუძენია საქონელი და/ან მომსახურება, რასაც იგი შემდგომში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოიყენებდა. შესაბამისად იგი (შპს „N1”) ვერ მიიღებდა ვერც დღგ-ის ჩათვლას. აღნიშნული გარემოებები არ ყოფილა გათვალისწინებული შემოწმების დროს. ამასთან, როგორც მხარისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, იმავე შემმოწმებლის მიერ, იმავე პერიოდში შემოწმდა შპს „N1” (ს/ნ -------) და შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, თუმცა მასში ზემოთ აღნიშნული წილის მიწოდების საკითხი საერთოდ არ არის განხილული და მას რაიმე შეფასება არ მისცემია. შესაბამისად, აპელატისთვის გაუგებარია თუ სადავო ხელშეკრულებებით წილზე მიმაგრებული ქონება მოსარჩელემ მიაწოდა შპს „N1”-ს, როგორც ამას შემმოწმებელი ვარაუდობს, მაშინ ამ უკანასკნელთან (შპს „N1”-სთან) რატომაა შეფასების მიღმა ამ ოპერაციის შინაარსი.
აპელანტი შეჯამების სახით განმარტავს, რომ სადავო აქტებით, ამხანაგობაში წილზე უფლების გადაცემის საკითხი განხილულია მხოლოდ მოსარჩელის ნაწილში, მაშინ როცა კომპლექსურად უნდა მომხდარიყო საკითხის შესწავლა. შემმოწმებელს არ გაურკვევია თუ რა ბედი ეწია იმ ქონებას, რომლის რეალიზაციის აუღიარებლობაზე იგი ედავებოდა მოსარჩელეს . ასევე, არ გამორკვეულა, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით ქონება ვის საკუთრებას წარმოადგენდა, განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ ფაქტობრივად მიიღო თუ არა რაიმე ქონება ან ქონებრივი უფლება შპს „N1”-მა, რა გზით ხდებოდა ამხანაგობაში განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნება და ფაქტობრივად ვინ მოახდინა სადავო ქონების რეალიზაცია, დაიბეგრა თუ არა სადავო ქონების გასხვისებები დღგ-ით, მოხდა თუ არა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების დეკლარირება და გადახდილი იქნა თუ არა დღგ-ის თანხები ბიუჯეტში, მიადგა თუ არა ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს, ხომ არ ხდება გადასახადებისათვის თავის არიდება და ხომ არ ხდება ერთი და იგივე ქონების ერთჯერად გასხვისებაზე ორჯერ დღგ-ის თანხების გადახდა მთელი ქონების ღირებულებიდან. შესაბამისად, ვინაიდან არ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღების დროს ეს საკითხები საერთოდ არ გამოკვლეულა და არ შესწავლილა, აპელანტის შეფასებით, სახეზე იყო ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოება და უნდა მომხდარიყო _ საკითხის დამატებით შესწავლა, რაც არ იქნა გაზიარებული შემოსავლების სამსახურის 22.06.2017 №16946 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.09.2018 გადაწყვეტილების მიღების დროს. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმიტომ, რომ გასაჩივრებული აქტების მიღების დროს მასალები, რასაც მოსარჩელე ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს, თავის დროზე მოსარჩელის საგადასახადო შემოწმების დროს იყო გამოთხოვილი/შესწავლილი ან დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი შემოსავლების სამსახურში, რასაც აპელანტი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის (დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის) შესწავლის დროს არ იქნა გათვალისწინებული/გამოთხოვილი ამხანაგობა "------"-ის მიერ 05.01.2010წ. ხელშეკრულების დანართი №1-ში მითითებული ქონებების რეალიზაციის და ამ ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მასალები და თუ ეს დოკუმენტები მოსარჩელის მიერ მოგვიანებით იქნა მოპოვებული/წარდგენილი, გაუგებარია, რატომ არ ითვლება ისინი ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად და ამ საფუძვლით რატომ არ უნდა მოხდეს დავის განახლება, მაშინ როცა თავად საგადასახადო შემოწმების მასალებში მითითებულია, რომ ამხანაგობა "------"- ის საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში შესაძლებელია კორექტირებას დაექვემდებაროს მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულებები.
გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტებით არ მოხდა სადავო თანხების კორექტირება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.05.2016 გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ მოსაზრებით, რომ თურმე თავის დროზე ეს სადავო საკითხი შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებული იქნა. თუ ეს ასეა, მაშინ აპელანტისთვის გაუგებარია, ამ საკითხზე საკასაციო საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ რატომ იქნა წარდგენილი. ეს საკითხი თავის დროზე შემოწმების აქტშიც იყო მითითებული, როგორც სადავო თანხების დარიცხვის ერთ-ერთი საფუძველი. ამდენად, აპელანტი თვლის, რომ ამ ნაწილშიც სადავო აქტები არ შეესაბამება საქმის მასალებს და საჭიროებს დამატებით შესწავლას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე- 6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (Hirvisaari v. Finland, 832; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, № 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. „...ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (№.3) 38–42).
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული დასკვნების განხილვისას მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, შესაბამისად, მიუთითებს მათზე განმეორების გარეშე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა ისინი, აქედან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია და რატომ დაეყრდნო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებას, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ეყრდნობა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რაზედაც მხარე მიუთითებდა სასამართლოში წარდგენილ სარჩელში. მხარე სადავოდ ხდის სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2017 წლის № 086-26 საგადასახადო მოთხოვნას, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 21.04.2017 წლის N°10547 ბრძანებას, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 10.04.2017 დასკვნას, სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.06.2017 წლის No16946 ბრძანებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.09.2018 წლის (საჩივარი №4309/2/2018) გადაწყვეტილებას და მოითხოვს, გასაჩივრებული აქტებით, მოსარჩელეზე (ს/ნ ------ ) დარიცხული სადავო თანხების, სულ 462364,08 ლარის, მათ შორის, ძირითადი გადასახადის - 359320 ლარი (მათ შორის, დღგ-ში 328685 ლარის, მოგების გადასახადში 15632 ლარის, საშემოსავლო გადასახადში - 6336 ლარის, სოციალურ გადასახადში - 9083 ლარის, ქონების გადასახადში - 416 ლარის), ჯარიმის - 3854 ლარის, საურავის - 99190,08 ლარის გაუქმებას, დარიცხვის კანონშეუსაბამობის გამო.
თავის მოთხოვნას მოსარჩელე ორ გარემოებაზე აფუძნებს:
1) ახლად აღმოჩენილ გარემოებებათა გამო, უნდა განახლდეს ადმინისტრაციული წარმოება, რადგანაც, ამხანაგობა "------"-ისგან მოპოვებული დამატებითი დოკუმენტაცია (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და საბანკო ანგარიშებიდან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები) და ასევე ამხანაგობა "------"-ის და შპს „N1-ს“ წერილები მოსარჩელის მიმართ, ადასტურებს, რომ არასწორად მოხდა ამხანაგობა "------"-ში მოსარჩელის კუთვნილი წილის შპს „N1-სთვის “ გადაცემის ოპერაციის შეფასება და შესაბამისად ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა.
2) გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ სადავო აქტებით სათანადოდ არ აღსრულდა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების მსჯელობა და ჩათვალა, რომ ფაქტები, რაზეც მხარე მიუთითებდა არ წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ იმგვარ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რაც მოსარჩელემ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. მეტიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხები, რაზეც მხარე მიუთითებდა, უკვე გამოკვლეული და შეფასებული იყო სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რის გამოც, სადავო ნაწილში დარიცხვების კანონიერება ხელახალი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანი ვერ გახდებოდა.
პალატა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ შეფასებას და დამატებით (აპელანტის არგუმენტების გათვალისწინებით), განმარტავს, რომ უკვე დასრულებული სასამართლო წარმოების ფარგლებში, მოსარჩელე მოითხოვდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: 1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის №63891 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 641339 ლარი; 2. 2013 წლის 04 დეკემბრის მოსარჩელის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის №86-110 საგადასახადო მოთხოვნა; 4. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის №20404 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი; 5. დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი. ასევე, მოსარჩელე მოითხოვდა გაუქმებულიყო მოსარჩელეზე დამატებით დარიცხული თანხა - დღგ-ს ძირითადი თანხის სახით 328685 ლარი, დარიცხული საურავი 80484,07 ლარის, სულ 409169,07 ლარი. მათ შორის, ამხანაგობა "------"-ში მოსარჩელის კუთვნილი წილის რეალიზაციის, დღგ-ის ძირითადი თანხით 291007 ლარით დაბეგვრის და მასზედ დარიცხული საურავის 61645,07 ლარის ნაწილში და იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვისა და შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის - დღგ-ის ძირითადი თანხის 37678 ლარისა და მასზედ დარიცხული საურავის 18839 ლარის ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეიცვალა მხოლოდ ნაწილობრივ. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო სადავო აქტები იმ ნაწილში, რაც შეეხებოდა 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას მოსარჩელის მიერ ამხანაგობისთვის მიწოდებული კუთვნილი ქონების ღირებულების განსაზღვრას. შესაბამისად, სასამართლომ დაავალა შემოსავლების სამსახურს ქ. ------ ,"-------" ა-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას განესაზღვრა სააუქციონო ღირებულების 247000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
ამდენად, 2013 წლის 04 დეკემბრის შემოწმების აქტის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელზე სადავო გადასახადების დარიცხვის კანონიერება, გარდა ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას მიწოდებული ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით განსაზღვრისა, დადასტურებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ამ ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. თუმცა, გადასახადის გადამხდელი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული იმ ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებით, (რომლებიც შეეხებოდა მხოლოდ ამხანაგობისთვის მიწოდებული ქონების ღირებულების გათვალისწინებით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გამოანგარიშებას), ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, იმ დარიცხვების ნაწილში დასრულებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებასაც, რაზეც, როგორც უკვე აღინიშნა, იმსჯელა სამივე ინსტანციის სასამართლომ.
გადასახადის გადამხდელი ადმინისტრაციული წარმობის განახლების საფუძვლად მიუთითებდა, რომ ფაქტები, რაც მოსარჩელეს , ამხანაგობა "------"-სა და შპს „N1-ს “ შორის დადებული გარიგებების შემმოწმებლის მიერ არასწორად შეფასებას და შესაბამისად, არასწორი დარიცხვებს დაადასტურებდა, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი გახდა მოსარჩელის დირექტორის მ.ც -ის მიმართ, შპს „N1“-ს დირექტორის 2016 წლის 22 მარტის და ბინათმშენებლობა ამხანაგობა "------" -ის თავმჯდომარის ჯ.დ-ის 2016 წლის 24 მარტის წერილების გაცნობის შემდეგ.
ბინათმშენებლობა ამხანაგობა "------"-ის თავმჯდომარის ჯ.დ.-ის 2016 წლის 24 მარტის წერილში მოსარჩელის დირექტორისადმი აღნიშნულია, რომ შპს „N1-ს“ (ს/ნ -------) მიერ ბინათმშენებლობის ამხანაგობა "------" -ში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ რაიმე ქონება და/ან ქონებრივი უფლება ამხანაგობა "------"-ს არ გადაუცია შპს „N1სთვის“ (ს/ნ -------). წერილის ავტორი განმარტავს, რომ ქ. "-----"-ში , "------" -ში მდებარე ქონება და/ან ქონებრივი უფლებები მთლიანად და ბოლომდე ეკუთვნოდა ამხანაგობა "------" -ს და მისი განკარგვა მხოლოდ ამხანაგობის მიერ ხდებოდა. განხორციელებული ინსვესტიციის უკან დაბრუნება შპს „N1-სთვის“ (ს/ნ ------) კი ხდებოდა მხოლოდ ფულადი სახით.
შპს „N1“-ს დირექტორის მ.დ-ის 2016 წლის 22 მარტს შედგენილ წერილში მოსარჩელის დირექტორისადმი აღნიშნულია, რომ შპს „N1-ს“ (ს/ნ -------) მიერ, ბინათმშენებლობის ამხანაგობა "------"-ში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ რაიმე ქონება და/ან ქონებრივი უფლება არ მიუღია საკუთრებაში. წერილის ავტორი ადასტურებს, რომ შპს „N1-ს“ (ს/ნ ------) განხორციელებული ინვესტიციის ფულადი სახით გარანტირებულად უკან დაბრუნების მიზნით გადაეცა ამხანაგობაში მოსარჩელის (ს/ნ ------ ) წილი და არა იმიტომ, რომ ამ გზით მოხდა შპს „N1“-ზე (ს/ნ -------) რაიმე ქონების და/ან ქონებრივი უფლების გადაცემა განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ. ამხანაგობის მიერ ინვესტიციის უკან დაბრუნება შპს „N1“-სთვის (ს/ნ --------) ხდებოდა მხოლოდ ფულადი სახით.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მოსარჩელის მიერ მითითებულ დავის საგანზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელემ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მოსარჩელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დასაშვებია ადმინისტრაციულ ორგანოში დავის განხილვის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობისას. იმისათვის, რომ გარემოება თუ მტკიცებულება ახლად აღმოჩენილად/გამოვლენილად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1. მის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო დავის განხილვისას; 2. მისი დავის განხილვის დროს წარდგენა მოსარჩელესთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული საკითხის დამატებითი კვლევა, შესწავლა და დავის ხელახალი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი განმცხადებელი მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს იმ გარემოებებზე და წარუდგენს იმ ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს ახლად აღმოჩენილი თუ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, დავის განახლების საფუძვლების არსებობას.
პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ახლად აღოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის განახლება - დამოუკიდებელი და საგამონაკლისო სტადიაა. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ ობიექტური სინამდვილის იურიდიულ ფაქტებს და არა მოსარჩელის დასკვნებს ან არგუმენტებს. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მატერიალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, მოქმედებები, პროცესებია, რომლებიც მოსარჩელემ არ იცოდა და არ შეიძლება სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მოსარჩელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. იურიდიული ფაქტები, ეს კონკრეტული ცხოვრებისეული გარემოებები, ობიექტური სოციალური სინამდვილის ელემენტებია. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომლებსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნის საფუძვლად. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ მტკიცების საგანს და სხვა გარემოებების მსგავსად უნდა დადგინდეს დავის განმხილველი ორგანოს მიერ (საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარი, ნადარაია, როგავა, რუხაძე, ბოლქვაძე, თბილისი 2012).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გადასახადის გადამხდელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს, შპს „N1“ და ამახანაგობა "------"- ის იმ წერილების შინაარსს, რომლებშიც ნათქვამი არაა რაიმე ისეთი ახალი გარემოების შესახებ, რაც არ შეიძლება სცოდნოდა მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდში, მითუმეტეს, როცა წერილებში მოცემული განმარტებები შეეხება იმ სახელშეკრულებო ურთიერთობების შინაარსს, რომლის ერთ-ერთ მხარესაც თავად გადამხდელი წარმოადგენდა და მეტიც, აღნიშნული წერილები თარიღდება (2016 წლის 22 და 24 მარტი) სადავო დარიცხვებთან დაკავშირებით სასამართლოში დავის დასრულებამდე პერიოდით. მეტიც, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასამართლო დავის განხილვისას შეფასება მიეცა მოსარჩელეს, შპს „N1-ს“ და ამხანაგობა "------"-ს შორის დადებული ინვესტირების და ამ ინვესტირების სანაცვლოდ უფლების გადაცემის, წილის დათმობისა და ურთიერთმოთხოვნათა გამოქვითვის ხელშეკრულებებს, დადგინდა განხორციელებული ოპერაციების სამართლებრივი ბუნება და დასაბეგრი მოცემულობა. შესაბამისად, მოსარჩელემ პირველ რიგში იყო ინფორმირებული იმ ოპერაციების შინაარსაა და მოცულობაზე რასაც რეალურად და ფაქტობრივად ჰქონდა ადგილი კონტრაჰენტ მხარეებს შორის. ამხანაგობა "------"-ისგან დოკუმენტების მიღების შეუძლებლობაზე, მითითება კი, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სხვა იურიდიული პირის საგადასახადო საიდუმლოებას, რა თქმა უნდა მოცემული დავის მიმართ გამოსადეგ არგუმენტად მხედველობაში მიღებული ვერ იქნება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მხარეს შეეძლო იმ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლის დავის განმხილველი ორგანოსთვის წარდგენაც მისთვის შეუძლებელი იყო, შესაბამისი შუამდგომლობით მიემართა როგორც ადმინისტრაციული ორგანოსთვის ისე სასამართლოსთვის და მეორეც, 2006 წელს მოსარჩელემ ნ.ც.-სთან ,გ.ტ-სთან და ო.ღ.-სთან ერთად დააფუძნა ბინათშენებლობის ამხანაგობა "------" მოსარჩელის შენატანი ამხანაგობაში განხორციელდა ქ. "-----"-ში , "------ " - ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სახით (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებებით, მოსარჩელის (ს/ნ ------- ) სასარჩელო დავაზე სსიპ შემოსავლების სამმსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინიისტროს მიმართ, 2012 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვების კანონიერებასთან დაკავშირებით). აქედან გამომდინარე,მოსარჩელე, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, არ იყო შეზღუდული საჭირო ინფორმაცია მიეღო ამხანაგობა "------"-დან.
ამრიგად, პალატა, საქმის წარმოების მოცემულ ეტაპზე, შინაარსობრივად ვეღარ შეამოწმებს, წარდგენილი დოკუმენტაცია შეიძლება თუ არა გამხდარიყო გადასახადის გადამხდელისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რადგან არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული, არც სუბიექტური და არც ობიექტური შემადგენლობა - გადასახადის გადამხდელისთვის უცნობი არ იყო ამ გარემოებების შესახებ და მას ასევე არ ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა მოეპოვებინა სათანადო დოკუმენტაცია, რომ აღარაფერი ითქვას იმ უდავო გარემოებაზე, რომ ფაქტები, რაზეც მიუთითებს მხარე, შეფასებულია დასრულებული სასამართლო წარმოების ფარგლებში, სადაც მოსარჩელის არგუმენტები გაზიარებული არ იქნა და რაზეც ვრცლად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული საკითხის დამატებითი კვლევა, შესწავლა და დავის ხელახალი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს იმ ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს ახლად აღმოჩენილი თუ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლების საფუძვლების არსებობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილები და სხვა დოკუმენტაცია (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და საბანკო დაწესებულებებიდან, ნასყიდობის ხელშეკრულებები), ვერ მიიჩნევა ახლად გამოვლენილად, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე გადასახადის გადამხდელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ თავდაპირველი დავის განხილვის დროსაც.
რაც შეეხება მეორე სადავო საკითხს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით, პალატა არც ამ ნაწილში იზიარებს აპელანტის პრეტენზიებს, ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს (მოსარჩელეს) არ წარმოუდგენია არცერთი კონკრეტული არგუმენტი, თუ რაში გამოიხატა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა და მეტიც, როგორც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის წარმომადგენლის მიერ მიცემული განმარტებებით ირვევა, იგი ამ საკითხს, წარმოდგენილ დავასთან მიმართებით, არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებს და მეტიც, უშვებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 04 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას ქ. "-----"-ში , "-----" -ში მდებარე მოსარჩელე კუთვნილი ქონების ღირებულება განსაზღვრა სწორედ ამ ქონების სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) გათვალისწინებით მოხდა.
პალატა, აღნიშნავს, რომ მართალია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით, პალატამ როგორც საქმის მასალებით, ისე ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე აუდიტორების მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებებითა და ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას წარმომადგენელის განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაბეგვრისას იხელმძღვანელა ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასით (320 000 ლარი), თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში 2017 წლის 10 აპრილს შედგენილი დასკვნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით დგინდება, რომ შემოწმებამ 2013 წლის აქტის შედგენისას, როგორც ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრისას, ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას, იხელმძღვანელა ქონების სააუქციონო ღირებულებით - 247 000 ლარით, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის №10547 ბრძანებით მოსარჩელის 2013 წლის 04 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
ამასთან, საქმეზე დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 04 დეკემბრის აქტში ქ. "-----"-ში , "------" -ში მდებარე საზოგადოების კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით) და ერთობლივ შემოსავალს დამატებული აქვს 33 562 ლარი, ამავე ღირებულებიდან (247000 ლარი დღგ-ის ჩათვლით) გაანგარიშებულია დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად გადასახდელი დღგ, რამაც შეადგინა 247000/1,18*0,18=37678 ლარი. ანუ შემოწმების აქტის მიხედვით ქონების ღირებულება შეადგენდა 247000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
ამდენად, პალატა, საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების მიხედვით, ვერ მიიღებდა რაიმე დამატებით შეღავათს, რადგანაც, დარიცხვები განხორციელებული იყო და არის სწორედ იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საწინააღმდეგო არგუმენები კი, მითუმეტეს თანხობრივად გამოხატული, რაში გამოიხატა გადაწყვეტილების აღუსრულებლობა აპელანტს (მოსარჩელეს) არ მიუთითებია. შესაბამისად, არ დგინდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გადასახადის გადამხდელისთვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს ამ აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან პრეტენზიას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
6.სასამართლო ხარჯები :
აპელანტს,მოსარჩელეს (ს/ნ ------- ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი, არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო სასამართლომ, იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტის "-------" -ის (ს/ნ ------- ) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ლერი თედორაძე
შოთა სირაძე
ნანა კალანდაძე