გადაწყვეტილება №23098/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.09.2024
№ დოკუმენტი 23098/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23098/2/2024

09 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23098/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა;

2. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №002-190 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10936 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 186 065 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 108 682

მოგების გადასახადი - 5 525

საშემოსავლო გადასახადი - 103 157

ჯარიმა - 54 341

საურავი - 23 042

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 4.09.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.08.2023 წლის №19750 ბრძანება და №002-190 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25869 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის №21213/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის №21213/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ 2023 წლის 7 სექტემბრის №83460/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აგვისტოს №002-190 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10936 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სავაჭრო, კვების და სხვა ობიექტებში გადახდილი თანხები, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება. ასევე, ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომელზეც გადამხდელს არ გააჩნია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, მოგების გადასახადით დაიბეგრა ზემოაღნიშნული გადახდები. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოგების გადასახადი

არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ მოგების გადასახადს და შესაბამის სანქციას შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი 1-ით მიჩნეული 30,009 ლარის ოდენობის გადარიცხვებიდან 24,932 ლარი პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. მაგალითად, ხსენებული 24,932 ლარიდან 10,090 ლარი ელექტრონული ტენდერი №---------- მიზნებისათვის ---------- მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაზედაც შპს „----------“ და შპს „----------“-ს შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება.

გაუგებარია რატომ ჩათვალა შემოწმებამ აღნიშნული ხარჯი დოკუმენტურად დაუდასტურებლად. დარჩენილ 14,842 ლარზე გადარიცხვის დანიშნულებებით იკითხება, რომ გაწეული ხარჯები პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ: ქვის ავანსი, ქვის საბოლოო გადახდა, ტოპოგრაფიული მომსახურება, აზომვითი და საკადასტრო მომსახურება, ქვიშა, ხის მასალა, პერფერატორის ქირავნობა, სანოტარო ხარჯი და ა.შ.).

კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად მომწოდებლებისგან ვერ მოხერხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღება.

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): „თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა“.

ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის 22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, განიხილავს შემთხვევებს როცა გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სამოქმედო მითითებებს აძლევს სამსახურის თანამშრომლებს საგადასახადო შემოწმების დროს. ამ მეთოდური მითითების შესრულება სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის საგადასახადო შემოწმების პროცესში.

მეთოდური მითითების დანართი 10, თავი 4 - სპეციალური წესები, მუხლი 26-ის თანახმად: „იმ ხარჯების გათვალისწინებისთვის (აღიარებისთვის), რომელზეც პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, აუდიტორის მიერ გამოიყენება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება და მისი პრინციპები (მიდგომები)“.

„კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების პრინციპების მიხედვით ხარჯი, რომელიც არ დასტურდება დოკუმენტურად, მაგრამ მისი გაწევის ნამდვილობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ეჭვგარეშეა, ჩაითვლება გაწეულად მისი 75%-ის ოდენობით. დარჩენილი 25% დაიბეგრება კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას ზემოთხსენებული გარემოებები და დანართი 2-ში (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი) გადახდებიდან 14,842 ლარი გადარიცხვის დანიშნულებებიდან და თანხის მიმღები პირების საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე მიეკუთვნოს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (თუ სრულად არა, მისი 75% მაინც ზემოთხსენებული მეთოდური მითითების საფუძველზე).

10,090 ლარზე პირდაპირ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა 30,009 ლარიდან შემცირდეს 5,077 ლარამდე. შესაბამისად, დარიცხული მოგების გადასახადის ძირითადი თანხა შემცირდეს 5,296 ლარიდან 896 ლარამდე და დარიცხული სანქცია შემცირდეს შესაბამისად.

სრულად გაუქმდეს საკითხი დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა 103,157 ლარი და შესაბამისი სანქცია 51,579 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;

გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;

დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი;

ვ) პირის (გარდა სპეციალური სავაჭრო კომპანიისა) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 24 136,5 ლარი პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. 24 137 ლარიდან 10 090 ლარი ელექტრონული ტენდერი №---------- მიზნებისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაზედაც მომჩივანსა და შპს „----------“-ს შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება.

საქმეში არსებული გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები 2021 წლის ბოლოდან რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად. აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი მცირე მეწარმის დეკლარაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ზუსტად შეადგენს კომპანიისაგან მიღებულ თანხას. ე.ი. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ სხვა სახის შემოსავლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო ამონაწერებში ამ პირებისთვის გადარიცხულ თანხებს დამატებით დანიშნულებაში ხშირ შემთხვევაში უწერია ხელფასი. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ზემოხსენებულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და გადამხდელი დაჯარიმდა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

„----------“ არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და შესაბამის სანქციას შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად: 1.მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. 2.საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. 3.საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას. სსკ-ის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად „მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს“ ი/მ ---------- მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2022 წლის თებერვლიდან. ი/მ ---------- მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის დეკემბრიდან, ი/მ ---------- მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი 2021 წლის აგვისტოდან. სამივე მათგანი შპს „----------“ ურთიერთობისას სრულად აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, ისინი არ ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის #415 დადგენილებით განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობებს და შპს „----------“ მიღებული შემოსავალი არ განეკუთვნებოდა ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ისეთი შემოსავლის სახეებს, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი.

შპს „----------“ სამივე მეწარმე ფიზიკური პირი უწევდნენ შემდეგი ტიპის მომსახურებას: ბეტონის ჩასხმა, არმატურის დაწვნა, სახურავის აწყობა, გრუნტის მომზადება კედლების აშენება, ლესვა და ღებვა, იატაკის სამუშაოები, ჭერის და ფასადის სამუშაოები, სკვერების და სტადიონების მოწყობა და ა.შ. შესრულებულ სამუშაოებზე ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები

თვალსაჩინოებისთვის, დანართად ელექტრონული ფორმით საჩივარს თან ერთვის მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ნაწილი. (ფაილის დიდი ზომიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარებების სრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება დავის განხილვის დღეს), რის საფუძველზეც შპს „----------“ აღნიშნულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ახდენდა ანგარიშსწორებას.

როგორც „ფაქტობრივი გარემოების“ ნაწილშია აღნიშნული, ხსენებულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა თვეში რამოდენიმეჯერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით. თვის ჭრილში შპს „----------“ მიღებული შემოსავლები იყო ცვალებადი და არც ერთ თვეში არ იყო იდენტური. ეს ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პირები შპს „----------“ უწევდნენ მომსახურებას და არანაირად მათ შორის ურთიერთობა არ იყო შრომითი. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია შპს „----------“ აღნიშნული მეწარმე ფიზიკურ პირებზე ანგარიშსწორებებისთვის ხელფასის კვალიფიკაციის მინიჭება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ სამიდან ორი მეწარმე ფიზიკური პირისთვის (ი/მ ---------- და ი/მ ----------) შპს „----------“ ჩარიცხული თანხები არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო (კანონმდებლობა არ ზღუდავს ამას), ხოლო რამოდენიმე შემთხვევაში გადარიცხვის დანიშნულებაში წერია ხელფასი (ეს იყო გადარიცხვის შემსრულებლის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომა). როგორც წესი, ხელფასი გადაიხდება თვეში ერთხელ თანაბარი თანხებით და დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არ ფორმდება შესრულებული სამუშაოს მიღებაჩაბარების აქტები. ი/მ ---------- შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2021 წლის დეკემბერში, 2022 წლის იანვარ-აპრილში და სექტემბერ-დეკემბერში (2022 წლის მაისი-აგვისტოში არ მიუღია ანაზღაურება) და 2023 წლის იანვარ-თებერვალში. ი/მ ---------- შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2022 წლის თებერვალ-ნოემბერში. 2022 წლის იანვარში და დეკემბერში და ასევე 2023 წელს არ მიუღია ანაზღაურება. ი/მ ---------- შპს „----------“ ანაზღაურება მიიღო 2021 წლის სექტემბერ-დეკემბერში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში. 2022 წლის დეკემბერში და 2023 წელს არ მიუღია ანაზღაურება. ზემოთხსენებული გარემოებებითაც ცალსახად დასტურდება, რომ შპს „----------“ ხსენებული მეწარმე ფიზიკური პირებისგან იძენდა მომსახურებას და ეს არ იყო სახელფასო ანაზღაურება. უფრო მეტიც, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე www.rs.ge განთავსებულია ე.წ. კითხვარი „დაქირავებით მუშაობა თუ მომსახურების გაწევა“. თავად ეს კითხვარიც შპს „----------“ და ზემოთხსენებული მეწარმე ფიზიკურ პირებს შორის ურთიერთობას ანიჭებს მომსახურების და არა დაქირავებით მუშაობის კვალიფიკაციას. ეს ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა იძლევა დადებით პასუხს კითხვაზე: „სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში სამუშაოს შემკვეთისგან ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს თუ არა ამ ფიზიკური პირის წლიური შემოსავლის 85 % ან მეტს?“, რაზეც აპელირებას აკეთებს აუდიტის დეპარტამენტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10936 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში, მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-2 დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუქნტების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ნაწილის დოკუმენტურად დაუდასტურებელ, ხოლო ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად ჩათვლა;

2. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 24 136,5 ლარი პირდაპირ მიეკუთვნება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას. 24 137 ლარიდან 10 090 ლარი ელექტრონული ტენდერი მიზნებისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაა, რაზედაც მომჩივანსა და კომპანიას შორის გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები 2021 წლის ბოლოდან რეგისტრირებულნი არიან მცირე მეწარმეებად. აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილი მცირე მეწარმის დეკლარაციით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ზუსტად შეადგენს კომპანიისაგან მიღებულ თანხას. ე.ი. აღნიშნულ მცირე მეწარმეებს არ უფიქსირდებათ სხვა სახის შემოსავლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო ამონაწერებში ამ პირებისთვის გადარიცხულ თანხებს დამატებით დანიშნულებაში ხშირ შემთხვევაში უწერია ხელფასი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 88; 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.