განჩინება №3ბ/1542-17

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.12.2017
№ დოკუმენტი 3ბ/1542-17
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №330210016001511640

საქმე №3ბ/1542-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

07 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი -

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი -

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „--------”

წარმომადგენელი - --------;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება:

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

შპს „-------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „---------“ მიმართ: დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

4.1. შპს „-------“ რეგისტრირებულ იქნა 2005 წლის 27 ივლისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, შემდეგ იურიდიულ მისამართზე: ---------------- კომპანიის დირექტორად დაფიქსირდა ------------- (ტომი 1, ს.ფ. 108-109)

სსიპ შემოასვლების სამსახურის მიერ განხორციელდა შპს „-------” საქმიანობის საგადასახადო შემოწმება შემოწმების საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. 2014 წლის I9 სექტემბრის N40351 ბრძანება და 2014 წლის 19 სექტემბრის N005-56 საგადასახადო მოთხოვნა. რომელთა საფუძველზე შპს „---------” გადასახდელად დაეკისრა 415 512.58 ლარი. მათ შორის ძირითადი გადასახადი 186 178 ლარი. ჯარიმა 96 011 ლარი და საურავი 133 323.58 ლარი. (ტომი1, ს.ფ 20-79)

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. 2014 წლის 19 სექტემბრის N40351 ბრძანება და 2014 წლის 19 სექტემბრის N005-56 საგადასახადო მოთხოვნა შპს „--------“ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. საჩივარში მიეთითა გადასახადის გადამხდელის მისამართი: ----------------.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გაცემული ხელფასების დაანგარიშების სისწორე და მექანიკური ხარვეზების გამოვლენის შემთხვევში დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) განხორციელება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 70-ე მუხლის თანახმად შპს „--------- “ იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა, ხოლო გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ორივე მხარის მიერ დადასტურებული ურთიერთშედარების აქტები 2010 წლის მარტის და აპრილის თვეში იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელების თაობაზე. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით თუ დადასტურდებოდა, რომ 2010 წლის მარტის და აპრილის თვეში არ განხორციელებულა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციები, აუდიტის დეპარტამენტს უნდა უზრუნველყო აღნიშნული თანხების ერთობლივი შემოსავლიდან და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხვა აღნიშნულის თანახმად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) განხორციელება; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ქონების გადასახადის გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინება და აღნიშნულის თანახმად შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ტომი 1, ს.ფ 80-87)

 

შპს „--------“, 2015 წლის 30 მარტს, საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და აუდიტის დეპარტამენტისთვის საკითხის ხელახლა შესწავლის დავალება, კერძოდ: საამორტიზაციო ანარიცხების თანხის გათვალისწინება მოგების გადასახადის მიზნებისათვის. (ტომი 1, ს.ფ, 88)

 

შპს ,,-------“ 2015 წლის 1 აპრილის განცხადებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოში წარადგინა მიმდინარე შემოწმებისათვის გადამხდელის გაანგარიშებები. განცხადებაში დაფიქსირდა განმცხადებლის - შპს ,,------------“ ფაქტობრივი მისამართი: ------------, ასევე, კომპანიის დირექტორის ----------- ტელეფონის ნომერი: -----------. (ტომი 1, ს.ფ. 89)

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის N4972 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 6 აპრილის დასკვნა, 2015 წლის 4 მაისის N4726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა საფუძველზე შპს -----------------„ შეუმცირდა დარიცხული საგადასახადო ვალდებულება 84 102 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 60 077 ლარი და ჯარიმა 24 025 ლარი. (ტომი 1, ს.ფ 90-97)

 

შპს ,,---------„ 2015 წლის 3 დეკემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანება და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანებით შპს „---------“ საჩივარი დარჩა განუხილველი. ბრძანებით განიმარტა, რომ შპს „-------------“ მიმართ გამოცემული 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა 2015 წლის 3 აგვისტოს საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული. შესაბამისად დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღად ითვლება მისი ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებიდან მე-20 დღე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და 301-ე მუხლის „ე“ პუნქტზე მითითებით. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გასული იყო საჩივრის წარდგენის ვადა. (ტომი 1, ს.ფ 98-102)

 

სსიპ შემოსვლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა შპს “----------------“ ელექტრონულად გაეგზავნა 2015 წლის 4 მაისს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 4 ნოემბერს. საგადასახადო მოთხოვნა შპს „--------------“ ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ - 2015 წლის ივნისში და ივლისში, რომლებიც ადრესატს ვერ ჩაბარდა და უკან დაუბრუნდა გამგზავნს. შეტყობინება ორივე ჯერზე გაგზავნილ იქნა გადამხდელის იურიდიულ მისამართზე ---------------.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „-----------“ მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

 

სსიპ შემოსვლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნდა 2015 წლის 3 აგვისტოს. (ტომი 1, ს.ფ 124, 143-144, 146- 147)

 

შპს „-------------“, 2015 წლის 28 დეკემბერს. საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 4 მაისის N14726 ბრძანების და 2015 წლის 4 მაისის N005-77 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. (ტომი 1, ს.ფ 129-132, 134-139)

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად

შემდეგნაირად შეაფასა:

5.1. სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მხარეს ანიჭებს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში, შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხი. ვინაიდან, სწორედ სადავო აქტის ჩაბარებაზეა დამოკიდებული პირის პროცესუალური თუ მატერიალური უფლებების რეალიზაციის ბედი. გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტის დასადგენად, მნიშვნელოვანია ამ ვადის ათვლის, ვადის დინების დაწყების, აქტი ძალაში შესვლის მომენტის ზუსტი განსაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, რომელიც სამართლებრივად არეგულირებს საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის მიმოწერას, განსაზღვრავს დოკუმენტის ფორმებსა და კონკრეტულ ქმედებათა სამართლებრივ შედეგებს.

 

მითითებული ნორმით დადგენილი რეგულაციები დეტალურად აღწერს როგორც საგადასახადო ორგანოს მიერ, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მიზნებისათვის განსახორციელებელ ქმედებებსა და მათ სამართლებრივ შედეგებს. სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებულად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებათა კანონშესაბამისობა. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარუდგინოს გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფორმით. თუმცა აღნიშნული დოკუმენტის ელექტრონული ფორმით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საგადასახდო ორგანო ვალდებულია დოკუმენტი გაუგზავნოს ადრესატს წერილობითი ფორმით. თუკი ამ უკანასკნელი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ადრესატს სულ მცირე 2-ჯერ მაინც არ ჩაბარდება საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტის საჯაროდ გაცნობის შესახებ. საგულისხმოა, რომ კანონმდებელი არ აკონკრეტებს წერილობითი დოკუმენტის 2-ჯერ გაგზავნის შემთხვევაში თუ რომელ მისამართზე - იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართზე უნდა იქნეს გზავნილი გაგზავნილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული უნდა განიმარტოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებიდან გამომდინარე - გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი ადრესატს მის იურიდიულ მისამართზე არ ბარდება დოკუმენტი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე დაადგინოს გადამხდელის ალტერნატიული/ფაქტობრივი მისამართი და განახორციელოს დოკუმენტის გაგზავნა ასეთ მისამართზე. საკანონმდებლო ნორმა გულისხმობს გზავნილის არამარტო იურიდიულ მისამართზე, არამედ მის ფაქტობრივ მისამართზეც გაგზავნას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა ღონე უნდა იხმაროს რათა გადასახადის გადამხდელს ჩააბაროს დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ყოველმხრივი გამოკვლევა გულისხმობს, ასევე, საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადამხდელის ყველა საკონტაქტო, მათ შორის სატელეფონო ინფორმაციის გამოყენებასაც, რათა მიღწეულ იქნეს მიზანი - დოკუმენტის უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარება, საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადასახადის გადამხდელის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართებზე გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს დოკუმენტის საჯარო ფორმით ჩაბარების წესს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „-------------იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ------------------ საგადასახადო ორგანომ სწორედ აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა ორჯერ საადავო საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა იგი ვერ ჩაბარდა ადრესატს.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას რომ გზავნილის გაგზავნა მოსარჩელის იურიდიულ მისამართზე განხორციელდა 2015 წლის ივნისის და ივლისის თვეში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ კი მოსარჩელის 2015 წლის 1 აპრილის განცხადებით (ტომი 1, ს.ფ. 89) დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს აცნობა მისი ფაქტობრივი მისამართი ----------, ამასთან მიუთითა კომპანიის დირექტორის ტელეფონის ნომერი. ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცნობილი იყო გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მისამართიც, თუმცა არ განახორციელა აღნიშნულ მისამართზე გზავნილის გაგზავნა, იგი გაიგზავნა მხოლოდ იურიდიულ მისამართზე, სადაც კომპანიას ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, შეტყობინებას ვერ ჩაიბარებდა. ამასთან, საგადასახადო ორგანომ არც სატელეფონო კომუნიკაციის გზით სცადა გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ პირობებში საჯარო შეტყობინების გამოყენება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებივ საფუძველს. საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გამოეცა 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება შპს „-----------------„ მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N47258 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება გამოიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველად.

 

6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

6.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაუქმდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე.

 

აპელანტი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის შინაარსსა და საქალაქო სასამართლოს განმარტებებზე, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსადმი მისამართის ცნობის ფაქტზე და აღნიშნავს რომ მოცემულ შემთხვევაში ცნობა და შეტყობინება არ განხორციელდა, უბრალოდ წარდგენილ დოკუმენტზე გაკეთებული მისამართით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობა, რაც თავისი არსით მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ მისი მისამართი შეიცვალა და არა წერილის თავსართში გაკეთებულ ცვლილებას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმად სასამრთლო ვალდებულია სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმის ირგვლის არსებული მასალები და მხოლოდ მათი შეჯერების შედეგად მივიდეს გადაწყვეტილებამდე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად დააკისრა საგადასახადო ორგანოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და

სამართლებრივი საფუძვლები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლისა და 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსზე და განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ დარღვეულია გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში

დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:

 

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, საგადასახდო ორგანოთა ვალდებულებას წარმოადგენს გადასახდის გადამხდელთა უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. ამასთან, ისინი ვალდებულნი არიან გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მითითებას საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მხარეს ანიჭებს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხი. ვინაიდან, სწორედ სადავო აქტის ჩაბარებაზეა დამოკიდებული პირის პროცესუალური თუ მატერიალური უფლებების რეალიზაციის ბედი. გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტის დასადგენად, მნიშვნელოვანია ამ ვადის ათვლის, ვადის დინების დაწყების, აქტის ძალაში შესვლის მომენტის ზუსტი განსაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, რომელიც სამართლებრივად არეგულირებს საგადასახდო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის მიმოწერას, განსაზღვრავს დოკუმენტის ფორმებსა და კონკრეტულ ქმედებათა სამართლებრივ შედეგებს, მოცემული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო (44.3 მუხლი) პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი (44.4 მუხლი). ამავე მუხლის მე-7 ნაწილი განსაზღვრავს წერილობითი დოკუმენტის გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობებს. კერძოდ, ჩაბარებულად ითვლება დოკუმენტი თუ იგი ჩაბარდა: ა) უფლებამოსილ პირს: ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; ბ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს. რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. მე-10 ნაწილი კი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2- ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა: ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი რეგულაციები დეტალურად აღწერს როგორც საგადასახადო ორგანოს მიერ, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მიზნებისათვის განსახორციელებელ ქმედებებსა და მათ სამართლებრივ შედეგებს. გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებულად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებათა კანონშესაბამისობა. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარუდგინოს გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფორმით. თუმცა აღნიშნული დოკუმენტის ელექტრონული ფორმით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დოკუმენტი გაუგზავნოს ადრესატს წერილობითი ფორმით. თუკი ამ უკანასკნელი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ადრესატს სულ მცირე 2-ჯერ მაინც არ ჩაბარდება საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტის საჯაროდ გაცნობის შესახებ. საგულისხმოა, რომ კანონმდებელი არ აკონკრეტებს წერილობითი დოკუმენტის 2-ჯერ გაგზავნის შემთხვევაში თუ რომელ მისამართზე - იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართზე უნდა იქნეს გზავნილი გაგზავნილი. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული უნდა განიმარტოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებიდან გამომდინარე - გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი ადრესატს მის იურიდიულ მისამართზე არ ბარდება დოკუმენტი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე დაადგინოს გადამხდელის ალტერნატიული/ფაქტობრივი მისამართი და განახორციელოს დოკუმენტის გაგზავნა ასეთ მისამართზე. საკანონმდებლო ნორმა გულისხმობს გზავნილის არა მარტო იურიდიულ მისამართზე არამედ მის ფაქტობრივ მისამართზეც გაგზავნას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა გადასახადის გადამხდელს ჩააბაროს დოკუმენტი რომელიც წარმოშობს კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ყოველმხრივი გამოკვლევა გულისხმობს ასევე, საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადამხდელის ყველა საკონტაქტო, მათ შორის სატელეფონო ინფორმაციის გამოყენებასაც, რათა მიღწეულ იქნეს მიზანი - დოკუმენტის უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარება საგადასახადო ორგანოსთვის ცნობილი გადასახადის გადამხდელის იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართებზე გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში საგადასახდო ორგანო უფლებამოსილია მიმართოს დოკუმენტის საჯარო ფორმით ჩაბარების წესს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები). ამდენად, საგადასახაო ორგანომ საჯარო შეტყობინების გამოყენებისას უნდა დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები და მხოლოდ ყველა მცდელობის შედეგად, წერილობითი თუ ელექტრონული ფორმით, ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევში გამოიყენოს საჯარო შეტყობინება. საგადასახადო ორგანოს ეკისრება ვალდებულება დაადასტუროს, რომ მან გამოიკვლია და დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულზე დაყრდნობით განახორციელა ოფიციალური დოკუმენტის გაგზავნა გადამხდელისთვის, თუმცა ვერ განხორციელდა გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ შპს „-------------“ იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ------ საგადასახადო ორგანომ სწორედ აღნიშნულ მისამართზე გააგზავნა ორჯერ საადავო საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა იგი ვერ ჩაბარდა ადრესატს.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილი მოსარჩელის იურიდიულ მისამართზე განხორციელდა 2015 წლის ივნისის და ივლისის თვეში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ კი მოსარჩელის 2015 წლის 1 აპრილის განცხადებით (ს.ფ. 89) დადასტურდა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს აცნობა თავისი ფაქტობრივი მისამართი ----------, ამასთან, მიუთითა კომპანიის დირექტორის ტელეფონის წომერი. ამრიგად, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცნობილი იყო გადასახადის გადამხდელის ფაქტობრივი მისამართიც, თუმცა არ განახორციელა აღნიშნულ მისამართზე გზავნილის გაგზავნა, იგი გაიგზავნა მხოლოდ იურიდიულ მისამართზე, სადაც კომპანია ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად შეტყობინებას ვერ ჩაიბარებდა. ამასთან, საგადასახადო ორგანომ არც სატელეფონო კომუნიკაციის გზით სცადა გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ პირობებში საჯარო შეტყობინების გამოყენება მოკლებული იყო ფაქტობრივ და სამართლებივ საფუძველს. საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გამოეცა 2015 წლის 30 ივლისის N28090 ბრძანება შპს „------------„ მიმართ ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, საგადასახადო ორგანოს დავის განხილვის ეტაპზე არ გამოუკვლევია, არ დაუდგენია სადავო აქტის უფლებამოსილ პირზე ჩაბარების საკითხი და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას ბაჟის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამრთლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჟის განაწილების საკითხიც კანონშესაბამისად გადაწყვიტა.

 

სააპელაციო სასამართლო, მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

9. პროცესის ხარჯები:

9.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები: შოთა გეწაძე

მირანდა ერემაძე

გიორგი გოგიაშვილი