გადაწყვეტილება №19620/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19620/2/2023
10 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19620/2/2023).
დავის საგანი:
1. მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის მოთხოვნის გამოცემის მართლზომიერება;
2. ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8523 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა 12.06.2020 წლის №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, რაც 10.07.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, ვალის მართვის დეპარტამენტის 24.02.2022 წელს №21-17/16875 გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18183 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში
საბჭოს 1.12.2022 წლის №17469/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
მომჩივანმა 6.04.2023 წელს კვლავ წარადგინა შემოსავლების სამსახურში საჩივარი 12.06.2020 წლის №011/07/2020 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და ითხოვა ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლება.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 ბრძანებით №8523 არ დაკმაყოფილდა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანება და 19.04.2023 წლის №8523 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები
1. მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის მოთხოვნის გამოცემის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა 12.06.2020 წლის №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, რაც 10.07.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადგინდებოდა, რომ საქონელი დაბრუნებულია მომწოდებლისთვის და შესაბამისად შპს „-------“ (ს/ნ -------) შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ დავალიანება არ გააჩნია, უზრუნველეყო მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ №011/7/2020 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი დავის საგნის ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №45663-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან დგინდება, შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად გაეცნო 4.08.2020 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 24.08.2020 წელი. ხოლო, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 8.05.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტს/მტკიცებულება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დავის საგნის ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
2. ახლად აღმოჩენილი (გამოვლენილი) გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლება
ფაქტების აღწერა
6.03.2023 წელს, ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნით, მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 308-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ 23.02.2023 წლის წარდგენილი ქონების ნუსხა (ID: -------) ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებად. შესაბამისად, დავის განახლების თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ შპს ------- არ იყო ინფორმირებული შპს ------- მიერ შემოსავლების სამსახურისთვის ქონების ნუსხის აღწერის განცხადების არ გაგზავნის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული განცხადება იგზავნება შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (www.eservices.rs.ge), რომელიც მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, მათ შორის არც შპს ------- წარმომადგენლებისთვის, გადაწყვეტილება 17469/2/2022 მიღების შემდეგ შპს ------- წარმომადგენელი დაკავშირებია შპს ------- წარმომადგენელს, რის შემდეგაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ 23.02.2023 წელს გაგზავნა განცხადება (ID: -------, შტრიხკოდი: -------) ქონების ნუსხის აღწერის შესახებ, სადაც მითითებულია ღვინომასალა ხვანჭკარა 2018 წლის მოსავალი 6500 ლიტრის ოდენობით, ღირებულებით 104 000 ლარი. დამატებით შემოსავლების სამსახურმა გამოსცა აქტი 2020/021- 163/1 (თარიღი: 02.05.2023) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რითაც ნამდვილად დასტურდება რომ შპს ------- მიერ შპს -------დაბრუნებული ღვინო ხვანჭკარა ნამდვილად ინახებოდა შპს ------- მისამართზე.
ვინაიდან, შპს ------- საჩივრის (შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 24.02.2022 წლის №21-17/16875 გადაწყვეტილებაზე) არ დაკმაყოფილების მიზეზად დასახელდა ყადაღის ღონისძიების ფარგლებში სამმართველოს ოფიცრების მიერ დაბრუნებული საქონლის ვერ მოძიება, მაგრამ მოგვიანებით შემოსავლების სამსახურის ქონების ყადაღის ღონისძიების ფარგლებში ნამდვილად დადასტურდა საქონლის მოძიების ფაქტი (აქტი 2020/021-163/1 ).
ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8523 ბრძანება და ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.06.2020 წლის საგადასახადო მოთხოვნა №011/7/2020 მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის მოთხოვნის შესახებ და №22565 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი დავის საგნის ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილების თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8523 ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 4.08.2020 წლის №22565 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის მოთხოვნის გამოცემის მართლზომიერებასდა ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საგადასახადო დავის განახლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებაზე, რაც გასაჩივრდა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
მომჩივანმა კვლავ წარადგინა შემოსავლების სამსახურში საჩივარი და ითხოვა ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლება. შემოსავლების სამსახურში არ დაკმაყოფილდა აღნიშნული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ბრძანებას 4.08.2020 წ. ხოლო, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 8.05.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტს/მტკიცებულება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით. საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი დავის საგნის ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(9); 240; 299(7;10); 301(ე); 302(6); 304(1გ;დ.); 305(1); 308(1).