გადაწყვეტილება №24541/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24541/2/2024
11 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 27.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24541/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის №006-454 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 დეკემბრის №26144 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 490 544,48 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 303 219
დღგ - 105 569
მოგების გადასახადი - 16 278
საშემოსავლო გადასახადი - 181 372
ჯარიმა - 151 619
საურავი - 35 706,48
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 2 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 23 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ოქტომბრის №22403 ბრძანება და №006-454 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 490 544,48 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 19 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 დეკემბრის №26144 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწარმო საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით, ადგილობრივი შეძენა არ უფიქსირდება. ასევე, არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, საწარმოს მიერ შეძენილი საქონელი ჩაითვალა სრულად რეალიზებულად (გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიას სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გააჩნია). შეძენის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი (50-60%). შესაბამისად, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, ვინაიდან საწარმოს დებიტორ-კრედიტორების მიმართ მოთხოვნები და ვალდებულებები არ გააჩნია, ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, მე-12, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შესყიდული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშების მიზნებისთვის შემოწმება დაეყრდნო სრულად საინვოისო ღირებულებებს და თვითღირებულება არ არის განსაზღვრული ექსპერტიზის აქტებში დაფიქსირებული ღირებულებით, რაც აღემატება რეალურ საინვოისო ღირებულებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართის სახით წარდგენილ ინვოისებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას საინვოისო ღირებულება ხარჯებში სრულად არის გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საქონლის შეძენის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს გაწერილი აქვს ზედნადებები, სადაც ფიქსირდება ფასი და თანხა. ასევე, თუ გავითვალისწინებთ არაპირდპირ დარიცხვას, მაშინ საგადასახადო ორგანომ უნდა წარუდგინოს რა პრინციპით მოახდინა სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ადგილი არ აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას - აღნიშნული შემთხვევა არ ფიქსირდება არც საბუღალტრო მონაცემებით და არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით. პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისთვის ან/და პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს - ესეთი ფაქტი არ ფიქსირდება არანაირი წყაროდან. შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევა, რაც შეიძლება ინახოს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ გვერდზე. არ არის გამოვლენილი არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის - შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები. გამომდინარე აღნიშნულიდან, არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან, აქტში ნახსენები უარყოფითი ფასნამატი გამოწვეულია სარეალიზაციო პროდუქციის თავისებურებებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია მოდასთან და თუ ერთი სახის ხალათი, კაბა თუ ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი დღეს მოდაშია და აქვს მაღალი ღირებულაბა, ხვალ შეიძლება აღნიშნული საქონელი გამოვიდეს მოდიდან და მისი ნიშა უფრო სხვა, მოდურმა ნაკეთობამ დაიკავოს. შესაბამისად, ამ საქონლის ფასი რამოდენიმეჯერ დაეცემა. სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის უარყოფითი ფასნამატი, რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადაასახადის გადამხდელმა ფუნქციონირება. ასევე, შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის.
ასევე, პროდუქციის განბაჟების დროს საბაჟო დეკლარაციაში რეალური ინვოისის ფასთან შედარებით დეკლარაცია აფასებით არის და შემოწმების დროს კიდევ ხდება სარეალიზაციო ფასის არარეალური მეთოდით დარიცხვა და ყველაფერზე ერთი და იგივე პროცენტის დარიცხვა. ორგანიზაციას არ გააჩნია იჯარით აღებული ფართი, საიდანაც ის მოახდენდა აღნიშნული პროცენტით გაყიდვას. კომპანია კონტეინერიდან ყიდის საბითუმოდ, რის გამოც ფასნამატი ვერ იქნება შესაბამისი რევიზიის დარიცული პროცენტის. ასევე, შემოწმებამ ჩათვალა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რადგან რეალიზაცია არ აქვს ასახული საგადასახადო ორგანოს საიტზე, ზედნადებებით. ამას ვერ აწარმოებს, რადგან საწარმოს პროდუქცია არის დაბალფასიანი და ძირირთდად მათი მომხმარებლები - მყიდველები „ციგანკები“ არიან, მათზე კი ვერ ახერხებს ზედნადების ატვირთვას, რადგან არ აქვთ საბუთი და არ არიან არსად რეგისტრირებულები. არაპირდაპირი მეთოდით გადასხადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადასახადის გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე, ზედმეტად დარიცხული შემოსავალი, რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, არარელურია და ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისთვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ არის წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
- კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- მომჩივნის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
- საწარმო საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით, არ უფიქსირდება ადგილობრივი შეძენა;
- კომპანია არ ახორციელებს საქონლის დოკუმენტურ რეალიზაციას;
- ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ფულის ნაშთი.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 29.01.2025 წლის №4945-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შესყიდული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშების მიზნებისთვის, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო სრულად საინვოისო ღირებულებებს და თვითღირებულება არ არის განსაზღვრული ექსპერტიზის აქტების მიხედვით დაფიქსირებული ღირებულებით, რაც აღემატება რეალურ საინვოისო ღირებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მართებულია საქონლის შეძენის თვითღირებულებაზე, რომელიც განსაზღვრულია საინვოისო ღირებულებიდან, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება. ასევე, მართლზომიერია ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
კომპანია საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით ჩინეთიდან, ხოლო ადგილობრივი შეძენა არ უფიქსირდება. ასევე, არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია. იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილი გადასახადის გადამხდელს ანაზღაურებული აქვს საბანკო გადარიცხვის გზით. შემოწმებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ უცხოურ მომწოდებელზე გადარიცხული თანხის ოდენობა მეტია ამ მომწოდებლიდან შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე. აღნიშნული ფაქტი იკვეთება მხოლოდ ერთი ოპერაციის ფარგლებში, იდენტიფიცირებულ კონკრეტულ მომწოდებელთან, ხოლო შემდგომში საქონლის შესყიდვას აღნიშნული მომწოდებლიდან ადგილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით გადახდილი თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უფიქსირდება ერთ-ერთ უცხოურ მომწოდებელზე თანხის გადარიცხვა, რომელიც მეტია შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე, ხოლო შემდგომში საქონლის შესყიდვას აღნიშნული მომწოდებლიდან ადგილი არ აქვს, მიიჩნევს, რომ დამატებით გადახდილი თანხის არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- კომპანია საქონლის შესყიდვას ახორციელებს იმპორტის გზით ჩინეთიდან, ხოლო ადგილობრივი შეძენა არ უფიქსირდება;
- საწარმოს არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია;
- იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილი გადასახადის გადამხდელს ანაზღაურებული აქვს საბანკო გადარიცხვის გზით;
- ერთ-ერთ უცხოურ მომწოდებელზე გადარიცხული თანხის ოდენობა მეტია ამ მომწოდებლიდან შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე. აღნიშნული ფაქტი იკვეთება მხოლოდ ერთი ოპერაციის ფარგლებში, იდენტიფიცირებულ კონკრეტულ მომწოდებელთან, ხოლო შემდგომში საქონლის შესყიდვას აღნიშნული მომწოდებლიდან ადგილი არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დამატებით გადახდილი თანხა მართლზომიერად ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად.
შესაბამისად, მომჩივანს მართებულად დაერიცხა მოგების გადასახადი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად საწარმოს მიერ შეძენილი საქონელი დაექვემდებარა სრულად რეალიზაციას. შეძენის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი (50- 60%). შესაბამისად, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა კომპანიის ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ასევე დამატებით გადახდილი თანხა ჩაითვალა არარეზიდენტ საწარმოზე გაცემულ სესხად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა მოგების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 982.