N 427 - 08/10/2012 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №427
2012 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი:
,,მუხლი 711. დღგ-ისგან გათავისუფლება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
1. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების მიზნით, ინვესტორის მიერ, შემოსავლების სამსახურს წარედგინება განაცხადი, რომელსაც თან უნდა დაერთოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის თანხის გადახდას. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დღგ-ის თანხის დაბრუნების განმეორებით მოთხოვნისას შემოსავლების სამსახურისთვის ხელშეკრულების წარდგენა სავალდებულო არ არის.
2. საგადასახადო ორგანო განიხილავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ წარდგენილ განაცხადს და:
ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნებას;
ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 3 დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებს განაცხადის წარმდგენ პირს და განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად;
3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე ან შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ ვადაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით.
5. განაცხადის მიხედვით დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება განმცხადებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.".
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური