ბრძანება N 11290
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11290
22.05.2023
შპს „-------- - ის “ (ს/ნ „--------“ )
(ფაქტ. მის.:„--------“)
2023 წლის 26 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მაისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია„--------“-ის (ს/ნ „--------“) 2023 წლის 26 იანვრის №78562/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №006-604 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დასაკუთრებული ქონების და ძირითადი საშუალებების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვას და დაბეგვრას შესაბამისი გადასახადებით. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 16 მაისის №918 განკარგულების საფუძველზე შპს „--------“- ს გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - "------" და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. დღემდე კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მიერ 2021 წლის ნოემბრის თვეში არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების მიერ მითითებული აქტივების რეალიზაცია, შესაბამისად ყოვლად უსაფუძვლოა იმის დაშვება, რომ კომპანიის ლიკვიდაციის რეჟიმში ყოფნის გამო ნაშთად არსებული აქტივები განხილულ უნდა იქნას მიწოდებად. ასევე, დამატებით აღსანიშნავია, რომ კომპანიას 2023 წლის იანვარში აქვს რეალიზებული დასაკუთრებული ქონება, რაც არ ექცევა დღგ-ით დაბეგვრის არეალში, რადგან რეალიზაციის თანხა არ აჭარბებს 100 000 ლარს და კომპანიას არ უწევს სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვას. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 16 მაისის №918 განკარგულების საფუძველზე შპს „--------“ გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - "------" და დაიწყო მისი ლიკვიდაცია. დღემდე კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მიერ არ მომხდარა ხელფასის გაცემა, შესაბამისად ყოვლად უსაფუძვლოა იმის დაშვება, რომ ნაშთად არსებული ფულადი თანხები განხილულ იქნეს ხელფასის სახით განაცემად. შესაძლებელია კომპანიამ ნაშთად არსებული თანხები არ გასცეს ხელფასის სახით და გამოყენებულ იქნეს სხვა ხარჯების გასაწევად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი“ უშვებს შესაძლებლობას, რომ არ მოხდეს კომპანიის ლიკვიდაცია და მან ფუნქციონირება განაგრძოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსის გარეშე.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებით დარიცხულ საურავს. განმარტავს, რომ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების დღიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წყდება პროცენტებისა და სარგებლის დარიცხვა მიღებულ კრედიტებსა და სხვა ვალდებულებებზე და ამ თარიღისათვის დარიცხული გაუცემელი პროცენტები გაერთიანდება ძირითად ვალთან.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ივნისის №20979 და 2021 წლის 26 ნოემბრის №36640 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 24 ნოემბრის საანგარიშო პერიოდზე 2022 წლის 8 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32597 ბრძანება და ამავე თარიღის №006-604 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 42 744 ლარი, მათ შორის, გადასახადი 31 158 ლარი, ჯარიმა 4 066 ლარი, საურავი 7 520 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2021 წლის 24 ნოემბერი) კომპანიას უფიქსირდება სესხის სანაცვლოდ მიღებული „დასაკუთრებული ქონება“, რომლის საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 46 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ასევე, პერიოდის ბოლოს კომპანიას ერიცხება ძირითადი საშუალებები ღირებულებით 4 800 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). დასაკუთრებული ქონების თვითღირებულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებით შეადგენს 32 000 აშშ დოლარს.
შემოწმებით, ლიკვიდაციის მიზნებისთვის, აღნიშნული ქონება და ძირითადი საშუალებები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა აქტივის მიწოდებად საბაზრო/საბალანსო ღირებულებით. ვინაიდან დასაბეგრი ოპერაციის თანხა, დასაკუთრებული ქონების მიწოდება, აჭარბებს 100 000 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული თანხა დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ქონების თვითღირებულება გათვალისწინებულია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. ასევე, ძირითადი საშუალებების მიწოდებაც დაიბეგრა დღგ-ით და ჩართულია 2021 წლის ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ხოლო მოგების გადასახადში დამატებით დასარიცხი თანხები არ გამოვლენილა.
შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა და შემოსავლების სამსახურის გასს-ის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის 2019 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არასწორად აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი და იჯარა, 2019 წლის მაისის თვეში არ აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშებზე გააჩნია ფულადი ნაშთი 3 146 ლარის ოდენობით.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები. ასევე, სალიკვიდაციო პერიოდში, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი ნაშთი დაკვალიფიცირდა სახელფასე განაცემად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ პირველი მუხლის პირველი მე2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი (შემდგომში – წესი) გამოიყენება იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (შემდგომში – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) მიმართ, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) გაუუქმა რეგისტრაცია.
2. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომელიც იწყება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის მიღებისთანავე და რომლის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების/ქონების რეალიზაცია და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.
3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
4. რეგისტრაციის გაუქმებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე და თანდართულ დოკუმენტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 16 მაისის №918 განკარგულების საფუძველზე შპს „--------“-ს (ს/ნ „--------“) გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - 381109 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია. გადამხდელი დღემდე იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის იანვარში აქვს რეალიზებული დასაკუთრებული ქონება, რაც არ ექცევა დღგ-ით დაბეგვრის არეალში, რადგან რეალიზაციის თანხა არ აჭარბებს 100 000 ლარს და კომპანიას არ უწევს სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 2023 წლის იანვარში და მისი ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, უზრუნველყოს აღნიშნულის ქონების მიწოდებად განხილვის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2019 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არასწორად აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი და იჯარა, 2019 წლის მაისის თვეში არ აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბანკო ანგარიშებზე გააჩნია ფულადი ნაშთი 3 146 ლარის ოდენობით, რომელიც სალიკვიდაციო პერიოდში დაკვალიფიცირდა სახელფასე განაცემად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნით საურავი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო
სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, უზრუნველყოს აღნიშნულის ქონების მიწოდებად განხილვის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება დასაკუთრებული ქონების და ძირითადი საშუალებების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვას და დაბეგვრას შესაბამისი გადასახადებით.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების ნაშთის ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებით დარიცხულ საურავს.
4. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კომპანიას უფიქსირდება სესხის სანაცვლოდ მიღებული „დასაკუთრებული ქონება“. აღნიშნული ქონება და ძირითადი საშუალებები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა აქტივის მიწოდებად საბაზრო/საბალანსო ღირებულებით.
გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ხოლო მოგების გადასახადში დამატებით დასარიცხი თანხები არ გამოვლენილა.
ასევე,გადამხდეელს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არასწორად აქვს დეკლარირებული გაცემული ხელფასი და იჯარა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დასაკუთრებული ქონების და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მიწოდება განხორციელებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, უზრუნველყოს აღნიშნულის ქონების მიწოდებად განხილვის საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნით საურავი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3),121(4) ,159(1 "ა","ბ")145,100,101(1) ,154(1 "ა" ),275,269,270,272
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი“