ბრძანება N 7468
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7468
04 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) №87044/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნას. განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოცემული ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა გასაჩივრდა შესაბამის ვადაში, თუმცა ამის მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტმა მაინც გამოსცა შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმებას და განმარტავს, რომ მათთვის უცნობი იყო შპს „-------“ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების შესახებ. მიუთითებს, რომ კომპანიისათვის საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება იმ შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო თუ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმდებოდა, რაც არ მომხდარა.
3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33327 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია ეა------- საფუძველზე დღგ-ში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33589 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-749 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 415 239 ლარი, მათ შორის გადასახადი 215 083 ლარი, ჯარიმა 107 542 ლარი და საურავი 92 614 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობა) „-------“ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი ჰქონდა დღგ-ის თანხა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომლის შესაბამისი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ვინაიდან, ოპერაციების განხორციელების პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით საქმე N------- დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელების შესახებ. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა და ჩათვლიდან გაუქმდა 215 084 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 8 დეკემბერს მიმართა შუამდგომლობით უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნით.
შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 სექტემბრის N28991 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობა) „-------“ (ს/კ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 6 აგვისტოდან 2021 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. 2022 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 8 აპრილს გამოსცა N8903 ბრძანება და 2022 წლის 12 აპრილის N006-141 საგადასახადო მოთხოვნა. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 აპრილის N11353 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------" (ს/ნ: -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 30 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც გასაჩივრებული იქნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით (N16355/2/2022) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ საჩივარი და დადგენილი იქნა, რომ შპს „-------“ მიერ გაწერილი და უსფ (წ) „-------“ მიერ დღგ-ის ჩათვლაში გამოყენებული იყო ისეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------), რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და შესაბამისად უსფ (წ) „-------“ მიერ არ ექვემდებარებოდა ჩათვლას. აღნიშნულით დადგინდა, რომ უსფ (წ) „-------“ მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული თანხები საჭიროებდა კორექტირებას, რის გამოც საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით აუცილებელი იყო უსფ (წ) „-------“ საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნება დაერთო აუდიტის დეპარტამენტს, განეხორციელებინა უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ეა------- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით (საქმე №3ბ/3523-23) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33327 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
ამავე მუხლის 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი ჰქონდა დღგ-ის თანხა შპს „-------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული უძრავი ქონების მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებული იყო დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი დღგ.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ვინაიდან შპს „-------“ მიერ განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება, საგადასახადო კანონმდებლობით, გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. უსფ (წ) „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1. კომპანიის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნას.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმებას.
3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი ჰქონდა დღგ-ის თანხა, რომლის შესაბამისი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ვინაიდან, ოპერაციების განხორციელების პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანებით დაკმაყოფილდა აუდიტის დეპარტამენტის შუამდგომლობა ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელების შესახებ. ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა და ჩათვლიდან გაუქმდა 215 084 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს; გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-749 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 255(6); 269(7); 309(79); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი -173;