ბრძანება N 17082
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17082
19 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---)
2024 წლის 10 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 10 ივლისის №90650/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №006-316 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ პროდუქტის შენახვის ვადა მაქსიმუმ 48 საათია, რის გამოც შეთანხმებისამებრ ხორციელდებოდა ვადაგასული ან რამდენიმე საათიანი პროდუქციის უკან დაბრუნება. ტექნიკური პრობლემის გამო (ახალ პროგრამაზე გადასვლა) გაწერილი და უკან დაბრუნებული პროდუქციის დასახელებები მცირედით განსხვავდებოდა (მხოლოდ მცირე ნაწილზე), რის გამოც ვერ ხორციელდებოდა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. აღნიშნავს, რომ საწარმოს დაბეგრილი აქვს რეალიზებულ პროდუქციას მინუს უკან დაბრუნებული პროდუქცია, შემმოწმებელმა კი დაბეგრა აღნიშნული თანხა დღგ-ით კიდევ ერთხელ. მიუთითებს, რომ საწარმო ახორციელებდა აღნიშნული პროდუქციის ჩამოწერას, ხოლო გარკვეული ნაწილი საქველმოქმედოდ სახელმწიფო ორგანიზაციისთვის (დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო) უფასოდ ჰქონდა მიწოდებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 მაისის №12640 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--- ის“ (ს/ნ --- ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, 2023 წლის მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების 19 ივლისი 2024 N 17082 შედეგებზე 2024 წლის 14 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 19 ივნისის №14391 ბრძანება და 20 ივნისის №006–316 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 514 ლარი, მათ შორის გადასახადი 14 333 ლარი, ჯარიმა 6 577 ლარი და საურავი 2 604 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის წარმოება-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და 2023 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში უფიქსირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად 1 104 926 ლარის ოდენობით, რაც განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინა ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადების თანხები, რაზეც არ იყო გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებამ გაანგარიშებულ ბრუნვებში გაითვალისწინა გადამხდელის მიერ გამოწერილი და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, კერძოდ: ეა ----. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სრულად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღსანიშნავია, რომ შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინა ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადების თანხები, რომლებზეც არ იყო გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამავდროულად, შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გაითვალისწინა გადამხდელის მიერ გამოწერილი და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად 1 104 926 ლარის ოდენობით, რაც განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინა ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული პროდუქციის უკან დაბრუნებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადების თანხები, რაზეც არ იყო გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებამ გაანგარიშებულ ბრუნვებში გაითვალისწინა გადამხდელის მიერ გამოწერილი და დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 168.