გადაწყვეტილება №22335/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22335/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22335/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 21.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22335/2/2024).

 

დავის საგანი:

ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის) შესყიდვის ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №249-35 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2083 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 205 530 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 96 830

ჯარიმა - 48 415

საურავი - 60 285

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ----------) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, საჯარო რეესტრის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით საწარმოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებული აქვს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ---------- (ფართობი 11 389 კვ.მ) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საწარმოს დირექტორისგან, ----------, შეძენის ხელშეკრულება 399 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დღეისათვის საწარმოს ანაზღაურებული აქვს 1 252 415 ლარი. გადამხდელმა უარი განაცხადა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტის წარმოდგენაზე მისი შეძენის თარიღისათვის და შესაბამისად, აღნიშნული ქონების შეფასება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის თანახმადაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეადგენს 889 000 ლარს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის გათვალისწინებით დადგენილია ურთიერთდამოკიდებულ პირთა შორის გარიგების საბაზრო ფასზე ზეგავლენა. შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2023 წლის №32869 ბრძანება და №249-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2083 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-19 მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 და მე-11 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც პირდაპირაა გადმოტანილი ევროპის და ამერიკის, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკიდან მიუხედავად ამისა საქართველოში არანაირი საშუალება არ აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული შეფასება, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა და შეფასების ნაწილში არც დაობდ, ამავე დროს თავს დამნაშავედ არ თვლის. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ჩამოაყალიბა კანონის შესაბამისად.

თანახმა არის გადაიხადოს საბაზრო სხვაობაზე დარიცხული მოგების და დივიდენდის გადასახადი საგადასახადო კოდექსის 98-ე და 102-ე მუხლების თანახმად და არა, როგორც ხელფასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლი ერთმნიშვნელოვნად არეგულირებს დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობას 101-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს: ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. და ამავე მუხლის არცერთ ნაწილში არ წერია ყიდვა გაყიდვის გარიგებით მიღებული შემოსავალი.

აქვე დასადასტურებლად წარმოადგენს, რომ შიდა ხელშეკრულებაში თუ საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულებაში, გარიგებაში მონაწილე, მყიდველი არის შპს „----------“, წარმომადგენელი და მისი დირექტორის ---------- სახით, ხოლო გამყიდველი ----------, შესაძლებელია, როგორც დამფუძნებელი ან როგორც ფიზიკური პირი და არა შპს „----------“-ს დირექტორი ----------, როგორც ამას მიუთითებს საგადასახადო სამსახური, რომ შპს „----------“-მ, უძრავი ქონება შეიძინა თითქოს და მისი დირექტორისგან.

შემოსავლების სამსახური, მთელ თავის მოსაზრებაში აპელირებს მხოლოდ იმაზე, რომ ვერ წარადგინა შეფასების ალტერნატიული დასკვნა (რასაც უდავოდ ისედაც ვაღიარებთ) მაგრამ აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა, მის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო დოკუმენტაციას, რითაც ადასტურებს თანხის გაცემის ოდენობას და ვადებს, ამასთან შემოიფარგლა მხოლოდ მოსაზრებებით და ვერ მიუთითა კანონის, რომელიმე მუხლი, მის მიერ მოყვანილი საგადასახადო კოდექსის 79-80-81-ე მუხლების წინააღმდეგ, რომელთა თანახმად გადასახადი გადაიხდება შემოსავლის წყაროსთან შემოსავლის წარმოშობის მომენტში და არა წინასწარ. ამავე დროს საგადასახადო სამსახური თავადვე აღიარებს, რომ გაანგარიშება გაკეთებული აქვთ 1 276 321 ლარიდან, მაშინ როდესაც რეალურად საწარმოდან გაცემული თანხა, დღეის მდგომარეობით შეადგენს 1 252 415 ლარს. ამ თანხის გაცემა ხდებოდა განწილვადებით, კომპანიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მარტივი ლოგიკით კომპანიას რომ არ ჰქონოდა შესაძლებლობა და ეს თანხა არ ყოფილიყო გადახდილი, იბადება კითხვა, მაინც უნდა დაებეგრათ? საჯარო რეესტრის გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ არ იარსებებდა თანხის გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, ამ კონკრეტული მოცემულობის იგნორირება დაუშვებელი და არაკანონიერია.

და ბოლოს ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს:

1. დარიცხვა და შესაბამისად საგადასახადო მოთხოვნა მოხდეს კანონთან შესაბამისობაში;

2. არ დაარიცხოს ჯარიმა და საურავი, რადგან შეუძლებელია შეფასების ამ კრიტერიუმებით განსხვავებული შეფასება მივიღოთ საქართველოში არსებული შესაბამისი სხვა რომელიმე უწყებისაგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბრალს აღიარებს;

3. გააფორმოს შესაბამისი შეთანხმება 36 თვიანი გადანაწილებით, ხელახლა კანონის შესაბამისად, გაანგარიშებულ გადასახადზე, შესაბამისი ქონების უზრუნველყოფით. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდება ამ არსაიდან მოსული გადასახადის გადახდა, გახდეს გადახდისუუნარო, დაზარალდება არა მარტო ბიზნესისათვის თანამშრომლებით, დაზარალდება სახელმწიფოც, საფინანსო ინსტიტუტებიც, რაც არ მგონია სახელმწიფოს ინტერესებს წარმოადგენდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით ---------- (ფართობი 11 389 კვ.მ) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საწარმოს დირექტორისგან, ----------, შეძენის ხელშეკრულება 399 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დღეისათვის საწარმოს ანაზღაურებული აქვს 1 252 415 ლარი. გადამხდელმა უარი განაცხადა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტის წარმოდგენაზე მისი შეძენის თარიღისათვის და შესაბამისად, აღნიშნული ქონების შეფასება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის თანახმადაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეადგენს 889 000 ლარს. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, ქონების ღირებულება შეადგენს 399 000 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს, ხოლო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, შესაბამისად, გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს მითითება - 1 276 321 ლარის გარიგების ფასად (გადახდილად მიჩნევის) და საგადასახადო ვალდებულების განსასაზღვრად შემოწმებისას აღნიშნული თანხით ხელმძღვანელობის თაობაზე, თუმცა საბჭო ვერ გაიზიარებს საგადასახადო და დავის განმხილველი ორგანოების პოზიციას ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციისათვის დაბეგვრის პრინციპის განსაზღრის შესახებ, კერძოდ, აღნიშნული ოპერაციის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თაობაზე, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

მხარეთა არგუმენტების, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2083 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №249-35 საგადასახადო მოთხოვნა;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის) შესყიდვის ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2020 წლის 2 ოქტომბერს რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართობი 11 389 კვ.მ) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების საწარმოს დირექტორისგან, შეძენის ხელშეკრულება 399 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, რაც ეწინააღმდეგება საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დღეისათვის საწარმოს ანაზღაურებული აქვს 1 252 415 ლარი. გადამხდელმა უარი განაცხადა შეძენილი ქონების საბაზო ღირებულების შეფასების დოკუმენტის წარმოდგენაზე მისი შეძენის თარიღისათვის და შესაბამისად, აღნიშნული ქონების შეფასება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის თანახმადაც საწარმოს მიერ მისი დირექტორისაგან შეძენილი ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეძენის თარიღისათვის შეადგენს 889 000 ლარს. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ გადახდილ თანხებსა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასებს შორის დადებითი თანხობრივი სხვაობა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, ქონების ღირებულება შეადგენს 399 000 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იმჟამინდელი კურსით შეადგენს 1 276 321 ლარს, ხოლო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად, შესაბამისად, გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს მითითება - 1 276 321 ლარის გარიგების ფასად (გადახდილად მიჩნევის) და საგადასახადო ვალდებულების განსასაზღვრად შემოწმებისას აღნიშნული თანხით ხელმძღვანელობის თაობაზე, თუმცა საბჭო ვერ გაიზიარებს საგადასახადო და დავის განმხილველი ორგანოების პოზიციას ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციისათვის დაბეგვრის პრინციპის განსაზღრის შესახებ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981; 101(1); 154(1„ა“); 275.