ბრძანება N 4308
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4308
07.03.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ----------)
2022 წლის 10 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) №73560/1/2022 და №73584/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №043-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. მიუთითებს, რომ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან არსებობს სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი, საიდანაც დგინდება დაბეგვრის ობიექტი. ასევე, აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ ბენზინის ტიპის საწვავზე, ხოლო დიზელის ტიპის საწვავის დოკუმენტურად (სპეც. ანგარიშ-ფაქტურები) დადასტურებული ფასები საწვავის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირებულ ფასებს შეესაბამება (არაარსებითი სხვაობა), რის გამოც დიზელის რეალიზაციაზე არაპირდაპირი მეთოდი არაა გამოყენებული. მიუთითებს, რომ სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირებული ფასები შეესაბამება ფაქტობრივად რეალიზებულ ფასებს. ბენზინის შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდით გავრცელებულია სხვა მსგავსი არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურის აუდირებული ფასნამატი 5%-ის ოდენობით. უცნობია აუდირებული ფასნამატი რა პრინციპით არის გაანგარიშებული, დოკუმენტურით თუ არაპირდაპირი მეთოდით, ასევე გათვალისწინებულია თუ არა ტერიტორიული პრინციპი. შესაბამისად, ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხების კორექტირებას. აგრეთვე, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ითხოვს ფასნამატის განსაზღვრას მის მიერ დიზელის საწვავზე დაფიქსირებული დოკუმენტურად (სპეც. ანგარიშ-ფაქტურები) დადასტურებული ფასნამატით და დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილი აღურიცხველი საქონლისთვის დაკისრებული სანქციას. აცხადებს, რომ ავტოგასამართი სადგური 2017 წელს იყო იჯარით გაცემული, ხოლო ობიექტის დაბრუნებისას ავზში საწვავის ნაშთი იყო დარჩენილი. ვინაიდან შეუძლებელია ავზების სრულად დაცლა, ზემოაღნიშნული საწვავი ისევ არის ავზებში.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული 2021 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთების და 2019 წელს შეძენილი სმფ-ების ღირებულებების შემოწმების მიერ კორექტირების საფუძველზე ერთობლივი შემოსავლის გაზრდას. ითხოვს საკითხის მისი მონაწილეობით დამატებით შესწავლას.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №10070 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 18 ივლისის №19064 ბრძანება და ამავე თარიღის №043-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 804 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 798 ლარი, ჯარიმა 8 911 ლარი, საურავი 4 095 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. ი/მ "----------" საქმიანობის სახეს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების შეძენა/რეალიზაცია, გადამხდელი საქმიანობას ეწევა საკუთარ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ----------. რეგისტრირებული აქვს სამი სტაციონალური ობიექტი. 2019 წლიდან დღემდე იყენებს, მხოლოდ ორ სტაციონალურ ობიექტს. გაყიდვებს ახორციელებს საცალოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს, საწვავის აღრიცხვისათვის იყენებს სპეციალურ საბუღალტრო დოკუმენტს მატერიალური ფორმის „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალს“. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმების დასაწყისისთვის 2022 წლის 5 მაისს გადამხდელთან ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების გამოყვანისას გამოვლინდა როგორც ბენზინის, ასევე დიზელის საწვავის ზედმეტობა. ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებული საწვავის საბაზრო ფასი მეტია იმავე დღეს ჟურნალში დაფიქსირებულ დღის საშუალო ფასებზე. გადამხდელის აღრიცხული საქონლის მოძრაობის მიხედვით 2021 და 2022 წლებში გვხვდება თვითღირებულებით და თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდული საწვავი. გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის აპრილის თვეში დაშვებული აქვს შეცდომა და გაყიდული ბენზინის სარეალიზაციო ფასი ჟურნალში ასახული აქვს გაყიდვისას არსებულ ფასზე ნაკლებად. ყოველივე აღნიშნულიდან ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალების შევსებისას დაშვებულია შეცდომები, შესაბამისად, წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად: 1) დიზელის საწვავის დოკუმენტურად დადასტურებული ფასი, შეუდარდა იმავე დღეს საცალოდ გაყიდული დიზელის საწვავის ფასს, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს სხვაობას, როგორც მეტობით ასევე ნაკლებობით, რაც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შემოსავლის ცვლილებაზე. შემოწმებით დიზელის საწვავის დეკლარირებული რეალიზაციის ცვლილება არ მომხდარა. 2) ი/მ "----------"-ს ბენზინის დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები არ უფიქსირდება, 2019-2021 წლებზე შემოწმებამ იხელმძღვანელა სხვა მსგავსი არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურის აუდირებული ფასნამატით. წლების მიხედვით, გადამხდელის დეკლარირებულ საშუალო ფასნამატთან აუდირებული ფასნამატის შედარებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წელში (დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 3%, აუდირებული 5%-ს), შესაბამისად გაიზარდა შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო 2022 წლის შესამოწმებელ პერიოდზე შემოწმებამ იხელმძღვანელა 2022 წლის 5 მაისს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასის მიხედვით განსაზღვრული დღის საშუალო ფასის შესაბამისად გაანგარიშებული ფასნამატით (9%) და გადამხდელის მიერ ჟურნალში ბენზინის ფასებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით. შედეგად, გაიზარდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამ პერიოდში (2022წ. 1-3 თვე) გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 6%- ს, ხოლო ინვენტარიზაციით დაფიქსირებული საბაზრო სარეალიზაციო ფასის შესაბამისად გაანგარიშებული 9%-ს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
2. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 4 მაისის №11342 ბრძანების საფუძველზე ი/მ "----------"-თან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის დაწყებამდე ი/მ "----------"-ს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. გადამხდელმა წერილობით განმარტა, რომ შემოსავლის და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში (გადამხდელს შიდა ინვენტარიზაცია არ ჰქონდა ჩატარებული). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად შევსებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ დანართი №16. ვინაიდან ი/მ "----------"-თან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, ინვენტარიზაციის სრულყოფილად დასრულების მიზნით, მასალები გადაგზავნილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად.
სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და ბუღალტრულად აღრიცხულ ნაშთებს შორის, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმა.
3. გადამხდელის მიერ არასწორად არის ასახული საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში 2021 წლის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთი, ასევე არასწორად არის ასახული 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, პირს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომელთა მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პირობებში, დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია უმნიშვნელოდ (როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 083 562 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 092 579 ლარს).
საქმეში არსებული მასალების, ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულები შეცვლილია (გაზრდილია) არაარსებითად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით გამოვლენილია აღურიცხველი ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავი, ამასთან, მომჩივანს წარმოდგენილ საჩივრებში არ აქვს მითითებული სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული სანქცია შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელის მიერ არასწორად არის ასახული საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში 2021 წლის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთი, ასევე არასწორად არის ასახული 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულება, რისი კორექტირების შედეგადაც გადამხდელს განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებით ნაშთის კორექტირება განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საწვავის აღრიცხვის ჟურნალებში დაფიქსირებული საწვავის რაოდენობრივი ნაშთების შესაბამისად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.