გადაწყვეტილება №25958/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25958/2/2025
26 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---- (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 3.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25958/2/2025).
დავის საგანი:
1. დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №007-143 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.09.2025 წლის №20219 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 565.43 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 45 700
ჯარიმა - 22 850
საურავი - 2 015.43
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო და დამხმარე მასალებით საბითუმო ვაჭრობა. საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, მცირე რაოდენობის საქონელი შეძენილია იმპორტის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2025 წლის №10520 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024-1.04.2025 წლების საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 3.07.2025 წლის №15018 ბრძანება და ამავე თარიღის №007-143 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №007- 24261 შეტყობინება გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.09.2025 წლის №20219 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2025 წლის №007-143 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებს საბითუმოდ და სრულად დოკუმენტურად. 1.04.2025 წლის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 316 734 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია შედარების აქტები. მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ საბუღალტრო პროგრამაში არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი არ არის რეალური. შემოწმების შედეგად არარეალური დებიტორული დავალიანების თანხა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ეკონომიკური საქმიანობის პროცესში საქონლის მიწოდება შემდგომი გადახდის პირობით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მეტად ხელშემწყობ გარემოებას გაყიდვების სტიმულირებისათვის. მყიდველებთან ხორციელდება ზეპირსიტყვიერი გარიგება გადახდის პირობების შესახებ. შესაძლო რისკების არცოდნის გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული პროცესის სწორი ანალიზი, რომ აღნიშნული საკითხი შესაძლოა ჩათვლილიყო სამართალდარღვევად. დებიტორული დავალიანების ამოღება წარმოადგენდა მომჩივნის ინტერესს, რადგან აღნიშნული მიწოდება დაბეგრილია საოპერაციო პერიოდის შესაბამისად და გადახდილია წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადები.
დარიცხული გადასახადი და შესაბამისად ჯარიმა დაფუძნებულია ანალიზისა და სიტუაციის შეფასების გარემოებებიდან და დებიტორული დავალიანების ფაქტიურად ამოღება არ განხორციელებულა. აქვს საბანკო ვალდებულება (მიკრო ბიზნეს სესხი) და დამატებით დარიცხული გადასახადი უარყოფითად აისახება საქმიანობის მიმდინარე პროცესებზე. საწარმო გახდება გადახდისუუნარო.
ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, მცირე რაოდენობის საქონელი შეძენილია იმპორტის გზით. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საბითუმოდ და სრულად დოკუმენტურად.
კომპანიას 1.04.2025 წლის მდგომარეობით უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 316 734 ლარის ოდენობით. გამოთხოვილ იქნა შედარების აქტები, რომლის წარმოდგენაც ვერ მოხერხდა. მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ საბუღალტრო პროგრამაში არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი არ არის რეალური. შემოწმების შედეგად არარეალური დებიტორული დავალიანების თანხა ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
მომჩივნის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობის პროცესში საქონლის მიწოდება შემდგომი გადახდის პირობით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მეტად ხელშემწყობ გარემოებას გაყიდვების სტიმულირებისათვის. მყიდველებთან ხორციელდება ზეპირსიტყვიერი გარიგება გადახდის პირობების შესახებ. შესაძლო რისკების არცოდნის გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული პროცესის სწორი ანალიზი, რომ აღნიშნული საკითხი შესაძლოა ჩათვლილიყო სამართალდარღვევად. დებიტორული დავალიანების ამოღება წარმოადგენდა მომჩივნის ინტერესს, რადგან აღნიშნული მიწოდება დაბეგრილია საოპერაციო პერიოდის შესაბამისად და გადახდილია წარმოშობილი საბიუჯეტო გადასახადები.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის საურავი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის კეთილსინდისიერი გადამხდელი. ყოველთვის დროულად, ვადაგადაცილების გარეშე იხდის წარმოშობილ საბიუჯეტო ვალდებულებებს. საქმიანობის პროცესში არის პირველი კამერალური საგადასახადო შემოწმება და ითხოვს, რომ გათვალისწინებული იქნას არცოდნით გამოწვეული გარემოებები.
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. მომჩივნის განმარტებით, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი. ყოველთვის დროულად, ვადაგადაცილების გარეშე იხდის წარმოშობილ საბიუჯეტო ვალდებულებებს. საქმიანობის პროცესში არის პირველი კამერალური საგადასახადო შემოწმება და ითხოვს, რომ გათვალისწინებული იქნას არცოდნით გამოწვეული გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №10520 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024-1.04.2025 წლების საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა №15018 ბრძანება და №007-143 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის №007- 24261 შეტყობინება გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20219 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც აუდიტის დეპარტამენტის №007-143 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანების თანხის მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“. 2 „ა“ და „ბ“); 269(7);