გადაწყვეტილება №19539/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19539/2/2023
15.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 27.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19539/2/2023).
დავის საგანი: უარი გრანტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 17.03.2023 №ID--- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8382 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
დღგ - 1 136.45 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა 9.03.2023 წელს წარადგინა №--- განცხადება სსიპ „აწარმოე საქართველოში“- სთან გაფორმებული გრანტის N---ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით.
გადამხდელის მიერ განცხადებით წარდგენილი იყო ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: №ეა--- და №ეა---- (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით. ამასთან, საბოლოო პროექტის ცვლილების თაობაზე შეთანხმების ფორმა ხელმოუწერელი იყო დონორი ორგანიზაციის მხრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №ID---გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ გრანტის №4--- ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარებოდა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აღნიშნული გადაწყვეტილება 23.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2023 წლის №8382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ ID:---განცხადებით წარდგენილი იყო ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ეა-7--- და ეა---- (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი). აღნიშნული ანგარიშფაქტურები წარმოდგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადის (3 თვიანი) დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წელს მიიღო აწარმოე საქართველოს გრანტი. ვინაიდან, არ არის დღგ-ის გადამხდელი, უნდა დაებრუნებინა გრანტის თანხის დღგ, რომელიც შეადგენდა 1 136.45 ლარს. ამისთვის მიმართა ბუღალტერს, რომელმაც არაერთხელ მოატყუა და უთხრა, რომ პროცესი დაწყებული ჰქონდა და ელოდებოდა პასუხს. იგი არწმუნებდა, რომ ყველა საბუთი გაგზავნილია და ყველაფერი წესრიგშია. რამდენიმე თვიანი უშედეგო ლოდინის შემდგომ, თავად გაერკვია ამ პროცედურებში და აღმოაჩინა, რომ არაფერი გაუგზავნია და ატყუებდა. ბოლო საუბრის შემდგომ, ატვირთა შესაბამისი მოთხოვნა, ა.წ. 4 მარტს, ისიც არასწორად. ამის მერე, მან პირადად გაგზავნა აღნიშნული მოთხოვნა 9.03.2023 წელს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკვე გასული იყო დღგ-ის დაბრუნების ვადები. აღმოჩნდა თაღლითი და არაკეთილსინდისიერი თანამშრომლის მსხვერპლი, რომელიც არწმუნებდა, რომ დღგ-ის მალე დაიბრუნებდა.
დღგ-ის დაბრუნების ვადების შესახებ, მას შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რაც ბუღალტერი თაღლითობაში და ტყუილში ამხილა. მოუწია, თავად გაერკვია ყველა დეტალი და გვიან აღმოაჩინა ვადაგადაცილება. მტკიცებულების სახით, აღნიშნულ განაცხადს თან ურთავს ბუღალტერთან მიმოწერას, რომელიც იწყება 26.09.2022 წელს და მთავრდება 4.03.2023 წელს, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა მის ტყუილში. ნათლად ჩანს, თუ რამდენჯერ და რა სიხშირით ახსენებს დღგ-ის დაბრუნების თემას და ამას გარდა, ჰქონდა არაერთი სატელეფონო და პირადი საუბარი აღნიშნულ საკითხზე. ყოველ ჯერზე პასუხი იყო იგივე, რომ არ ენერვიულა, რადგან ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა
ითხოვს ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნის ხელახლა განხილვას. არის მცირე მეწარმე, რომელმაც პირველი გრანტი აიღო და მისი დღგ-ის თანხა, პატარა ბიზნესისთვის, საკმაოდ დიდი შეღავათია. ყოველთვის დროულად და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ბიუჯეტში და ჰყავდა დასაქმებული თანამშრომელიც, ბუღალტრის სახით, რომელსაც უხდიდი ხელფასს და რომლის ტყუილის გამო აღმოჩნდა ამ მძიმე მდგომარეობაში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირადად მან, გრანტის გახარჯვისა და ფაქტურის მიღების დღიდან დაიწყო დღგ-ის დაბრუნებაზე ზრუნვა, საბუთები გაუგზავნა ბუღალტერს, რომელმაც არ შეასრულა თავისი მოვალეობა და მოატყუა, და რომ ეს იყო პირველი გამოცდილება, რომელიც აღარ განმეორდება, ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი თხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით:
2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
მომჩივანი არ უარყოფს დღგ-ის დაბრუნებაზე შესაბამისი დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენას და განმარტავს, რომ აღმოჩნდა თაღლითი და არაკეთილსინდისიერი თანამშრომლის მსხვერპლი, რომელიც არწმუნებდა, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი იყო. ითხოვს ხსენებული გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ არის მცირე მეწარმე, რომელმაც პირველი გრანტი აიღო და მისი დღგ-ის თანხა, პატარა ბიზნესისთვის, საკმაოდ დიდი შეღავათია და ყოველთვის დროულად და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ბიუჯეტში, მოხდეს დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნის ხელახლა განხილვა.
საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: №--- და №---. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: №---ოპერაციის განხორციელების პერიოდია - ოქტომბერი, 2022 წელი; გამოწერის თარიღი - 7.03.2023 წელი; დადასტურების თარიღი - 8.03.2023 წელი, სასაქონლო ზედნადების №--- თარიღი 17.10.2022 წელი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: №-- ოპერაციის განხორციელების პერიოდია - ოქტომბერი, 2022 წელი; გამოწერის თარიღი - 9.03.2023 წელი; დადასტურების თარიღი - 12.03.2023 წელი, სასაქონლო ზედნადების №--- თარიღი 17.10.2022 წელი.
ვინაიდან მომჩივნის მიერ 9.03.2023 წლის №ID---განცხადება სსიპ „აწარმოე საქართველოში“-სთან გაფორმებული გრანტის №--- ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი დღგ-ის თანხის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით წარდგენილია დაგვიანებით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: №--- და №--- (ოპერაციის განხორციელების პერიოდი - ოქტომბერი) წარდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული (3 თვიანი) ვადის დარღვევით), მომსახურების დეპარტამენტის მიერ მართებულად არ დაექვემდებარა --- გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უარი გრანტის ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 17.03.2023 წლის გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარებოდა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აღნიშნული გადაწყვეტილება 23.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2023 წლის №8382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მართებულად არ დაექვემდებარა გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ); 181 (2, 3).